გადაწყვეტილება №26522/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2026
№ დოკუმენტი 26522/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26522/2/2026

12 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 26.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26522/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით (ხარჯებში საქონლის საბაზრო ღირებულების 75%-ის, სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების და ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინება).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2025 წლის №068-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის №28940 ბრძანება

 

დარიცხული თანხა: 144 791,21 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 75 425,51

დღგ - 3 359,46

მოგების გადასახადი - 2 329,16

საშემოსავლო გადასახადი - 69 736,89

ჯარიმა - 37 078,80 საურავი - 32 286,90

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ბიტუმით ვაჭრობა. საწარმო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 7 სექტემბერს.

აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.05.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიას მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. საწარმოს საქონლის ნაწილი შეძენილი ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე, ხოლო საქონლის ნაწილის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდებოდა. კომპანია რეალიზაციას ახორციელებდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის რაიმე სახის ბუღალტრული ჩანაწერები არ წარუდგენია. 2025 წლის 4 ივნისს საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია. გაირკვა, რომ კომპანიას საკონტროლო-სალარო აპარატი არ გააჩნდა, არ აქვს ნაღდი ფულის ნაშთიც. გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საბანკო ამონაწერი. შემმოწმებელი ჯგუფის მიერ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება. საწარმო 2023 წლის იანვრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა.

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. ვინაიდან საწარმო 2023 წლის იანვრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს კუთვნილი სმფ-ის ნაშთი მიჩნეულ იქნა 0-ის (ნული) ტოლად. 2023 წლის იანვრის თვეში შეძენილი 6 160 კგ ბიტუმი, რომლის დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდებოდა, მიჩნეულ იქნა რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. ხოლო საქონლის იმ ნაწილზე, რომლის დოკუმენტური შეძენაც არ ფიქსირდებოდა, სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ხარჯში გათვალისწინებულია საბაზრო ღირებულების 75%. ასევე, სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები.

აღნიშნული გაანგარიშების შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2025 წლის №068-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის №28940 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა ყიდვა-გაყიდვა ნავთობ პროდუქტების ბიტუმის. საქონლის შეძენა რეალიზაცია ხდება სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით. შეძენა განხორციელებულია სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით და ასევე შესყიდვის აქტებით. დაქირავებული აქვს ასევე მანქანები საქონლის გადასაზიდად და მიწოდებისათვის.

კამერალური შემოწმების პერიოდში ყველა დოკუმენტი მიწოდებულ იქნა აუდიტორისათვის. 2025 წლის 7 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა საგადასახადო შემოწმების აქტი. ამ აქტს მომჩივანი გაეცნო 2025 წლის 8 ნოემბერს. აქტში გამოვლენილია და დარიცხულია შემდეგი გადასახადები ძირი გადასახადი დღგ- 3 359,46 ლარი. საშემოსავლო გადასახადი - 69 736,89 ლარი. მოგება -2 329,16 ლარი, ჯამში ძირი თანხის დარიცხვა 75425,51 ლარი. ჯარიმა 37 078,80 ლარი და საურავი 32 286,90 ლარი.

ნავთობ-პროდუქტების რეალიზაციის დროს საწარმოს გამოწერილი აქვს ელექტრონული სპეც. ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შეძენების ნაწილზე გაფორმებული აქვს გამარტივებული შესყიდვის აქტები, რომლის თანახმადაც საქონელი შეძენილია არარეზიდენტი ფიზიკური პირებისაგან, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ბიტუმის გადამზიდავი სატვირთო ავტომობილის მძღოლებს. შესყიდვის აქტებით დაფიქსირებული ბიტუმის ღირებულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობაზე. შემოწმების პერიოდში ვერ მოხერხდა ბიტუმის მიმწოდებელ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებთან რეალიზაციის ნამდვილობის გადამოწმება, ასევე ვერ დგინდება ბიტუმის წარმომავლობა და საქართველოს ტერიტორიაზე მისი დოკუმენტურად გადაზიდვის/მიწოდების ფაქტი.

 

ფაქტობრივი გარემოება:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ბრძანების 57- ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე NelII-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება დანართი NlII09 ფორმის ნავთობ-პროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მტკიცებულებების და ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით შემოწმებამ შეადგინა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რა დროსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №8 დანართის შესაბამისად დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად ჩაეთვალა შესყიდვის აქტებით დაფიქსირებული შეძენების 75%. შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთის დადებითი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შედეგად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275- ედა 291-ე მუხლების მიხედვით.

მომჩივანი არ ეთანხმება შეძენილი საქონლის ღირებულების 75% ხარჯად აღიარებას. ითხოვს რეალიზებული საქონლის სრულ თვით ღირებულების ხარჯად აღიარებას. ვინაიდან აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. სრულად თვით ღირებულების გამოქვითვა შეამცირებს დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. რაც დადებითად აისახება გადამხდელზე. მომჩივნის მიერ წარდგენილია აუდიტორზე საქონლის შეძენის ყველა დოკუმენტი.

დღგ-ის გადასახადში, მოგების გადასახადს, საშემოსავლოს ხელფასების და მომსახურეობის გადასახადში ეთანხმება და აღიარებს. ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და მიეცეს უფლება რეალიზებული საქონლის სრულად თვით ღირებულების გამოქვითვის საშუალება. რაც დადებითად აისახება და შეამცირებს დარიცხულ ძირ გადასახადს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საწარმოს საქონლის ნაწილი შეძენილი ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, ხოლო საქონლის ნაწილის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ რეალიზაცია ხორციელდებოდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის რაიმე სახის ბუღალტრული ჩანაწერები არ წარუდგენია. 2025 წლის 4 ივნისს საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლის თანახმადაც, კომპანიას საკონტროლო-სალარო აპარატი არ გააჩნდა, შესაბამისად, არ აქვს ნაღდი ფულის ნაშთი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საბანკო ამონაწერი. შემმოწმებელი ჯგუფის მიერ განხორციელდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება. საწარმო 2023 წლის იანვრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ვინაიდან შპს „-------“ 2023 წლის იანვრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს კუთვნილი სმფ-ის ნაშთი მიჩნეულ იქნა 0-ის (ნული) ტოლად. 2023 წლის იანვრის თვეში შეძენილი 6 160 კგ ბიტუმი, რომლის დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდებოდა, შემმოწმებელი ჯგუფის მიერ ჩაითვალა რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. საქონლის იმ ნაწილზე, რომლის დოკუმენტური შეძენაც არ ფიქსირდებოდა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით, ხარჯში გათვალისწინებული იქნა საბაზრო ღირებულების 75%. ასევე, ხარჯებში გაითვალისწინა სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით (ხარჯებში საქონლის საბაზრო ღირებულების 75%-ის, სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების და ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინება).

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქონლის ნაწილი შეძენილი ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, ხოლო საქონლის ნაწილის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდებოდა. კომპანიის მიერ რეალიზაცია ხორციელდებოდა ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის რაიმე სახის ბუღალტრული ჩანაწერები არ წარუდგენია. საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რომლის თანახმადაც, კომპანიას საკონტროლო-სალარო აპარატი არ გააჩნდა, შესაბამისად, არ აქვს ნაღდი ფულის ნაშთი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საბანკო ამონაწერი. შემმოწმებელი ჯგუფის მიერ განხორციელდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება. საწარმო 2023 წლის იანვრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ვინაიდან მომჩივანი 2023 წლის იანვრის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს კუთვნილი სმფ-ის ნაშთი მიჩნეულ იქნა 0-ის (ნული) ტოლად. 2023 წლის იანვრის თვეში შეძენილი ბიტუმი, რომლის დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდებოდა, შემმოწმებელი ჯგუფის მიერ ჩაითვალა რეალიზებულად დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. საქონლის იმ ნაწილზე, რომლის დოკუმენტური შეძენაც არ ფიქსირდებოდა, ხარჯში გათვალისწინებული იქნა საბაზრო ღირებულების 75%. ასევე, ხარჯებში გაითვალისწინა სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154;