გადაწყვეტილება №26020/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26020/2/2025
23 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------13.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26020/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №007-138 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21176 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 348 432,45 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 217 680,59
დღგ - 79 660,40
საშემოსავლო გადასახადი - 138 020,19
ჯარიმა - 108 840,20
საურავი - 21 911,66
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა იმპორტირებული პროდუქციის (ხილ-ბოსტანი) შეძენა ადგილობრივ ბაზარზე და რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №007-138 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21176 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტებები. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებით. ასევე, არ ახორციელებს საქონლის ჩამოწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კომპანიის მიერ ხორციელდება პროდუქციის ძირითადი ნაწილის დოკუმენტური რეალიზაცია შპს „------“. შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის (სახეობების მიხედვით) რაოდენობრივი ანალიზით გაირკვა, რომ შეძენილი პროდუქციის რაოდენობა 75 655 კგ-ით აღემატება დოკუმენტურ რეალიზაციებში ასახულ მაჩვენებელს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული სხვაობა წარმოადგენს შპს „-----“ მიერ დაწუნებულ პროდუქციის ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნულის რეალიზაცია განხორციელდა მსგავსი აუდირებული კომპანიის ფასნამატით (5,5%). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტი მოკლებულია დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.12.2020 წლის №ბს421(2კ-20) გადაწყვეტილებით განმარტებულია საგადასახადო ორგანოთა მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.2017 წლის №ბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, „იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
როდესაც საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ერთადერთ საფუძვლად უთითებს მხოლოდ საწარმოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პირობების დარღვევას, ამასთან, არ დგინდება რაში გამოიხატა კონკრეტულად ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, მითითებული არ ქმნის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს. “მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებელი თავადვე მიუთითებს, რომ კომპანია ახორციელებს სრულად დოკუმენტურ რეალიზაციას, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას არ უფიქსირდება საცალო რეალიზაციის ფაქტი, სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ზემოაღნიშნულთან ერთად მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ ------ და პროდუქციის მიწოდება ხდება ტრანსპორტირებით, შემსყიდველის ადგილზე. იმის გამო, რომ კომპანიის მიერ ხორციელდება მალფუჭებადი პროდუქციის რეალიზაცია და აღნიშნულის შემსყიდველის ადგილზე მიტანა, პროდუქციის ნაწილი ზიანდება, ხოლო დაზიანებულ პროდუქციას შემძენი იწუნებს და შემდგომ სარეალიზაციოდ უვარგისი პროდუქტია. კომპანიის მიერ მიმართულ იქნა შპს „------“ მის მიერ ხილ-ბოსტნეულის შესყიდვის პოლიტიკის განმარტების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაზეც მტკიცებულების სახით წარმოგიდგენთ შპს „-----“ ცნობას (დანართი №4). აღნიშნული ცნობის თანახმად, განმარტებულია შემდეგი : „ცნობა ეძლევა შპს ------“ (ს/ნ -----) მასზე, რომ ის ამარაგებს შპს „-----“ ხილ-ბოსტნეულით. შპს „-----“ მიერ მოწოდებული საქონელი, როგორც ნებისმიერი სხვა საქონელი, ქსელში მოხვედრამდე, გადის საფუძვლიან შემოწმებას საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს, ასევე ----- და ISO 22000:2018 სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. რაც გულისხმობს, რომ უსაფრთხო პროდუქტის პრინციპებიდან გამომდინარე, სარეალიზაციოდ არ დაიშვება ისეთი საქონელი, რომელსაც დაკარგული აქვს, კონკრეტული პროდუქტისათვის დამახასიათებელი სასაქონლო სახე, ვიზუალური დათვალიერებით დაზიანებული აქვს გარსი, ეტყობა დაჟეჟილობა, ხელით გასინჯვისას არის ზედმეტად რბილი, შეპარული აქვს ლპობა, არის სტანდარტულ ზომებთან შედარებით შეუსაბამოდ მცირე მოცულობის და ასევე, მრავალი სხვა კრიტერიუმის შესაბამისად არ შეესაბამება ზემოაღნიშნული კანონითა და სტანდარტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს. ხოლო პროდუქცია, რომელიც არ აკმაყოფილებს დახლებიდან პირდაპირი გზით რეალიზაციისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, მაგრამ ამავე დროს, არ არის დაზიანებული და ასევე არ არის ლპობის პროცესში, გამოიყენება ნედლეულად ჩვენს საკუთარ წარმოებაში, სხვადასხვა სახის ბოსტნეულის კერძების დასამზადებლად. აღსანიშნავია, რომ წუნდებული საქონლის 80-90% სრულიად უვარგისია, ნებისმიერი სახით, შემდგომი გამოყენებისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ის უვარგისია, როგორც პირდაპირი გზით რეალიზაციისთვის, ასევე, სხვადასხვა სახის კერძების დასამზადებლადაც. დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის საქონლის მიღებისას, ამა თუ იმ საქონლის თვისებებიდან გამომდინარე, რეალიზაციისთვის უვარგისი და დაწუნებული პროდუქციის რაოდენობა მერყეობს და საკმაოდ განსხვავებულია კონკრეტულ სახეობებთან მიმართებაში. 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდში, შპს „----“ მიერ შპს „------“ მოწოდებულია სულ 6 53,588 კგ ხილ-ბოსტნეული. აღსანიშნავია, რომ საქონლის მოწოდება ხორციელდებოდა მომწოდებლის ტრანსპორტირებით და აღნიშნულის გამო, ტრანსპორტირების შედეგად დაზიანებულ საქონელზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მომწოდებელს და შპს „-----“ იტოვებდა მხოლოდ ზემოთ მითითებული სტანდარტის შესაბამის საქონელს, რაც წარმოადგენდა მომწოდებლის მიერ ადგილზე მოტანილი პროდუქციის 88-90%. შეძენილი საქონლის რაოდენობა სრულად დასტურდება შპს „-----“ მიერ გამოწერილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი საქონელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო პროდუქტისა და ასევე, კომპანიის სარეალიზაციო სტანდარტებს, იდენტიფიცირდება, როგორც შემდგომი რეალიზაციისთვის/გამოყენებისთვის უვარგისი და რჩება მომწოდებლის განკარგულებაში მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.“
კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----“ მიწოდებულია ჯამში, 653,588 კგ ხილ-ბოსტნეული. შემოწმების მიერ კი, სადავოდ იქნა 75 655 კგ პროდუქციის არსებობა, რომელიც არაპირდაპირი მეთოდით მიჩნეულ იქნა ე.წ. საცალო რეალიზაციად. შემოწმების მიერ სადავოდ მიჩნეული ხილ-ბოსტნეულის ოდენობა შეადგენს მხოლოდ ----- მიწოდებული საქონლის რაოდენობის 11%-ს. იმის გათვალისწინებით რომ თავად საქმიანობის სპეციფიკა, კერძოდ ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია, რომელიც წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქტს, შეუძლებელია განხორციელდეს დანაკარგის გარეშე, მით უმეტეს იმ გარემოებებში, როდესაც კომპანია თავად ახორციელებდა აღნიშნული პროდუქციის შემსყიდველის ადგილზე მიტანას. შემოწმების მიერ სადავოდ გამხდარი საქონლის რაოდენობა წარმოადგენს არაარსებითს და აღნიშნულის ანალიზი უნდა განეხორციელებინა თავად შემოწმებას და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
შემოწმებამ სადავო გარემოებად მიუთითა მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის ოდენობა, თუმცა, ასევე მიუთითებს რომ გამოყენებულ იქნა ფასნამატი, კონკრეტულად რა საქონლის კატეგორია იქნა მიჩნეული არაპირდაპირი მეთოდით რეალიზებულად გაურკვეველია და შესყიდული და შემოწმებით რეალიზებულად განხილული საქონლის ღირებულება არსებითად ცდომილებით არის განსაზღვრული.
როგორც შპს „-----“-ს მიერ გაცემული ცნობიდან ჩანს, მიწოდებული პროდუქციის შემოწმებისას ისინი იღებენ პირველ რიგში რეალიზაციისათვის ვარგის საქონელს და, ასევე, ისეთ საქონელს, რომლის რეალიზაცია პირდაპირ დახლებიდან არ არის მიზანშეწონილი პირდაპირ დახლებიდან ზემოაღნიშნულ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია ნედლეულის სახით მათივე წარმოებაში, სხვადასხვა მზა კერძებისა და ნახევარფაბრიკატების დასამზადებლად. შესაბამისად, წუნდებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი არის სრულიად უიმედოდ დაზიანებული და ექვემდებარება დაუყოვნებლივ უტილიზაციას მისი მალფუჭებადობის გამო. შემოწმების არცერთ ეტაპზე, პატიოსნად, არ უარყოფდა მომჩივანი, იმ ფაქტს, რომ დანაკარგების მინიმიზაციის მიზნით დაწუნებული პროდუქციის მცირე ნაწილის რეალიზაცია ხდებოდა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად. რაც ორჯერ ან ხუთჯერაც ნაკლები იყო საბაზრო ფასებზე. და გამომდინარე აქედან, წუნდებულ პროდუქციის მთელ რაოდენობაზე სრული საბაზრო ფასის გამოყენება არის სრულიად არასამართლიანი და ყოვლად მიუღებელი. ხოლო ამგვარი არითმეტიკის შედეგად მიღებული დასაბეგრი ბაზა - სრულიად შოკისმომგვრელი.
შემოსავლების სამსახურისგან მიიღო შესთავაზა რომ მომჩივანს, მისი სახსრებით, მოეხდინა კომპეტენტური საექსპერტიზო დაწესებულების დახმარებით, საქონლის შეძენიდან მისი შპს „------“- სათვის სარეალიზაციოდ გადაცემამდე და ხარისხის შემოწმების სრული ვიდეოფიქსაცია. რომლის თაობაზე მიმართა ------ სახელობის საექსპერტიზო ბიუროს და მიიღო მათგან თანხმობა. ასევე, ამგვარ პროცედურაში მონაწილეობის შესახებ თანხმობა მიიღო შპს „-------“. თუმცა, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა მსგავსი მტკიცებულების მიღებაზე უარი განაცხადეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ----- მიერ დაწუნებული პროდუქცია რიგ შემთხვევებში რეალიზებულია დაბალი ფასით ან თვითღირებულებით ან სრულად უვარგისია და ნაგავსაყრელზეა დატოვებული. შემოწმებით გამოყენებული ფასნამატის გავრცელება რეალურ სურათს არ შეესაბამება.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ გააჩნია გაანგარიშებები საქონლის მოძრაობასთან დაკავშირებით. შემოწმების პროცესში განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის (სახეობების მიხედვით) რაოდენობრივი ანალიზი. შეძენილი პროდუქციის რაოდენობა 75 655 კგ-ით აღემატება დოკუმენტურ რეალიზაციებში ასახულ მაჩვენებელს. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული პროდუქცია წარმოადგენს შპს „-----“ მიერ დაწუნებულს. საგადასახადო შემოწმების შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და გავრცელდა მსგავსი აუდირებული კომპანიის ფასნამატი (5,5%). მომჩივნის არგუმენტი, რომ დაწუნებული პროდუქცია გადაყარა და შემდგომი რეალიზაციისთვის უვარგისი იყო არ დასტურდება შესაბამისი ჩამოწერის აქტებით. ამასთან, თუ დავუშვებთ რომ გადასახადის გადამხდელმა შესაბამისი პროცედურის დაცვის გარეშე გადაყარა დაწუნებული ხილ-ბოსტნეული, მაშინ დღგ-ის ჩათვლაც უნდა გაუქმდეს, რაც გამოიწვევს დამატებით საგადასახადო ვალდებულებებს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებული თანხების და გაწეული ხარჯების სალდირებული სხვაობის ანალიზის (ფულის მოძრაობა) შედეგად, დადებითმა სხვაობამ, განკარგვადმა თანხამ შეადგინა 552 080 ლარი (აგროსილი), რაც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არგუმენტები №2 სადავო საკითხთან დაკავშირებით ზუსტად იდენტურია. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოანგარიშებული საგადასახადო ბაზა, თანაც აგროსილი, სრულიად აცდენილია რეალობას და მოითხოვს გადაანგარიშებას ფაქტებისა და მტკიცებულების დეტალური შესწავლის გზით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებული თანხების და გაწეული ხარჯების სალდირებული სხვაობის ანალიზი (ფულის მოძრაობა). განკარგვადმა თანხამ შეადგინა 552 080 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შემოწმების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლებიმომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №007-138 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული აქვს გადასახადი - 217 680,59 ლარი, ჯარიმა 108 840,20 ლარი და საურავი - 21 911,66 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცი
სამწუხაროდ, საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმომადგენლებთან არასათანადო კომუნიკაციის გამო, გაიგზავნა დარიცხული გადასახადების გაუქმების მოთხოვნით. რაც არ იყო კორექტული მოთხოვნა, რამდენადაც, ადგილი ქონდა აღრიცხვის უქონლობას და სხვა გადაცდომებს, რომლებიც გამოწვეული იყო უცოდინრობით და სხვა რაიმე სახის განზრახვა არ ედო საფუძვლად. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოხდეს გადასახადების ობიექტური დათვლა და ისინი შესაბამისი განხორციელებულ ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბებთან და მოცულობასთან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
7. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა იმპორტირებული პროდუქციის (ხილ-ბოსტანი) შეძენა ადგილობრივ ბაზარზე და რეალიზაცია.
შემოწმების პროცესში განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის (სახეობების მიხედვით) რაოდენობრივი ანალიზი. შეძენილი პროდუქციის რაოდენობა 75 655 კგ-ით აღემატება დოკუმენტურ რეალიზაციებში ასახულ მაჩვენებელს. საგადასახადო შემოწმების შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და გავრცელდა მსგავსი აუდირებული კომპანიის ფასნამატი (5,5%).
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებული თანხების და გაწეული ხარჯების სალდირებული სხვაობის ანალიზის (ფულის მოძრაობა) შედეგად, დადებითმა სხვაობამ, განკარგვადმა თანხამ შეადგინა 552 080 ლარი (აგროსილი), რაც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1);154(1);275(22);