ბრძანება N 21006
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21006
24 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ -------------)
(მის.: -------------------------------)
2026 წლის 30 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) 2026 წლის 30 ივლისის №----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 ივლისის №249-24 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის დარღვევით. აცხადებს, რომ გააჩნია პირველადი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 17,43%-ს. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებით ჯგუფობრივი ფასნამატის კოეფიციენტები გამოყვანილია მხოლოდ იმ ცალკეული ერთეულებიდან, რომელთა ერთეულის თვითღირებულების ჯამი შეადგენს 647,04 ლარს, ხოლო ფასის ჯამი 869,92 ლარს. მიღებული 34,44%-იანი საშუალო ფასნამატი გავრცელებულია 3 223 545 ლარის თვითღირებულებისა და 61 713 ერთეულის მთელ ნაშთზე. საგადასახადო შემოწმების აქტში დასახელებულია 34% საშუალო ფასნამატი, თუმცა ფაქტობრივად გამოყენებული ფასნამატი შეადგენს 49,78%-ს. სხვაობა გამოწვეულია ყველაზე დიდი თვითღირებულების ჯგუფებზე მისადაგებული ყველაზე მაღალი კოეფიციენტით (ჭურჭელი - 71%, თეთრეული - 55%). საგადასახადო შემოწმების აქტში გამოყენებული 34,44%-იანი (ფაქტობრივად - 49,78%-იანი) კოეფიციენტი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მომჩივნის დოკუმენტაციას, არამედ თვით შემოწმების მასალებში არსებულ სრულ მონაცემებსაც, რომლებიც აუდიტორმა უგულებელყო 4 ერთეულის ნიმუშის სასარგებლოდ. გადამხდელი მიიჩნევს, რომ არსებული პირდაპირი დოკუმენტური მონაცემის (17,43%) იგნორირება და მისი ჩანაცვლება უფრო მაღალი შეფასებითი კოეფიციენტით დაუსაბუთებელია. ასევე აცხადებს, რომ შემოწმებით ერთი და იგივე რეალიზაცია დაიბეგრა ორჯერ (114 581 ლარი). აგრეთვე შემოწმებით განხორციელდა კონტეინერის დაბეგვრა, რომელიც არის ძირითადი საშუალება (21 419 ლარი). კონტეინერი არ არის სმფ და არ გაყიდულა. ასევე განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებით არის დაბეგრილი რპთ.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ დაქირავებით მუშაობისა და კონკრეტული სამუშაოს ანაზღაურების ფაქტი საგადასახადო შემოწმების აქტში დადგენილი არ არის. განმარტავს, რომ დოკუმენტური 17,43%-იანი ფასნამატით და ტექნიკურად სწორად გადაანგარიშების შემდეგ დასაბეგრი ბაზა აღარ რჩება.
3. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ერიცხება დამფუძნებლის მიერ შეტანილი 600 000 ლარის საწესდებო კაპიტალი. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლზე და განმარტავს, რომ პარტნიორზე განხორციელებული გადახდა მისი კაპიტალში შენატანის ოდენობის ფარგლებში დივიდენდად (მოგების განაწილებად) არ ითვლება და დაბეგვრას არ ექვემდებარება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №2449 და 29 ივნისის №14363 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2026 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 9 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 ივლისის №16177 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №249-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 319 990 ლარი, მათ შორის, გადასახადი 820 690 ლარი, ჯარიმა 410 344 ლარი და საურავი 88 956 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები და ბუღალტრული პროგრამა „FINA“-ს ასლი. პირთან 2026 წლის 9 თებერვალს განხორციელდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგად სმფ-ის ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 955 004 ლარით. საქონლის მიწოდებების, შესაბამისი საკომპენსაციო თანხებისა და საანგარიშო პერიოდების სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმებამ განახორციელა საწარმოს წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საქონლის შეძენა-რეალიზაციის აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების დამუშავება-ანალიზი. შედეგად დადგინდა, რომ ფაქტობრივად გამოვლენილი სმფ-ის ნაშთის მიხედვით საწარმოს რეალზიებული აქვს საქონელი, რომელიც არ არის ასახული ბუღალტრულ მონაცემებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, მუხლების გათვალისწინებით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ შეძენილი და ნაშთად არსებული საქონელი დაჯგუფებულ იქნა კატეგორიების მიხედვით, ფაქტობრივად არსებული საქონლის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებულ იქნა შესაბამისი საქონლის შეძენის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (საბაჟო ინვოისები), რის საფუძველზეც კატეგორიების მიხედვით დადგინდა ფასნამატები, რომლითაც ვაჭრობს გადამხდელი. აღნიშნული ფასნამატი გავრცელებული იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დეკლარირებული ბრუნვების პორპორციულად. შედაგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ის ბრუნვა და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მხიედვით.
2-3. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით განაცემები ჯამურად შეადგენს 6 000 ლარს. პირთან 2026 წლის 10 თებერვალს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 დეკემბრის N42109 ბრძანებით დამტკიცებული N9 მეთოდური მითითების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, საზოგადოების მიერ გაწეული ხარჯი (იმპორტირებული საქონლის ღირებულება, ბანკის საკომისიო, ხელფასები და სხვა) ჩაითვალა გადახდილად და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიღებულად, ასევე, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთად მიჩნეულ იქნა 0 ლარი, ზემოთ მითითებული გარემომების გათვალისწინებით, ფულის მოძრაობის შედეგად საანგარიშო პერიოდის ბოლოს გამოვლინდა ფულის ის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებად. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ ფაქტობრივად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის მიხედვით საწარმოს რეალზიებული აქვს საქონელი, რომელიც არ აქვს ასახული ბუღალტრულ მონაცემებში.აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შეძენილი და ნაშთად არსებული საქონელი დაჯგუფდა კატეგორიების მიხედვით, კატეგორიების მიხედვით დადგინდა ფასნამატები, რომლებიც გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვიღირებულებაზე დეკლარირებული ბრუნვის პორპორციულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმით/წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს გააჩნია პირველადი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 17,43%-ს. აღნიშნავს, რომ შემოწმებით ჯგუფობრივი ფასნამატის კოეფიციენტები გამოყვანილია მხოლოდ იმ ცალკეული ერთეულებიდან, რომელთა ერთეულის თვითღირებულების ჯამი შეადგენს 647,04 ლარს, ხოლო ფასის ჯამი 869,92 ლარს. მიღებული 34,44%-იანი საშუალო ფასნამატი გავრცელებულია 3 223 545 ლარის თვითღირებულებისა და 61 713 ერთეულის მთელ ნაშთზე. ასევე აცხადებს, რომ შემოწმებით ერთი და იგივე რეალიზაცია დაიბეგრა ორჯერ (114 581 ლარი). აგრეთვე, შემოწმებით განხორციელდა კონტეინერის დაბეგვრა, რომელიც არის ძირითადი საშუალება (21 419 ლარი) და არ გაყიდულა. ასევე შემოწმებით დამატებით დაბეგრილია რპთ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომლითაც გადამხდელი ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას დამფუძნებლის მიერ შეტანილი 600 000 ლარის საწესდებო კაპიტალის გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენილის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია საწესდებო კაპტილაში დამფუძნებლის შენატანი. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის დარღვევით. აცხადებს, რომ გააჩნია პირველადი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 17,43%-ს. ხოლო,საგადასახადო შემოწმების აქტში გამოყენებულია 34,44%-იანი (ფაქტობრივად - 49,78%-იანი) კოეფიციენტი. ასევე აცხადებს, რომ შემოწმებით ერთი და იგივე რეალიზაცია დაიბეგრა ორჯერ (114 581 ლარი). აგრეთვე შემოწმებით განხორციელდა კონტეინერის დაბეგვრა, რომელიც არის ძირითადი საშუალება (21 419 ლარი). კონტეინერი არ არის სმფ და არ გაყიდულა. ასევე განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებით არის დაბეგრილი რპთ.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელს მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ერიცხება დამფუძნებლის მიერ შეტანილი 600 000 ლარის საწესდებო კაპიტალი. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლზე და განმარტავს, რომ პარტნიორზე განხორციელებული გადახდა მისი კაპიტალში შენატანის ოდენობის ფარგლებში დივიდენდად (მოგების განაწილებად) არ ითვლება და დაბეგვრას არ ექვემდებარება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2449 და №14363 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2026 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 9 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №16177 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №249-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 319 990 ლარი, მათ შორის, გადასახადი 820 690 ლარი, ჯარიმა 410 344 ლარი და საურავი 88 956 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ :
1. პირთან განხორციელდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგად სმფ-ის ნაშთი საბაზრო ღირებულებით განისაზღვრა 955 004 ლარით. საქონლის მიწოდებების, შესაბამისი საკომპენსაციო თანხებისა და საანგარიშო პერიოდების სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმებამ განახორციელა საწარმოს წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საქონლის შეძენა-რეალიზაციის აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების დამუშავება-ანალიზი. შედეგად დადგინდა, რომ ფაქტობრივად გამოვლენილი სმფ-ის ნაშთის მიხედვით საწარმოს რეალზიებული აქვს საქონელი, რომელიც არ არის ასახული ბუღალტრულ მონაცემებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, მუხლების გათვალისწინებით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შედაგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს გაეზარდა დღგ-ის ბრუნვა და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მხიედვით.
2-3. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით განაცემები ჯამურად შეადგენს 6 000 ლარს. პირთან განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 დეკემბრის N42109 ბრძანებით დამტკიცებული N9 მეთოდური მითითების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, საზოგადოების მიერ გაწეული ხარჯი ჩაითვალა გადახდილად და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიღებულად, ასევე, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთად მიჩნეულ იქნა 0 ლარი, ზემოთ მითითებული გარემომების გათვალისწინებით, ფულის მოძრაობის შედეგად საანგარიშო პერიოდის ბოლოს გამოვლინდა ფულის ის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებად. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე და 154-ე მუხლების თანახმად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმით/წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ხოლო,მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენილის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია საწესდებო კაპტილაში დამფუძნებლის შენატანი. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1,,ა“.2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);