ბრძანება N 17043

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.07.2026
№ დოკუმენტი 17043
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17043

29 ივლისი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.: „-------“)

2026 წლის 24 და 30 ივნისის და 9 ივლისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 და 10 ივლისის სხდომებზე (ოქმი №58 და №61) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 24 ივნისის №103067/1/2026, 30 ივნისის №103184/1/2026, 9 ივლისის №103347/1/2026 და №103350/1/2026 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №007-124 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. მომჩივნის განმარტებით, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ბუღალტრული ბაზა (პროგრამა „ორისი“) დაფუძნების დღიდან წარმოებს უწყვეტად და იგი სრულად იქნა მიწოდებული შემოწმებისთვის. ამას გარდა, განმარტავს, რომ საწარმოს ბრუნვის 77% აღრიცხულია ელექტრონული ზედნადებებით, 23% - პირველადი საგადასახადო დოკუმენტით - ჩეკითა და საბანკო ამონაწერით, სააღრიცხვო დოკუმენტაცია ბუნებაში არსებობს, ის არის უტყუარი და მისი მეშვეობით დაბეგვრის ობიექტის დადგენა სრულად შესაძლებელია. მომჩივანი მიიჩნევს, ის გარემოება, რომ საცალო გაყიდვებისას მყიდველი ფიზიკური პირების იდენტიფიცირება ვერ ხდება, საცალო ვაჭრობისას არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. დამატებით, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ 2020 წელს საწარმოში ჩატარდა სრული საგადასახადო შემოწმება და წინა შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს ბუღალტრულ აღრიცხვასთან მიმართებით არანაირი კითხვა არ გასჩენია და არაპირდაპირი მეთოდი არ გამოუყენებია. დამატებით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ბანანი არის მალფუჭებადი პროდუქტი, რის გამოც, პირველი ხარისხის ბანანი (77%) მიეწოდება ქსელურ მარკეტებს მაღალ ფასად ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით და თუ მეორე ხარისხის პროდუქცია შეერია, შეიძლება უკან დაბრუნდეს საწარმოში, მეორე ხარისხის (გადამწიფებული/წუნდებული, მცირე შენახვის ვადის მქონე) ბანანი სასწრაფოდ რეალიზდება ბაზრობებზე ყუთებით, ხშირად თვითღირებულებით ან მასზე დაბალ ფასად, რათა თავიდან იქნეს აცილებული პროდუქტის სრული ლპობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საცალო რეალიზაციაზე ქსელური მარკეტების საშუალო მაღალი ფასის გავრცელებას და ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას.

ამას გარდა, მომჩივანი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დავების განმხილველი ორგანო მიიჩნევს, რომ ბრუნვის 23%-იან ნაწილში კანონმდებლობა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას დასაშვებად ხდიდა, მოითხოვს, შეიცვალოს მეთოდოლოგია - „საშუალო შეწონილი ფასის მექანიკური გავრცელება“ და ჩანაცვლდეს საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული, ყველაზე მსუბუქი მიდგომით, კერძოდ, ყოველ თვეს, ყოველ კალენდარულ დღეს, უნდა გამოვლინდეს ყველა დოკუმენტური ოპერაციიდან ბანანის ერთეულის ყველაზე დაბალი ფასი, მინიმალური ფასების საფუძველზე გაანგარიშდეს თვის საშუალო მინიმალური ფასი, საშუალო მინიმალური ფასი გავრცელდეს შესაბამის კალენდარულ თვეში 23%-იან რეალიზაციაზე და ეს მიდგომა უნდა გავრცელდეს სრული შესამოწმებელი პერიოდის ყველა თვეზე სათითაოდ.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და განმარტავს, რომ სადავო თანხა წარმოადგენს აუდიტორების მიერ თეორიული გაანგარიშების შედეგად მიღებულ „სხვაობას“ და რეალურად კომპანიის შემოსავალი სალაროში ნაღდი ფულის სახით არასდროს მიუღია, შესაბამისად მიიჩნევს, რომ დირექტორს ფიზიკურად ვერ ექნებოდა მიღებული აღნიშნული სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო პრაქტიკისა და პრეცედენტების მიხედვით, დავის ეტაპზე სერტიფიკატების წარდგენა არის გადასახადის სრულად გაუქმების უპირობო საფუძველი. შესაბამისად, ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას.

4. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 თებერვლის №4156 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 18 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 27 მაისის №11506 ბრძანება და ამავე თარიღის №007-124 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 063 184 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 808 954 ლარი, ჯარიმა 979 964 ლარი და საურავი 274 266 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს „-------“ (ს/ნ „-------“) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2016 წლის 16 დეკემბერს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით, ძირითადად ბანანით. საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით სხვადასხვა ქვეყნებიდან: ეკვადორი, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა და სხვა. დეკლარირებული ბრუნვის 22% წარმოადგენს რეექსპორტის ოპერაციებს, რომლის დროსაც მიწოდება ხდება ძირითადად სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში. აგრეთვე, რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე. დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 77%-ზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, ხოლო დანარჩენი ნაწილი რეალიზებულია საცალოდ. კომპანია საქმიანობას ახორციელებს 4 ობიექტზე: 1.„-------“; 2. „-------“; 3. „-------“; 4. „-------“. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ორისის“ საშუალებით, შემოწმებისთვის წარმოდგენილია მოთხოვნილი ინფორმაცია. როგორც შემოწმებით დგინდება, საცალო რეალიზაციის შემთხვევაში იკვეთება არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები - როდესაც პროდუქციის შეძენის და რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, ზომის ერთეულისა და მიწოდების თარიღის შესაბამისად, პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება ან/და ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. კერძოდ, ბუღალტრულად ყოველი თვის ბოლოს ხდება ერთი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ჩამოწერა რაოდენობრივად და თანხობრივად. როგორც გადასახადის გადამხდელი განმარტავს, სავაჭრო ობიექტებიდან ხდება ყოველი თვის ბოლოს სასაქონლო ნაშთების გადაცემა ბუღალტერიაში და აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად ჩამოიწერება რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა სამეურნეო ოპერაციების ნაწილის მიმართ. შემოწმებით რაოდენობრივად (ძირითადად ყუთების მიხედვით) გაანგარიშებული იქნა ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ოდენობა შემდეგნაირად: ბუღალტრულად ჩამოწერილ ადგილობრივად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობებს გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული რაოდენობა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწერილი (ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი) რაოდენობები (აღნიშნული ცხრილი დეტალურად გავლილია გადასახადის გადამხდელთან ერთად). გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან თითოეული სახეობის (სულ 15) მიხედვით გაანგარიშდა ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო სარეალიზაციო ფასი. ყოველი კალენდარული თვის მიხედვით ცალ-ცალკე სახეობაზე შესაბამისად გავრცელდა აღნიშნული ფასები და დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო თანხა.

შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 136-ე, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად დაერიცხა დღგ ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 შემოწმებით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, რეექსპორტის სასაქონლო რეჟიმის ბუღალტრულად აღრიცხულსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს შორის სხვაობის, აგრეთვე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დასადგენად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგსა და საბუღალტრო მონაცემს შორის სხვაობის მიხედვით, რომელსაც ბოლოს გამოაკლდა საბუღალტრო ანგარიშზე „ვალდებულება პარტნიორზე“ კრედიტში ნაშთად არსებული თანხა, ჩაითვალა დირექტორის „-------“(პ/ნ „-------“) მიერ მიღებულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 136-ე და 101-ე მუხლების თანახმად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 შპს „-------“ (ს/ნ„-------“) საქონლის იმპორტის, ასევე რეექსპორტის სასაქონლო რეჟიმით განხორციელებული ოპერაციების დროს იყენებს ტრანსპორტირების მომსახურებას, რომელიც ძირითადად მიღებული აქვს ადგილობრივი კომპანიებისგან, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში არარეზიდენტებისგან (ძირითადად თურქეთიდან). გადასახადის გადამხდელმა ერთი პირის გარდა ვერ წარმოადგინა/არ გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა.

შედეგად, საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის და 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად დაერიცხა გადასახადი და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა „ორისის“ საშუალებით, თუმცა საცალო რეალიზაციის შემთხვევაში იკვეთებოდა არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები - როდესაც პროდუქციის შეძენის და რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდებოდა ამავე პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, ზომის ერთეულისა და მიწოდების თარიღის შესაბამისად, პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება ან/და ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. კერძოდ, ბუღალტრულად ყოველი თვის ბოლოს ხდებოდა ერთი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ჩამოწერა რაოდენობრივად და თანხობრივად. შემოწმებით რაოდენობრივად გაანგარიშებული იქნა ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ოდენობა, ბუღალტრულად ჩამოწერილ ადგილობრივად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობებს გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული რაოდენობა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწერილი რაოდენობები. გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან თითოეული სახეობის (სულ 15) მიხედვით გაანგარიშდა ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო სარეალიზაციო ფასი. ყოველი კალენდარული თვის მიხედვით ცალ-ცალკე სახეობაზე შესაბამისად გავრცელდა აღნიშნული ფასები და დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო თანხა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, რეექსპორტის სასაქონლო რეჟიმის ბუღალტრულად აღრიცხულსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს შორის სხვაობის, აგრეთვე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დასადგენად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგსა და საბუღალტრო მონაცემს შორის სხვაობის მიხედვით, რომელსაც გამოაკლდა საბუღალტრო ანგარიშზე „ვალდებულება პარტნიორზე“ კრედიტში ნაშთად არსებული თანხა, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გაანგარიშებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომები. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გაანგარიშებაში არ ფიქსირდება ტექნიკური შეცდომები, ამასთან, საგადასახადო შემოწმების ეტაპზე, აღნიშნული საკითხი გავლილი იყო გადასახადის გადამხდელთან და მას რაიმე სახის პრეტენზია არ წარმოუდგენია.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, დოკუმენტური საშუალო სარეალიზაციო ფასის გავრცელება და მიღებულ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:

გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.

ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:

1. საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

2. ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მოყვანილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და წარმოდგენილი აქვს თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობის ქართული თარგმანი, თუმცა არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის დედანი.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

2.მომჩივანი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას.

3.გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას.

4.მომჩივანი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2016 წლის 16 დეკემბერს. საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით სხვადასხვა ქვეყნებიდან.დეკლარირებული ბრუნვის 22% წარმოადგენს რეექსპორტის ოპერაციებს,აგრეთვე, რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე. დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 77%-ზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, ხოლო დანარჩენი ნაწილი რეალიზებულია საცალოდ.

შემოწმებით დგინდება, საცალო რეალიზაციის შემთხვევაში იკვეთება არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები.საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა სამეურნეო ოპერაციების ნაწილის მიმართ. შემოწმებით რაოდენობრივად გაანგარიშებული იქნა ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ოდენობა.შედეგად, საწარმოს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 136-ე, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, რეექსპორტის სასაქონლო რეჟიმის ბუღალტრულად აღრიცხულსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს შორის სხვაობის, აგრეთვე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დასადგენად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგსა და საბუღალტრო მონაცემს შორის სხვაობის მიხედვით, რომელსაც ბოლოს გამოაკლდა საბუღალტრო ანგარიშზე „ვალდებულება პარტნიორზე“ კრედიტში ნაშთად არსებული თანხა, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად,დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

მომჩივანი საქონლის იმპორტის, ასევე რეექსპორტის სასაქონლო რეჟიმით განხორციელებული ოპერაციების დროს იყენებს ტრანსპორტირების მომსახურებას, რომელიც ძირითადად მიღებული აქვს ადგილობრივი კომპანიებისგან, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში არარეზიდენტებისგან.საწარმოს საქართველოს სსკ-ის 136-ე მუხლის და 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას,შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელდება საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

3.საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

100,101,104,154,163,164,275.