გადაწყვეტილება №19855/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19855/2/2023
31 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 2.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19855/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 31 მარტის №9582 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 06 თებერვლის №006-31 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №11026 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 30 525,5 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 22 022
დღგ - 8 642
საშემოსავლო გადასახადი - 13 380
ჯარიმა - 8 256
საურავი - 247,5
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 სექტემბრის №27485 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2017 წლის 5 მაისიდან 2020 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 10 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ორისში, თუმცა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამითა და ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერა ხორციელდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს (თვის ან წლის ჭრილში) თანხობრივად.
საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე და 61-ე მუხლების გათვალისწინებით და აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ განხორციელებული რეალიზაციები ჩაითვალა საბითუმო რეალიზაციად, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. გამოვლინდა სხვაობა, შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად და ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით, გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 დეკემბრის № 38256 ბრძანება და №006-787 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 31 მარტის №9582 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 31 მარტის №9582 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა, რაზეც წარედგინა 2023 წლის 6 თებერვლის №006-31 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №11026 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აგრეთვე, გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში გასაჩივრებულ თემაში მითითებულია, რომ ,,შპს ---------- არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 დეკემბრის N006-787 საგადასახადო მოთხოვნას. კერძოდ გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და ფასნამატის ოდენობას. განმარტავს, რომ სარეალიზაციო ფასები ფიქსირებულია და დოკუმენტით რეალიზებული საქონლის და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასები არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დოკუმენტური რეალიზაციის გაანგარიშებისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მოხდა რამდენიმე შეძენა-რეალიზაციის არასწორი დაკავშირება გადამხდელი ითხოვს მათი მონაწილეობით საკითხის ხელახლა შესწავლას“.
დავების გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით და ფასნამატის შესახებ), ხოლო ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება)“.
აუდიტორის შეფასებაში მითითებულია, რომ ,,შპს ----------- მიერ, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 11 მარტის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებით წარმოდგენილი იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებები და დადგინდა, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას, გადამხდელმა მაღალი სარეალიზაციო ფასის მქონე საქონელს შეუპირისპირა მაღალი თვითღირებულების მქონე საქონელი, ხოლო შემოწმებისას თვითღირებულება საშუალო შეწონილი მეთოდითაა გაანგარიშებული. ასევე გადასახადის გადამხდელს შეცვლილი აქვს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები და შესაბამისად სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები იმგვარად, რომ მის მიერ გაანგარიშებული ფასნამატიდან გამომდინარე მიეღო დეკლარირებული შემოსავლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ მიიჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის (შემცირებისთვის) სათანადო საფუძვლები, ამიტომ აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას“.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში გასაჩივრებულ თემაში მითითებულია, რომ ,,გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციისგან გათავისუფლებას“.
დავების გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება რომ, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება“.
დავების გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 31 მარტის ბრძანების საფუძველზე, შემოწმების მიერ აქტით დარიცხული სანქციები არ დაექვემდებარა შემცირებას“.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საგადასახადო შემოწმების აქტში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნაწილში მითითებულია, რომ „შემოწმების შედეგად სსკ-ის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის შესაბამისად დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით შემცირდა დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი 450 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ გაცემული ორი მითითებიდან ერთ-ერთი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის პირდაპირ იყო დავალებული გადამხდელის მხრიდან მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. ნაცვლად ამისა აუდიტის დეპარტამენტმა ცალმხრივად გადაწყვიტა მიეღო გადაწყვეტილება არ გადაანგარიშების შესახებ. რაში მდგომარეობს შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების ან არ შესრულების საკითხი, თუ აუდიტის დეპარტამენტი მაინც თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებას საკითხის გადაანგარიშების, გადამხდელის უფლებების ან მათი ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ.
ამასთანავე 2020 წლის 10 დეკემბერს გამოცემულ საგადასახადო შემოწმების აქტშიც აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებდა ყველა დარიცხულ საკითხთან მიმართებით გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ პოზიციის გრაფაში, რომ „გადასახადის გადამხდელს აუდიტორთა შეფასებისგან განსხვავებული შეფასება / პოზიცია არ წარმოუდგენია“, მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების პროცესშივე არ ეთანხმებოდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ გაანგარიშების მეთოდს, კერძოდ ფასნამატის გაანგარიშების ზედაპირული მიდგომას.
გადასახადის გადამხდელი სსკ-ის ყველა ნორმების დაცვით ახორციელებს გადასახადების აღრიცხვას. 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით გადასახადის გადამხდელის ობიექტზე განხორციელებულია აუდიტორული შემოწმება სერთიფიცირებული აუდიტორული კომპანიის მიერ, რომლის მიხედვითაც მოხდა ბიუჯეტის მიმართ კუთვნილი ანგარიშსწორების დაზუსტება.
არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული ფასნამატების ოდენობას. როგორც უკვე აღინიშნა ობიექტი წარმოადგენს ---------- საბითუმო ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრე ობიექტს, შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება 13 800 000 ლარს. სარეალიზაციო ფასები ფიქსირებულია და დოკუმენტით რეალიზებული ისევე როგორც დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასები არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. გადამხდელის მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დადგენილი ფასნამატის გაანგარიშება ხდება შემდეგნაირად: მთლიანი შეძენილი საქონელი დაყოფილი აქვს 4 კატეგორიად, კერძოდ:
1.) ფილტრიანი სიგარეტები, რომლის ხვედრითი წილი მთლიან შეძენებში შეადგენს არანაკლებ 85%-ს პერიოდების მიხედვით. ფასნამატი აღნიშნულ კატეგორიაზე მერყეობს 0,73%დან 0,95%მდე წლების მიხედვით;
2.) უფილტრო სიგარეტები და თუთუნი, რომლის ხვედრითი წილი მერყეობს პერიოდების მიხედვით 10%-დან 14%-მდე. ფასნამატი აღნიშნულ კატეგორიაზე წლების მიხედვით მერყეობს 2%-დან 15%მდე მასში შემადგენელი კომპონენტების ხვედრითი წილის ცვლილების შესაბამისად;
3.) სიგარეტის ფილტრი, რომლის ხვედრითი წილი მერყეობს 1%-ის ფარგლებში და ფასნამატი აღნიშნულ კატეგორიაზე მერყეობს 6%-ის ფარგლებში;
4.) სხვა დანარჩენი პროდუქცია, რომლის ხვედრითი წილი მერყეობს 1%-დან 3%-მდე წლების მიხედვით.
ფასნამატი აღნიშნულ პროდუქციაზე მერყეობს 18%-დან 25%-მდე წლების მიხედვით მასში შემავალი კომპონენტების ხვედრითი წილების შესაბამისად. აღნიშნულის შესახებ ანალიზი კეთდება ყოველი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე თუ მასზე გავლენას ახდენს რომელიმე ფაქტორი. ასევე წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადამხდელის ობიექტზე ტარდება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბოლო ინვენტარიზაცია ჩატარებულია 2020 წლის 27 ივლისს.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტებისა და არგუმენტების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დამდგარიყო საკითხი შემოსავლებისა და ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შესახებ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი სხვაობა ისედაც ძალიან უმნიშვნელოა მთლიან დეკლარირებულ ბრუნვასა და გამოვლენილ სხვაობას შორის, 45 000 ლარით გაზრდილია დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა 13 800 000 ლარის რეალიზაციაში, რაც გამოწვეულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ დოკუმენტური რეალიზაციის გაანგარიშებისას რამდენიმე შეძენა-რეალიზაციის არასწორი დაკავშირებით/ტექნიკური შეცდომით და აღნიშნული შეცდომის აღმოფხვრით კიდევ ერთხელ დადგინდება გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება და ის რომ, გადამხდელი სსკ-ის ყველა ნორმის დაცვით ახორციელებს გადასახადების ადმინისტრირებას.
გაუგებარია ამ თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის №22708 ბრძანების მიხედვით, სალაროს ზენორმატიული ნაშთის განსაზღვრაში მონაწილეობას იღებს საკასო შემოსავლები და საკასო ხარჯები. მეწარმის ძირითადი შემოსავალიც და ხარჯიც საკასო მეთოდითაა განხორციელებული, აქედან გამომდინარე მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეს საკასო შემოსავლებისა და საკასო ხარჯების ჯამი აჭარბებს 1 500 000 ლარს, და მისი 10%, რომელიც უნდა ჩაითვალოს დასაშვებ ზღვრად 150 000 ლარია, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის გაზრდილი ბრუნვა დაახლოებით 45 000 ლარით არ უნდა გამხდარიყო დარიცხვის საფუძველი და ზემოაღნიშნული სალაროს ნაშთი სრულად არ უნდა განხილულიყო დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნული საკითხების უგულებელყოფამ გამოიწვია მეტად სავალალო შედეგი კომპანიისთვის, რაც ნიშნავს ფაქტიურად კომპანიის გაკოტრებას. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს მიეცეს პირდაპირი დავალება საკითხის ხელახალ შესწავლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს უნდა განხორციელდეს მომჩივნის უშუალო მონაწილეობით, შეფასდეს მის მიერ წარდგენილი გაანგარიშებების მართლზომიერება და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის სრულად გაუქმება და დამატებული ღირებულების გადასახადის გადაანგარიშება.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც გამოწვეულია შეცდომით/არ ცოდნით, რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, განთავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 31.12.2021 წლის №9582 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
მომჩივნის მიერ, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 31 მარტის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებით წარდგენილი იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშებები და დადგინდა, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას, გადასახადის გადამხდელმა მაღალი სარეალიზაციო ფასის მქონე საქონელს შეუპირისპირა მაღალი თვითღირებულების მქონე საქონელი, ხოლო შემოწმებისას თვითღირებულება საშუალო შეწონილი მეთოდით ჰქონდა გაანგარიშებული. ასევე, გადასახადის გადამხდელს შეცვლილი ჰქონდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები და შესაბამისად, სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები იმგვარად, რომ მის მიერ გაანგარიშებული ფასნამატიდან გამომდინარე მიეღო დეკლარირებული შემოსავლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძვლები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
მომჩივანი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის პირდაპირ იყო დავალებული გადამხდელის მხრიდან მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. ნაცვლად ამისა აუდიტის დეპარტამენტმა ცალმხრივად გადაწყვიტა მიეღო გადაწყვეტილება არ გადაანგარიშების შესახებ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხის შესწავლა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 31.03.2021 წლის №9582 ბრძანება არ არის აღსრულებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №11026 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 მაისის №11026 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული
დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 31 მარტის №9582 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ორისში, თუმცა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამითა და ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.კერძოდ არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერა ხორციელდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს (თვის ან წლის ჭრილში) თანხობრივად.საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. განხორციელებული რეალიზაციები ჩაითვალა საბითუმო რეალიზაციად, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. გამოვლინდა სხვაობა, შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე შეეფარდა ჯარიმა.არაპირდაპირი მეთოდით რეალიზებულად განხილული საქონლიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304 (1ბ)