ბრძანება N 3979

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 3979
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3979

02.03.2023

ფ/პ -----------ს (პ/ნ -----------)

(მის.: ქ. -----------------------)

2022 წლის 18 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 28 დეკემბრის (ოქმი №124), 2023 წლის 6 თებერვლისა (ოქმი №10) და 17 თებერვლის (ოქმი N15) სხდომებზე განიხილა ფ/პ -----------ს (პ/ნ -----------) №188846/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს უძრავ ქონებაზე (ს/კ --------------) შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 იანვრის №006-286 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკისა და 2021 წლის 27 ოქტომბრის №011-4474 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მასსა და შპს -------------ს შორის 2016 წლის 12 იანვარს გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა და ავტოსადგომი მდებარე: ქ. -------, --------- ქ. №--, მდებარე კომპლექსში მე-4 ან მე-5 სართულზე. ბინის საერთო ფართი 65 კვ.მ თეთრი კარკასის კონდიციაში და ავტოსადგომი ფართით 15 კვ.მ ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად მყიდველს სრულად აქვს გადახდილი ნასყიდობის ღირებულება ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე. მხარეთა შეთანხმებით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მყიდველისათვის საკუთრებაში გადაეცა ავტოსადგომი საკადასტრო კოდით ------------ არაუგვიანეს 2016 წლის 30 აგვისტომდე. ვინაიდან დათქმულ ვადაში შპს ----------მა არ შეასრულა თავისი ვალდებულება, ფ/პ------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და 2021 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მესაკუთრედ იქნა ცნობილი. საჯარო რეესტრში ფ/პ------ის საკუთრება აღირიცხა საკადასტრო კოდით --------------, რომელიც როგორც აღმოჩნდა დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ----------- პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, ----------ის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე. სისხლის სამართლის №---------- საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი ფ/პ ---------------.

2021 წლის 27 ოქტომბრის №011-4474 ბრძანებით ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ ქონებას (ს/კ ------------). მის მიერ კანონით დადგენილ ვადაში სარჩელი იქნა აღძრული სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განჩინებით (საქმე №------- 22) საქმეზე დადგენილ იქნა ხარვეზი და სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებული აქტების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მის კუთვნილ ქონებაზე (ს/კ ----------) სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

ფაქტების აღწერა:

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს -----------ს (ს/ნ ------------) 2020 წლის 8 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს ----------ის (ს/ნ -----------) მთელ ქონებაზე 2020 წლის 8 იანვრის №006-286 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის 24 დეკემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების (ს/კ --------------) მესაკუთრედ ფიქსირდება ფ/პ ---------------ი (პ/ნ ----------), საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2021 წლის 7 ოქტომბერი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია თბილისის საქალაქო სასამართლოს №-------21 გადაწყვეტილება (დამოწმების თარიღი 2021 წლის 14 სექტემბერი).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2021 წლის 27 ოქტომბრის №011-4474 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა ფ/პ -------------ის (პ/ნ --------------) საკუთრებაში არსებული შპს ---------ის (ს/ნ ------------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება (ს/კ ----------------).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით შპს -----------ს (ს/ნ ------------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ -----------ის (ს/ნ ----------) მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა 2020 წლის 8 იანვრის №006-286 შეტყობინების საფუძველზე, ხოლო შპს -----------ის (ს/ნ ------------) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე (ს/კ --------------) ფ/პ ------------ის (პ/ნ -------------) საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2021 წლის 7 ოქტომბერს. ამასთან, 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით შპს ----------ს (ს/ნ -----------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს ------------ის (ს/ნ -----------) საგადასახადო დავალიანების გამო ფ/პ --------ის (პ/ნ -----------) ქონებაზე (ს/კ ----------) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე და 241-ე მუხლების საფუძველზე გავრცელებული ღონისძიებები მართლზომიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ ------------ს (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.