გადაწყვეტილება №27657/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2026
№ დოკუმენტი 27657/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27657/2/2026

22 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------ი (პ/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 25.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27657/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №056-19 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2026 წლის №12450 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 258 994,2 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 169 323,55

დღგ - 151 894,76

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 9

საშემოსავლო გადასახადი - 17 238,79

ქონების გადასახადი - 181

ჯარიმა - 89 622,5

საურავი - 48,15

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით. საქმიანობს იჯარით აღებულ ობიექტებში ----ში, ---ის ქ. №--სა (90 კვ.მ.) და ---- №--- ში (22.5 კვ.მ.). მეწარმედ რეგისტრირებულია 20.02.1997 წელს. საგადასახადო რეგისტრაციის თარიღია 16.04.2024 წელს. ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი.

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.01.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივნის სახელზე 31.08.2024 წლიდან რეგისტრირებულია ერთი სალარო აპარატი მისამართზე - ---ი, ---ის რაიონი, --ის №-. ტერმინალი არ აქვს რეგისტრირებული. 2024 წლის აგვისტოდან მეწარმე იწყებს საქონლის შეძენის ოპერაციებს. შესამოწმებელ პერიოდში (1.01.2023-1.01.2026 ) ადგილობრივად და იმპორტით (---დან - ახალი ნაწილები) შეძენილი აქვს 4 213 740.5 ლარის თვითღირებულების საქონელი (მაგ: სავალი ნაწილები, სამუხრუჭე ხუნდები, ძრავის ნაწილები, ღვედი, ჰაერის ფილტრები, ფარები, ამორტიზატორები და ა.შ.). შეძენილი საქონლის თვითღირებულების 99,86%- იანი წილი იმპორტირებულია. შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 089 975 ლარს. გადამხდელის დეკლარირებული შემოსავლები სრულად ასახავს ამორტყმულ ჩეკებში დაფიქსირებულ თანხებს. დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება. მეწარმეს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული პროგრამა ან/და სასასწყობე პროგრამა.

არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის (ტერიტორიის გათვალისწინებით) განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. ინვენტარიზაციით აღრიცხული ფაქტობრივი ნაშთის თვითღირებულების (რომელიც თავის მხრივ დაანგარიშდა აუდირებული საცალო ტიპის ფასნამატის გამოყენებით) გათვალისწინებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი (2 852 679 ლარი დღგ-ის გარეშე) და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (1 361 061 ლარი დღგ-ის გარეშე). აღნიშნული რეალიზებული თვითღირებულებიდან აუდირებული ფასნამატით განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც საანგარიშო პერიოდ(ებ)ის შესაბამისად, ჩაირთო ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმებით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 53,54%-ს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების გათვალისწინებით, 1.01.2023-1.01.2026 პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (საქონლის რეალიზაციის ნაწილში) გაიზარდა 999 798 ლარით, ხოლო საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების მიხედვით, შესამოწმებელი საანგარიშო წლ(ებ)ის (2024 წლის) ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 94 735 ლარით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა წლიურ დეკლარაციებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საწყისი და საბოლოო ნაშთები. ასევე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მეწარმეს დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №056-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2026 წლის №12450 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიმდინარეობისას მეწარმის ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, როგორც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული ნაშთის რაოდენობრივი მონაცემი ასევე მისი საბაზრო ღირებულება. მომჩივნის მიერ განისაზღვრა აღნიშნული საინვენტარიზაციო ნაშთის დოკუმენტური თვითღირებულება იმპორტის ოპერაციებზე წარდგენილი დოკუმენტების გამოყენებით, სადაც ფასნამატმა შეადგინა 30% (დანართი №1). შესაბამისად, მიაჩნია, რომ საბოლოო ნაშთი უნდა განისაზღვროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატით და მიღებულ რპთ-ზე უნდა გავრცელდეს იგივე მონაცემი ნაცვლად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატისა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2026 წლის №---21-14 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2026 წლის №2748 ბრძანებით, ამავე დღეს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვა. აღირიცხა 3 449 პოზიციის საქონელი, რომლის ჯამური რაოდენობაა 1 003 315 ცალი და ჯამური საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 4 968 466,6 ლარს. თუმცა, უცნობია როგორ განსაზღვრა ფასები, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღრიცხვა-ანგარიშგების არც პროგრამა და არც ექსელის ვერსია. ასევე, მონიტორინგის დეპარტემენტის მიერ დანართად მოწოდებულ ფოტო მასალებში არ ფიქსირდება ფასმაჩვენებლები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღრიცხული საქონლიდან ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა იყო 1 889 ცალ პოზიციის საქონელზე. გამოვლინდა, რომ საბაზრო ფასები (დღგის გარეშე) 254 შემთხვევაში თვითღირებულებაზე ნაკლებია ან ტოლია. დანარჩენ 1 635 შემთხვევიდან 111 პოზიციის ფაქტობრივად აღრიცხული საქონლის რაოდენობა მეტია, ვიდრე ჯამში მეწარმეს აქვს შეძენილი. გადამხდელთან საკონტროლო შესყიდვა ჩატარებული არ არის და ვერც შემოწმების პროცესში ჩატარდა. შემოწმების დროს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი იყო აღნიშნული ღონისძიება, თუმცა, კონტროლის დღეს მომჩივანმა გაყიდვის ოპერაციაზე უარი განაცხადა და დაკეტა სავაჭრო ობიექტი.

ასევე, ყურადღებაა გასამახვილებელია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე: მომჩივნის მიერ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი აქვს მხოლოდ ი/მ ---------გან (ს/ნ -------), რომელიც არის ---------ის ბიძაშვილი და იგივე მისამართზე (---ში ---ის №-)-ში. მისგან შეძენა განხორციელებულია ერთი სასაქონლო ზედნადებით 698 299 ლარის დღგ-ის ჩათვლით საქონლის (ავტონაწილების) შეძენა 3.03.2025 წელს. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით ი/მ-------მ წარმოადგინა -----ის მიერ ამობეჭდილი ჩეკები, ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებლად. კერძოდ: 30.04.2025 წელს - 177 239 ლარი, 11.03.2025 წელს - 122 456,45 ლარი, 20.03.2025 წელს - 195 148 ლარი და 11.07.2025 ჩეკის თანხაა 203 456,1 ლარი. მათი ჯამი არის 698 299 ლარი. საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი 2023 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით საშუალო ფასნამატია 30,17% და 2024 წელს - 31,9%. მიმდინარე კონტროლის პროცედურები არც -----თან არ არის ჩატარებული. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სულ ბიუჯეტში გადახდილი აქვს 605 144 ლარი (დარიცხული საბაჟო დღგ შეადგენს 624 719 ლარს), უკან დაბრუნებული აქვს 26 202 ლარი.

რაც შეეხება გამოქვითვებს, მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ 2024 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში სმფ-ის შეძენის ჯამური თვითღირებულებაა 293 138 ლარი, გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები წარმოდგენილია 2 056 ლარი. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზის მონაცემების და გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად აღნიშნული სმფ-ის შეძენის თვითღირებულება შემოწმებით განისაზღვრა 331 573 ლარი, სხვა ხარჯები (გარდა ამორტიზაციისა) შეადგენს 2 257,4 ლარს.შედეგად, გამოქვითვას დაქვემდებარებული მოცემული დანახარჯები გაიზარდა 18 637 ლარით, რაც იწვევს საშემოსავლო გადასახადის 3 727,5 ლარით შემცირებას.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 5 მილიონია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი, საიდანაც 80% არის იმპორტირებული და არა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი. მეწარმის მიერ განისაზღვრა აღნიშნული საინვენტარიზაციო ნაშთის დოკუმენტური თვითღირებულება იმპორტის ოპერაციებზე წარდგენილი დოკუმენტების გამოყენებით, სადაც ფასნამატმა შეადგინა 30%. შესაბამისად, მიაჩნია, რომ საბოლოო ნაშთი უნდა განისაზღვროს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატით და მიღებულ რპთ-ზე უნდა გავრცელდეს იგივე მონაცემი, ნაცვლად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატისა.

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა რაიმე ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.01.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მეწარმეს შესამოწმებელ 01.01.2023-01.01.2026 პერიოდში ადგილობრივად და იმპორტით შეძენილი აქვს 4 213 740.5 ლარის თვითღირებულების საქონელი ,რომლის თვითღირებულების 99.86%-იანი წილი იმპორტირებულია. შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 089 975 ლარს. გადამხდელის დეკლარირებული შემოსავლები სრულად ასახავს ამორტყმულ ჩეკებში დაფიქსირებულ თანხებს. დოკუმენტური რეალიზაცია არ უფიქსირდება. მეწარმეს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული პროგრამა ან/და სასასწყობე პროგრამა.არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე მეწარმის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის (ტერიტორიის გათვალისწინებით) განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი. ინვენტარიზაციის მიერ აღრიცხული ფაქტობრივი ნაშთის თვითღირებულების (რომელიც თავის მხრივ დაანგარიშდა აუდირებული საცალო ტიპის ფასნამატის გამოყენებით) გათვალისწინებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი (2 852 679 ლარი დღგის გარეშე) და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (1 361 061 ლარი დღგ-ის გარეშე). აღნიშნული რეალიზებული თვითღირებულებიდან აუდირებული ფასნამატით განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც საანგარიშო პერიოდ(ებ)ის შესაბამისად, ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმებით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 53.54%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, გადამხდელს 01.01.2023-01.01.2026 პერიოდის დღგ-ის ბრუნვა (საქონლის რეალიზაციის ნაწილში) გაეზარდა 999 798 ლარით და დაერიცხა დღგ 179 963.7 ლარი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების მიხედვით, შესამოწმებელი საანგარიშო წლ(ებ)ის (2024 წლის) ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 94 735 ლარით. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა წლიურ დეკლარაციებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საწყისი და საბოლოო ნაშთები. ნაშთების კორექტირების გათვალისწინებით დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი შემცირდა 24 204 ლარით. აღნიშნული სხვაობების თანხებზე (სალდირებულად) დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს ჯამში 14 106.3 ლარს. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად მეწარმეს დაერიცხა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №056-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში.რომლის №12450 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარადგინა რაიმე ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 79(„ა“); 80(1); 100(1.3 „ბ“); 102(1,,ა“); 145(1.2.3); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 160(1); 163(1);