ბრძანება N 23646

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.11.2024
№ დოკუმენტი 23646
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23646

06 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 10 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №112) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №92310/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 სექტემბრის №041-48 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ უარყოფითი ფასნამატი გამოწვეულია პროდუქციის მოდიდან გასვლის გამო შეცვლილი ფასებით. ასევე აღნიშნავს, რომ გადამხდელმა მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რასაც ადასტურებს ბუღალტრული აღრიცხვა და საბანკო ამონაწერები, აგრეთვე ნაღდი ფულით დაფარული კრედიტორული დავალიანება.

2. მომჩივანი არ ეთანხმება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ დარიცხვა ნაწილობრივ სწორია, რადგან მომწოდებელზე გადახდილი თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით დაბრუნდა საწარმოში კრედიტორის მიერ, რადგან ვერ შედგა დაგეგმილი ოპერაცია და კომპანიის საქმიანობაც შეჩერებული იყო, ხოლო თავის მხრივ, უკან დაბრუნებული თანხა გაიტანა დამფუძნებელმა, მის მიერ კომპანიაში შემოტანილი თანხების უკან დაბრუნების მიზნით. ამასთან, მიუთითებს, რომ ნაწილი თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდა ფორსმაჟორული პირობების გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15612 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 12 ოქტომბრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 12 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 18 სექტემბრის №20504 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №041-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 393 873 ლარი, მათ შორის გადასახადი 781 160 ლარი, ჯარიმა 390 580 ლარი და საურავი 222 133 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ჩინეთიდან, ძირითადად ფეხსაცმელების და ტანსაცმელების იმპორტი და რეალიზაცია ----ს ბაზრობის ტერიტორიაზე. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა 2 008 458 ლარის ბრუნვა, ხოლო გამოწერილი დოკუმენტები თანხობრივად შეადგენდა 34 440 ლარს. ასევე, საკონტროლო-სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკებით მიღებული თანხა შეადგენდა 1 414 732 ლარს. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ამონაწერები, საბუღალტრო პროგრამა „ინფო“ და ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას არ გააჩნდა საქონლის და დებიტორ-კრედიტორების ნაშთი. ამასთან, კომპანია 2023 წლის მარტის შემდგომ აღარ საქმიანობს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამით ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, ვინაიდან ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება თითოეული ნაღდი ანგარიშსწორებისას გაყიდული პროდუქტის თვითღირებულების, რაოდენობისა და სახეობის. არ ხდებოდა კონტროლი საქონლის მოძრაობაზე. ამასთან, საბანკო ამონაწერებში საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები არ ფიქსირდებოდა. გადასახადის გადამხდელს შემოსავალი დეკლარირებული ჰქონდა 3%-იანი ფასნამატით. ასევე, საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემები თვის ჭრილში არ ემთხვეოდა საკონტროლო-სალარო აპარატში დაფიქსირებულ შემოსავლებს.

შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და კომპანიის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდზე იმპორტირებული საქონელი დაყოფილ იქნა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 59%. შესაბამისად, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, შემოწმების მიერ, დღგის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებულ იქნა საბაჟოზე გადახდილი დღგ 1 324 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ, არაპირდაპირად დათვლილი შემოსავლის შესაბამისად, დაანგარიშდა განკარგვადი თანხები, რომელთა გახარჯვაზეც ახსნა-განმარტება არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, მიღებული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ, კომპანიის საბანკო ანგარიშების ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის შეძენა ხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით. კერძოდ, დამფუძნებლის მიერ ხდებოდა თანხის შემოტანა საქონლის შესაძენად. საბანკო ანგარიშის ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას ჩინეთში გადახდილი ჰქონდა 347 275 ლარით მეტი თანხა, ვიდრე მიღებული ჰქონდა საქონელი. ასევე, 2023 წლის იანვრის თვის შემდგომ საქონლის შემოტანა აღარ მომხდარა, ხოლო კომპანია 2023 წლის მარტის შემდგომ აღარ საქმიანობს. შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საბუღალტრო პროგრამით ვერ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი, ვინაიდან ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება თითოეული ნაღდი ანგარიშსწორებისას გაყიდული პროდუქტის თვითღირებულების, რაოდენობისა და სახეობის და არ ხდებოდა კონტროლი საქონლის მოძრაობაზე. ამასთან, საბანკო ანგარიშის ამონაწერებში საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები არ ფიქსირდებოდა. გადასახადის გადამხდელს შემოსავალი დეკლარირებული ჰქონდა 3%-იანი ფასნამატით. ასევე, საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემები თვის ჭრილში არ ემთხვეოდა საკონტროლოსალარო აპარატში დაფიქსირებულ შემოსავლებს.

შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და კომპანიის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული საქონელი დაყოფილ იქნა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 59%.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა და თითოეულ კატეგორიაზე მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით დადგენილი აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

ასევე, მართლზომიერია დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, მომწოდებელზე გადახდილი თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით დაბრუნდა საწარმოში კრედიტორის მიერ, რადგან ვერ შედგა დაგეგმილი ოპერაცია და კომპანიის საქმიანობაც შეჩერებული იყო, ხოლო თავის მხრივ, უკან დაბრუნებული თანხა გაიტანა დამფუძნებელმა, მის მიერ შემოტანილი თანხების უკან დაბრუნების მიზნით. ამასთან, მიუთითებს, რომ ნაწილი თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდა ფორსმაჟორული პირობების გამო.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. კაპიტალთან დაკავშირებით), განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. კაპიტალთან დაკავშირებით);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. მომჩივანი არ ეთანხმება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და კომპანიის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდზე იმპორტირებული საქონელი დაყოფილ იქნა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 59%. შესაბამისად, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების მიერ, არაპირდაპირად დათვლილი შემოსავლის შესაბამისად, დაანგარიშდა განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საბანკო ანგარიშის ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას ჩინეთში გადახდილი ჰქონდა 347 275 ლარით მეტი თანხა, ვიდრე მიღებული ჰქონდა საქონელი. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 72; 105; 982.