გადაწყვეტილება №19248/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.07.2023
№ დოკუმენტი 19248/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19248/2/2023

05 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------ 27.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19248/2/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 15.12.2022 წლის №17755/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №21-11/71614 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5050 ბრძანება.

 

ზედმეტად გადახდილი თანხა: 200 000 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, 2020 წლის 6 იანვარს გადახდილი 200 000 (ორასი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის წერილით გადამხდელს ეცნობა, რომ თანხის დაბრუნებისათვის აუცილებელია შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასტური, რათა განხორციელდეს ზედმეტად (უსაფუძვლოდ) გადახდილი თანხის დაბრუნების ოპერაცია.

მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №21-11/71614 გადაწყვეტილებით გადამხდელს ეცნობა, რომ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა აღნიშნულ შემთხვევაში თანხის დაბრუნების შესახებ.

გადასახადის გადამხდელმა მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №21-11/71614 გადაწყვეტილების გაუქმების და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით 8.08.2022 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22977 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 15.12.2022 წლის №17755/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილების გათვალისწინებით, რისთვისაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5050 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით.

შემოსავლების სამსახური იზიარებს მომსახურების დეპარტამენტის პოზიციას, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დაკმაყოფილდეს მომჩივნის მოთხოვნა და მოხდეს გადახდილი სანებართვო მოსაკრებლების უკან დაბრუნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიწოდება, რამაც ტოტალიზატორის საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. 2020 წლის 18 მარტიდან, მოცემული პერიოდისათვის გადამხდელის მიერ 2020 წლის 6 იანვარს უკვე გადახდილი იყო „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსაკრებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტიდან სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულად შეჩერებული იქნა ტოტალიზატორის მოწყობის №19-05/314 ნებართვით დაშვებული საქმიანობა, ობიექტი დაკეტილი იყო 2021 წლის პირველ მარტამდე. 2021 წლის აპრილიდან ტოტალიზატორის მოწყობის №19-05/314 ნებართვით დაშვებული საქმიანობის განახლების შემდგომ, მიმართა შემოსავლების სამსახურს, მის მიერ გადახდილი მოსაკრებლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელში ჩათვლის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა და ამასთან, გადამხდელი დაჯარიმდა სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო 10 000 ლარით. დადგენილია, რომ მოსაკრებელი (200 000 ლარი) გადახდილი აქვს 2020 წლის 6 იანვარს, თუმცა სახელმწიფოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მისი ფინანსური მდგომარეობა და არ განხორციელდა მისი ჩათვლა, გადატანა მომდევნო წლის მოსაკრებელში გადახდილად, რის გამოც დაჯარიმდა მოსაკრებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო სოლიდური თანხით, აღნიშნული გარემოება, მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს მის ეკონომიკურ საქმიანობას, რის გამოც იძულებული იქნება შეწყვიტოს ეკონომიკური საქმიანობა.

შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო ემსჯელა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე, ვინაიდან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად, ყველასთვის მათ შორის ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის.

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 164-ე მუხლზე და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5050 ბრძანებით შესრულებული არ არის დავების განხილვის საბჭოს 15.12.2022 წლის №17755/2/2022 გადაწყვეტილება, ვინაიდან „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილების გათვალისწინებით, აღნიშნული ვალდებულება შემოსავლების სამსახურის სამსახურის მიერ შესრულებული არ არის, სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

ვინაიდან საჯარო კანონმდებლობა არ მოიცავს პირდაპირ დანაწესს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გადახდილი მოსაკრებლის გადახდის საფუძვლის გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნების წესს, სახელმწიფო ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს უპირველეს ყოვლისა, საჯარო სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპით, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია სახელმწიფომ დაუშვას პირის ქონების ხარჯზე სახელმწიფო ქონების გაზრდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე.

სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლების შეზღუდვის ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეფასდეს იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - საჯარო ინტერესს და უნდა იყოს პროპორციული, დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი.

მიაჩნია, რომ მის მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი.

აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მის მიერ გადახდილი 200 000 ლარი, რომელიც არ იქნა მიქცეული კანონის შესაბამისად სანებართვო მოსაკრებელში, წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის უსაფუძვლოდ გამდიდრების შემთხვევას. მის მიერ ბიუჯეტში მოსაკრებლის თანხის გადახდის საფუძველი მოგვიანებით გაუქმდა. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ მისი კუთვნილი ქონებრივი სიკეთე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა მოქცეული სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამართალში მოქმედ კანონიერების პრინციპს.

მოითხოვს გადახდილი თანხის (200 000 ლარი), რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს უსაფუძვლოდ აქვს მიღებული, დაუბრუნდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით, სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104 , 105 , 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან სამორინის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.

მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №21-11/71614 გადაწყვეტილებით გადამხდელს ეცნობა, რომ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა აღნიშნულ შემთხვევაში თანხის დაბრუნების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-7 მუხლით განისაზღვრა დაშვებული ან შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობები.

დავების განხილვის საბჭოს 15.12.2022 წლის №17755/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილების გათვალისწინებით, რისთვისაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5050 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭო განმარტავს, რომ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სანებართვო მოსაკრებლის დაბრუნებას. ასევე, არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც შეიძლება მოხდეს გადახდილი სანებართვო მოსაკრებლის დაბრუნება ნებართვის შეჩერებიდან გამომდინარე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ საბჭოს 15.12.2022 წლის №17755/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილებების შესაბამისად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 15.12.2022 წლის №17755/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

(სანებართვო მოსაკრებლის თანხის დაბრუნებაზე უარი.)

 

ფაქტობრივი გარემოებები

დავების განხილვის საბჭოს 15.12.2022 წლის №17755/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილების გათვალისწინებით, რისთვისაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5050 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(21);

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი;

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-7 მუხლი.