ბრძანება N 28681

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.11.2023
№ დოკუმენტი 28681
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28681

21 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 30 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 ოქტომბრის №20412/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 30 იანვრის № --------------(რეგ. №1----------) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №005-221 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვას და აცხადებს, რომ ლიცენზიის ფარგლებში არ ხდებოდა მტკნარი წყლის მოპოვება. გადამხდელი მიიჩნევს, რომ რადგან არ მოუპოვებია ლიცენზიით განსაზღვრული მტკნარი წყალი, მოსაკრებლის გადახდა არ ევალებოდა. აღნიშნავს, რომ ლიცენზიით განსაზღვრულ ადგილას მტკნარი წყლის მოპოვება ვერ ხდება, რადგან ამ ნიშნულზე არ მოიპოვება წყალი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №29288 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33665 ბრძანება და ამავე თარიღის №005-221 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 221 685 ლარი, მათ შორის მოსაკრებელი 120 472 ლარი, ჯარიმა 60 236 ლარი და საურავი 40 977 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 30 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №11990

ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 11 ოქტომბრის №20412/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №11990 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 ოქტომბრის №20412/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ 12.09.2023 წლის №153887/01 განცხადებით წარმოდგენილია, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 23.02.2022 წლის №22/1028 წერილი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ შეფასებული არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ წერილზე შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11990 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ,,----------” (ს/ნ -----------) გადამხდელად დარეგისტრირებულია 2002 წლის 25 სექტემბერს. საწარმო ფლობს ორ ლიცენზიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე, კერძოდ, წყაროს წყლის მოპოვებაზე (ჩამოსხმის მიზნით). აღნიშნულ ლიცენზიებს გადამხდელი ფლობს 2008 წლიდან.

გადასახადის გადამხდელის ლიცენზიების ათვისების გეგმის მიხედვით ბუნებრივი რესურსების მოპოვების გეგმიური რაოდენობა 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში შეადგენს 8030 მ 3 -ს წელიწადში. შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები. შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლების მიხედვით, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოსაკრებელი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ, წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა).

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებაზე მოსაკრებლის ოდენობაა 1მ3 -ზე 4 ლარი.

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, - ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „დ1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებისა) და 11 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებისათვის გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო, ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ლიცენზიის ფარგლებში არ ხდებოდა მტკნარი წყლის მოპოვება. ასევე, აღნიშნავს, რომ ლიცენზიით განსაზღვრულ ადგილას მტკნარი წყლის მოპოვება ვერ ხდება, რადგან ამ ნიშნულზე არ მოიპოვება წყალი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში 2023 წლის 12 სექტემბერს №153887/01 განცხადებით წარდგენილია მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 23 თებერვლის №22/1028 წერილი, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის №---------- და №----------- ლიცენზიებით გათვალისწინებული კოორდინატების ფარგლებში წყაროები არ დაფიქსირდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების (№---------- და №----------) გაუქმების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და ლიცენზიების დადგენილი წესით გაუქმების შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების (№10002466 და №10002467) გაუქმების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და ლიცენზიების დადგენილი წესით გაუქმების შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ლიცენზიების ათვისების გეგმის მიხედვით ბუნებრივი რესურსების მოპოვების გეგმიური რაოდენობა 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში შეადგენს 8030 მ 3 -ს წელიწადში. შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები. შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლების მიხედვით, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოსაკრებელი, ასევე, ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:43(4);

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3,4,5,6, მუხლი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე ,107-ემუხლი;