ბრძანება N 20705

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.09.2024
№ დოკუმენტი 20705
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20705

20 სექტემბერი 2024

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.:„-------“)

2024 წლის 2 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისის №23231/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს "------“- ის (ს/ნ "-------") №89528/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №127-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებისთვის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2572 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 17 აპრილის №8931 ბრძანება და №127-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 144 350 ლარი, მათ შორის გადასახადი 87 639 ლარი, ჯარიმა 42 157 ლარი და საურავი 14 554 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 5 ივნისის №13278 ბრძანებით საჩივარი ზემოაღნიშნული დავის საგნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 4 ივლისის №23231/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივნისის №13278 ბრძანება და მეორე დავის საგნის (მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებისთვის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება) ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული იყო მომსახურების ხელშეკრულებები (და არა შრომითი ხელშეკრულებები), გაფორმებულია სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები (რომლებიც არ ფორმდება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში), საბანკო გადარიცხვებში მითითებულია მომსახურების საფასური (და არა ხელფასი/შრომის ანაზღაურება). შესაბამისად, მომჩივანს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, შემოწმებისთვის წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დავალებოდა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, დამატებით შესწავლას საჭიროებს სადავო საკითხი, შესაფასებელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: შპს „--------.“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მომსახურების მიწოდება. საქმიანობის პროცესში კომპანია იყენებს როგორც დაქირავებულ პირთა შრომას (4 ფიზიკური პირი), ასევე, „მომსახურებას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისაგან“. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხელფასები საერთოდ არაა გაცემული სამშენებლო სამუშაოების უშუალოდ შემსრულებელ ფიზიკურ პირებზე. შემოწმებამ შეისწავლა ხსენებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საქმიანობები და მათი კავშირი შპს „-------“-სთან და ზოგიერთი მათგანის (სულ 21 პირი) მიერ შესრულებული სამუშაო განიხილა დაქირავებით მუშაობად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 154-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია, რომ შპს „-------“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მომსახურების მიწოდება. საქმიანობის პროცესში კომპანია იყენებს როგორც დაქირავებულ პირთა შრომას (4 ფიზიკური პირი), ასევე, „მომსახურებას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისაგან“. შემოწმებამ შეისწავლა ხსენებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საქმიანობები და მათი კავშირი შპს „--------“-სთან და ზოგიერთი მათგანის (სულ 21 პირი) მიერ შესრულებული სამუშაო განიხილა დაქირავებით მუშაობად. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, კერძოდ, მომჩივანი აცხადებს, რომ მომსახურების გამწევი პირები რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად და თავად ადეკლარირებენ მიღებულ შემოსავალს. პირი უფლებამოსილი იყო მეტი შემოსავლის მისაღებად არ შესულიყო კონკრეტულ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში ან ყოფილ დამსაქმებელთან შრომითი უფლებების დათმობის სანაცვლოდ გადასულიყო სანარდო ურთიერთობაზე, ამ პირობებში მიეღო მეტი დაკვეთა სხვადასხვა პირისგან და შესაბამისად, მეტი შემოსავალი. აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებულია მომსახურების ხელშეკრულებები, გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, საბანკო გადარიცხვებში მითითებულია მომსახურების საფასური და არა ხელფასი/შრომის ანაზღაურება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხებიდან ერთ ფიზიკურ პირზე გაცემული მაქსიმალური თანხა შეადგენს 45 765 ლარს. სამუშაოები შესრულებულია სხვადასხვა პირების მიერ, რომელთა ურთიერთდამოკიდებულება კომპანიასთან არ დგინდება. მიღებული მომსახურებებიდან (სულ 216 547 ლარიდან) დაახლოებით 158 000 ლარზე გამოწერილია დოკუმენტები.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მომსახურების ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები: სამშენებლო ობიექტში ლამინირებული იატაკის მოწყობის სამუშაოები (7 000 ლ.), რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები (7 710 ლ.), კედლების შელესვის სამუშაოები ქვიშა-ცემენტის ხსნარით (12 300 ლ.), ელ. გაყვანილობის და მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები (8 200 ლ.), კაფელ-მეტლახის მოწყობის სამუშაოები შემსრულებლის მასალებით (22 100) და სხვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით, ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და ზემოაღნიშნულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვა დაუსაბუთებელია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------“-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებისთვის მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მომსახურების მიწოდება. საქმიანობის პროცესში კომპანია იყენებს როგორც დაქირავებულ პირთა შრომას,ასევე, „მომსახურებას მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისაგან“. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ხელფასები საერთოდ არაა გაცემული სამშენებლო სამუშაოების უშუალოდ შემსრულებელ ფიზიკურ პირებზე. შემოწმებამ შეისწავლა ხსენებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების საქმიანობები და მათი კავშირი გადამხდელთან და ზოგიერთი მათგანისმიერ შესრულებული სამუშაო განიხილა დაქირავებით მუშაობად. შესაბამისად,კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154.