ბრძანება N 18281

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.08.2025
№ დოკუმენტი 18281
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18281

13 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: -----)

2025 წლის 9 და 11 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 და 31 ივლისის სხდომებზე (ოქმები: N 59 და N 61) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 96709/1/2025 და N 96762/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის N 001-153 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებს. მიუთითებს, რომ 2025 წლის 28 აპრილს საგადასახადო ორგანომ განახორციელა შპს „----“ საქონლის ნაშთის შემოწმება. იმ მომენტისათვის საქონლის ნაშთი არ იყო, ვინაიდან 2025 წლის 17 აპრილს მოხდა რეალიზაცია, რომელიც აპრილის თვის დღგ-ს დეკლარაციაში დაბეგრილია. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არსებული ნაშთის გასულ თვეებზე გადანაწილებას და დაბეგვრას გადასახადებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის N 7857 და 30 ივნისის N 14040 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ს“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 2 მაისიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2025 წლის 28 აპრილის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 9 ივლისის N 15529 ბრძანება და ამავე თარიღის N 001-153 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 257 648 ლარი, მათ შორის, გადასახადი 168 128 ლარი, ჯარიმა 83 711 ლარი, საურავი 5 809 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს ,,-----“ (ს/ნ -----) ახორციელებს გაყინული თევზეულით ვაჭრობას. გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს და ყიდის საქონელს. გადასახადის გადმხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილია საბუღალტრო პროგრამა ფინაში ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა 02.05.2024 - 01.04.2025 პერიოდზე. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის N 7711 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღწერა, რომლის მიხედვითაც სმფ -ების ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ამასთან დაკავშირებით შედგენილია ოქმი. წარმოდგენილი ფაქტობრივი ნაშთი განსხვავდება ბუღალტერულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთისგან, კერძოდ, სმფ-ების ნაშთი ბუღალტერიით 01.04.2025 წლის მდგომარეობით არის 738 163 ლარი. ზემოაღნიშნული მონაცემების, საკანონმდებლო ნორმებისა და 2025 წლის პირველი აპრილიდან 2025 წლის 28 აპრილამდე პერიოდის დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. გაანგარიშებულ რპთ-ზე გავრცელებულ იქნა შეოწმებით განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი (საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 10%). შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე, 163-ე და 166-ე მუხლების თანახმად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

● შემოწმების მიერ განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვა და სხვა შემოწმების ხელთ არსებული მონაცემები. შემოწმებამ გაითვალისწინა ვალდებულებები დამფუძნებლის წინაშე და განკარგვადი თანხა შემცირებულია 854 200 ლარით. ასევე, აღსანიშნავია, რომ შემოსავალების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 28 აპრილს განხორციელდა შპს ,,-----“-ის (ს/ნ -----) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი, რაზედაც შედგენილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N 22708 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული მეთოდური მითითების თანახმად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორ -----ე (პ/ნ -----) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად გადახდის წყაროსთან. ყოველივე ზემოაღნიშულის გათვალიწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2025 წლის 24 ივლისს 11:45 სთ-ზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო 2025 წლის 31 ივლისს 12:15 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ (2025 წლის 28 აპრილის N 7711 ბრძანების საფუძველზე) ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღწერის შედეგების მიხედვით, სმფ-ების ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. აღნიშნული ფაქტობრივი ნაშთი განსხვავდება ბუღალტერულ პროგრამაში დაფიქსირებული ნაშთისგან, კერძოდ, სმფ-ების ნაშთი ბუღალტერიით 2025 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 738 163 ლარს. შესაბამისად, 2025 წლის პირველი აპრილიდან 2025 წლის 28 აპრილამდე პერიოდის დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. გაანგარიშებულ რპთ-ზე გავრცელებულ იქნა შემოწმებით განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი (საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 10%). შედეგად, საწარმოს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, შემოწმების მიერ განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვა და სხვა შემოწმების ხელთ არსებული მონაცემები. შემოწმებამ გაითვალისწინა ვალდებულებები დამფუძნებლის წინაშე და განკარგვადი თანხა შემცირებულია 854 200 ლარით. ასევე, აღსანიშნავია, რომ შემოსავალების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 28 აპრილს განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიხედვით, გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი (შედგენილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, შემოწმების მიერ განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელი ახორციელებს გაყინული თევზეულით ვაჭრობას. გადამხდელი ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს და ყიდის საქონელს.

დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. გაანგარიშებულ რპთ-ზე გავრცელებულ იქნა შეოწმებით განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატი (საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 10%). შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე, 163-ე და 166-ე მუხლების თანახმად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

გამოვლენილი განკარგვადი თანხა, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი: 73; 159; 275.