ბრძანება N 11625
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11625
27 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის 28 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 მაისის სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „-----" (ს/ნ -----) 2026 წლის 28 აპრილის №102026/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი აპრილის №007-76 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ თანხა გადარიცხული აქვს ---- რესპუბლიკაში, ხოლო გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაცია ექცევა ორმაგი დაბეგვრის რეჟიმში. განმარტავს, რომ ოპერაციის მონაწილე მეორე მხარის მიერ მიწოდებულია რეზიდენტობის ცნობა, რომლის საფუძველზეც გადამხდელს არ დაუბეგრავს და არ დაუდეკლარირებია თანხა. საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი აქვს რეზიდენტობის ცნობა, ინვოისები და საბანკო ამონაწერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული თანხისა და ჯარიმა/საურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22534 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს "-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 7 აგვისტოდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი აპრილის №7465 ბრძანება და ამავე თარიღის №007-76 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 368 438 ლარი, მათ შორის, გადასახადი 229 413 ლარი, ჯარიმა 114 707 ლარი, საურავი 24 318 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ჯართის ადგილობრივი შეძენარეალიზაცია. შემოწმებამ ვერ მოახერხა გადამხდელთან დაკავშირება, შესაბამისად, გადამხდელს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ შეძენილია 2 858 004 ლარის ოდენობის ჯართი, რომელიც შემდგომ რეალიზებულია 4 097 508 ლარად. ამასთან, ბიუჯეტში გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 66 516 ლარს, ხელფასის სახით განაცემი შეადგენს 168 059 ლარს, ხოლო ფიზიკურ პირებზე განაცემი (რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან) შეადგენს 150 970 ლარს. ვინაიდან, გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შემოწმების მიერ დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ, სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრა, თუმცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელი ვერ იქნა მოძიებული და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია მესამე პირებისგან დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 21 მაისს 11:00 საათზე გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა (მ.შ. ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა ინფორმაცია) საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ შეძენილია 2 858 004 ლარის ოდენობის ჯართი, რომელიც შემდგომ რეალიზებულია 4 097 508 ლარად. ვინაიდან, გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შემოწმების მიერ დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ, სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრა, თუმცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელი ვერ იქნა მოძიებული. შედეგად, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია მესამე პირებისაგან დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი რეზიდენტობის ცნობისა და ინვოისების მიხედვით დგინდება, რომ ----- რეზიდენტმა კომპანიამ გადამხდელს გაუწია დემონტაჟის მომსახურება, თუმცა გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი ხელშეკრულება/ინფორმაცია გაწეული მომსახურების სახეობისა და მისი განხორციელების ადგილის შესახებ. ამასთან, არ არის წარმოდგენილი საბანკო დაწესებულების მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული საბანკო ამონაწერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დასტურდება მომსახურების მიღება და მისი ღირებულების გადახდა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ჯართის ადგილობრივი შეძენა რეალიზაცია. ვინაიდან, გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შემოწმების მიერ დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ, სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრა, თუმცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელი ვერ იქნა მოძიებული და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია მესამე პირებისგან დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:79(9);101(1);154(1):