გადაწყვეტილება №27698/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27698/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი/მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 1.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27698/2/2026).
დავის საგანი:
1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 23.03.2026 წლის №025-2026-047839 ბრძანება, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 8.05.2026 წლის №10295 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 26.06.2020 წელს ერიცხებოდა 2017-2019 წლების ქონების გადასახადი, ხოლო 2020-2025 წლების გადასახადი დარიცხულია ავტომატური რეჟიმით. თითოეულ საანგარიშო პერიოდზე გადასახადი შეადგენს 205 ლარს.
22.03.2026 წლის მდგომარეობით მომჩივანზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი 1 845 ლარი, საურავი 824.82 ლარი) გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 23.03.2026 წლის №025-2026-047839 ბრძანებით, მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოიწერა 4.22 ლარი, ხოლო 27.03.2026 წელს №022-2026-050382 კორექტირებული საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 1052.80 ლარი. მომჩივანს 23.04.2026 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 5.36 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის 24.04.2026 წლის №011-2026-068961 ბრძანებით გაუქმდა საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
მომჩივანმა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ საინკასო დავალებებზე და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული ქონების გადასახადის თაობაზე მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 8.05.2026 წლის №10295 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 26.06.2020 წელს დარიცხულია 2017-2019 წლების ქონების გადასახადი, -------, ------- (1257-დან 150), 300მ2 (1107-დან 300) და 120მ2 არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №-------, №------- და №-------), ხოლო 2020-2025 წლების გადასახადი დარიცხულია ავტომატური რეჟიმით. თითოეულ საანგარიშო პერიოდზე გადასახადი შეადგენს 205 ლარს. განხორციელებულ დარიცხვებზე გამოცემულია 26.06.2020 წლის №011–5277 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი), №011–5279 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2018 წელი), №011–5281 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2019 წელი), 6.11.2020 წლის №059–6375 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2020 წელი), 5.11.2021 წლის №059–9796 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი), 2.11.2022 წლის №059–7021 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2022 წელი), 2.11.2023 წლის №059–4897 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2023 წელი), 2.11.2024 წლის №059–4711 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2024 წელი).
მომჩივანი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრირებულია 21.02.2019 წლიდან. 2017-2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები მომჩივანს გაგზავნილი/წარდგენილი აქვს ელექტრონულად. გადამხდელი მოთხოვნებს გაეცნო 24.03.2026 წელს. გადამხდელის მიერ 26.03.2026 წელს ელექტრონულად წარდგენილია ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დაზუსტებული დეკლარაციები (გადასახადი შემცირებულია სრულად). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 22.04.2026 წლის №80669 (შემოს. №65032/21-11) წერილით წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით: №------- და №------- განთავსებულია საცხოვრებელი სახლები. მომსახურების დეპარტამენტის 23.04.2026 წლის №35330-21-11 დასკვნით განხორციელდა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო მიწის გადასახადში დარიცხული 2017-2022 წლების გადასახადის შემცირება აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ №------- და №-------). მიწის ნაკვეთზე (ს/კ -------) არ ფიქსირდება საცხოვრებელი სახლი/ავტოფარეხი. შესაბამისად, დარიცხული გადასახადი შემცირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 203-ე მუხლით, 205-ე მუხლის პირველი, მე-12, მე-13, 131 და მე-14 ნაწილებით, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტით, 69-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემოსავლების სამსახურის 27.07.2022 წლის №20032“ ბრძანების მე-4 პუნქტით, ------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2024 წლის №20-90 დადგენილებით და განმარტა, რომ მომჩივანს ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით აქვს უფლება, დააზუსტოს 2023-2024 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები, რის შემდეგაც გადამხდელის ბარათზე განხორციელდება შესაბამისი კორექტირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მიწის ნაკვეთი ს/კ №-------) ქონების გადასახადი დარიცხულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ათი წლის საკარმიდამო მიწაზე გადასახადი დაერიცხა უკანონოდ, რაც დაუშვებელია და რაზეც ათი წლის განმავლობაში საგადასახადო მოთხოვნა არ წარდგენია. 2012 წელს დედისგან მიიღო მემკვიდრეობა უძრავ/მოძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობით. დედამ მიიღო ქმრისგან, ქმარმა - მამისგან. ამ მიწაზე იდგა 10-15 შენობა-ნაგებობა, საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები. აღნიშნული მიწა წარმოადგენს საკარმიდამოს, რომელიც 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიამ გაანადგურა, მაგრამ ამჟამადაც ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი არსებობს. გარდა ამისა, აღნიშნული ქონებაზე 2013 წლიდან გავრცელებულია ყადაღა სხვადასხვა მოტივით. ხოლო 2016 წელს, ყადაღა დაადო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით. მიუთითებს, რომ 2026 წლის 31 მარტს დაადგინა, რომ ქონების (მიწის) გადასახადზე უგზავნიდნენ ტელეფონში შეტყობინებებს, მაგრამ ვინაიდან, ტელეფონში შეტყობინებების წაკითხვა არ იცის, აპრილის თვემდე არცერთი შეტყობინება არ ჰქონდა წაკითხული. საბოლოო ჯამში სახელფასო ანგარიშიდან შემოსავალების სამსახურმა ჩამოაჭრა 4.22 ლარი 2026 წლის 23 მარტს, ხოლო 1 052.80 ლარი 2026 წლის 31 მარტს. ამჟამად, გაურკვეველი დავალიანება ერიცხება 344.03 ლარი.
ითხოვს, პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი, მე-12, მე-13, 131 და მე-14 ნაწილების მიხედვით:
1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.
12. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
13. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;
ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.
131. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
14. ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, კერძოდ, მიუთითებს, რომ ათი წლის მიწის გადასახადი დაერიცხა უკანონოდ და რაზეც ინფორმირებული არ იყო. მიწა არის საკარმიდამო, რომელიც 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიამ გაანადგურა, მაგრამ ამჟამადაც არის ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი. მისთვის გაურკვეველია დავალიანების, 344.03 ლარის, დარიცხვის საფუძველი. მომჩივნის მტკიცებით სადავო მიწის ნაკვეთზე დგას დაზიანებული შენობა-ნაგებობა და შესაბამისად, აღნიშნულზე მას არ უნდა დარიცხვოდა გადასახადი. არ აქვს ინფორმაცია ვის მიერ იქნა დეკლარაცია წარდგენილი ხსენებულ მიწის ნაკვეთზე. საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული სადავო 120 მ2 წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურაში სისხლის სამართლის დავა მიმდინარეობას და მომჩივანი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს.
სადავო საკითხზე მომსახურების დეპარტამენტის 10.07.2026 წლის №64380-21-11 წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის სახელზე 24.01.2012 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებული იყო -------, ------- მდებარე 3 820მ2 არასასოფლო მიწის ნაკვეთი (ს/კ -------), რომელზეც განთავსებული იყო რამდენიმე შენობა-ნაგებობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. აქედან 3 700 მ2 მიწის ნაკვეთი 20.06.2012 წელს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ------- (პ/ნ -------) სახელზე. ამ უკანასკნელის 31.10.2014 წლის განცხადებით მიწის ნაკვეთი (ს/კ -------) დაიყო რამდენიმე მიწის ნაკვეთად, მათ შორის სადაო 1 257 მ2 ნაკვეთად (ს/კ -------), რომელიც ------- თანასაკუთრებაში რეგისტრირდება 16.11.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კუთვნილი წილით 150მ2 . ამასთანავე, არც აღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში და არც ამონაწერში საჯარო რეესტრიდან არ ფიქსირდება საცხოვრებელი სახლი/ავტოფარეხი. შესაბამისად, დარიცხული გადასახადი შემცირებას არ დაექვემდებარა. ამასთანავე, დარიცხულ გადასახადებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნებიდან: 26.06.2020 წლის №011–5277 (2017წ.), №011–5279 (2018წ.) და №011–5281 (2019წ.) გაგზავნილია/წარდგენილია გადამხდელის ავტორიზირებული მომხმარებლის გვერდზე 30.06.2020 წელს, 06.11.2020 წლის საგადასახადო მოთხოვნა №059–6375 (2020წ.) - 17.11.2020 წელს; 05.11.2021 წლის საგადასახადო მოთხოვნა №059-9796 (2021წ.) - 08.11.2021 წელს; 02.11.2022 წლის საგადასახადო მოთხოვნა №059-7021 (2022წ.) - 03.11.2022 წელს; 02.11.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნა №059-4897 (2023წ.) - 02.11.2023 წელს; 02.11.2024 წლის საგადასახადო მოთხოვნა №059-4711 (2024წ.) - 02.11.2024 წელს; 04.11.2025წ. საგადასახადო მოთხოვნა №059-5231 (2025წ.) - 04.11.2025წელს. მომჩივანი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე რეგისტრირებულია 21.02.2019 წლიდან. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2017-2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები მომჩივანს გაგზავნილი/წარდგენილი აქვს ელექტრონულად, რომლებსაც გადამხდელი გაეცნო 24.03.2026 წელს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საკარმიდამო მიწას, რომელზეც მომჩივანს ათი წლის განმავლობაში ერიცხებოდა მიწაზე ქონების გადასახადი და რომელზეც დღემდე ფიქსირდება სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული სადავო 120 მ2 წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს. მომჩივანს აღნიშნული ქონება მიღებული აქვს მემკვიდრეობით, რომლის ნაწილიც ------- გადასცა.
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ შესასწავლი და შესაფასებელია შემდეგი გარემოებები/ფაქტები:
1. რა სტატუსი ჰქონდა მინიჭებული სადავო მიწის ნაკვეთს დარიცხული გადასახადის პერიოდების წლების მიხედვით;
2. იყო თუ არა საკარმიდამო სტატუსის მატარებელი აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან რა პერიოდიდან განხორციელდა მიწის დანიშნულების სტატუსის ცვლილება;
3. ჰქონდა თუ მომჩივანს ხსენებულ მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება;
4. ვრცელდებოდა თუ არა საკანონმდებლო შეღავათი ამ მიწაზე და თუ იყო აღნიშნული მიწა გათავისუფლებული ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან ან/და რა პერიოდიდან იყო გათავისუფლებული;
5. ერიცხება თუ არა მომჩივანს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე დავალიანება.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტს მომჩივნის მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს საჩივრისთვის დართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, წარმოდგენილი არგუმენტები, ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები/ფაქტები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები
ფაქტების აღწერა
23.03.2026 წლის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 1 845 ლარი, საურავი 825.13 ლარი. ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ დავალიანებაზე მომჩივანს წარედგინა 23.03.2026 წლის №025-2026-047839 ბრძანება. საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილია 4.22 ლარი, ხოლო 27.03.2026 წლის №022-2026-050382 კორექტირებული საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილია 1 052.80 ლარი.
აღნიშნულის შემდგომ მომჩივანს ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 5.36 ლარი. ამავე დეპარტამენტის 24.04.2026 წლის №011-2026-068961 ბრძანებით გაუქმდა მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით, 63-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით და განმარტა, რომ ------- (პ/ნ -------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026 წლის 23 და 27 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
სახელფასო ანგარიშზე დაედო ინკასო და სრულად ჩამოეჭრა მარტის თვის ხელფასი იმ დარიცხულ გადასახადზე, რომლის გადახდა კანონით არ ეკუთვნის. საბოლოო ჯამში სახელფასო ანგარიშიდან შემოსავალების სამსახურმა ჩამოაჭრა 4.22 ლარი 23.03.2026 წელს, ხოლო 1 052.80 ლარი 31.03.2026 წელს. ამჟამად, ერიცხება გაურკვეველი დავალიანება 344.03 ლარი. ითხოვს, საინკასო დავალებებით ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას და სადავო აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
საქმეში წარმოდგენილი ვალის მართვის დეპარტამენტის 13.07.2026 წლის №64519-21-17 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 22.03.2026 წლის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რაზეც გამოიცა სადავო 23.03.2026 წლის №025-2026-047839 ბრძანება, რომლის საფუძველზეც საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 4.22 ლარი, ხოლო 27.03.2026 წლის №022-2026- 050382 კორექტირებული საინკასო დავალების საფუძველზე - 1 052.80 ლარი. მომჩივანს ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 5.36 ლარი. 24.04.2026 წელს გამოცემულ იქნა №011-2026-068961 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ ვინაიდან მომჩივანს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026 წლის 23 და 27 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.05.2026 წლის №10295 ბრძანება;
3. პირველი დავის საგნის ნაწილში, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულია ქონების გადასახადი, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წერილით წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით მიწის 2 ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლები. მომსახურების დეპარტამენტის დასკვნით განხორციელდა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო მიწის გადასახადში დარიცხული გადასახადის შემცირება აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე. ერთ მიწის ნაკვეთზე არ ფიქსირდება საცხოვრებელი სახლი/ავტოფარეხი. შესაბამისად, დარიცხული გადასახადი შემცირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საკარმიდამო მიწას, რომელზეც მომჩივანს ათი წლის განმავლობაში ერიცხებოდა მიწაზე ქონების გადასახადი და რომელზეც დღემდე ფიქსირდება სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობები.
პირველი დავის საგნის ნაწილში, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 205; 243