ბრძანება N 7104
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7104
01 აპრილი 2024
ბრძანება
შპს „------- -ის ” (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.:"------")
2024 წლის პირველი თებერვლის და 7 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა შპს „------ -ის ” (ს/ნ "------") 2024 წლის პირველი თებერვლის №87380/1/2024 და 7 თებერვლის №20042/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-412 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაიდენტიფიცირებულ პირებზე განხორციელებული განაცემების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ მიღებული მომსახურება ეხება სამედიცინო ხალათების კერვის მომსახურებას, თუმცა მიმდინარე შემოწმების ეტაპზე, მათი იდენტიფიცირების მიზნით, ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხდა ხელშეკრულებების მოძიება და წარმოდგენა.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ 2023 წლის აპრილის თვეში სალაროში თანხა მცირდება 78 345 ლარამდე, დარჩენილი თანხა, რომელიც დაფიქსირდება 2023 წლის ბოლოსათვის გაიცემა ხელფასის და დივიდენდის სახით დირექტორზე და დამფუძნებლებზე.
3. გადამხდელი ითხოვს ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძველზე დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
4. გადამხდელი ითხოვს მის მიერ გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური დანაკლისის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №9680 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ის” (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33252 ბრძანება და ამავე თარიღის №007-412 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 201 974 ლარი, მათ შორის, გადასახადი 114 705 ლარი, ჯარიმა 57 218 ლარი და საურავი 30 051 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: 1. შპს „------- -ის“ საქმიანობას წარმოადგენს ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობაში გამოსაყენებელი დამხმარე საქონლის მიწოდება. ფარმაცევტული საქონელი პირს დიდწილად შემოაქვს იმპორტის გზით, ხოლო სამედიცინო საქმიანობაში გამოსაყენებელი დამხმარე საქონელს (როგორიცაა ქირურგიული ხალათების ნაკრები და სხვა) აწარმოებს თავად სპეციალურად მოწყობილ საკუთარ ფართში დაქირავებული სამუშაო ძალის გამოყენებით. შემოწმებით შესწავლილ იქნა საწარმოს საქმიანობა და შემოწმების პროცესში წარმოდგენილი პირის ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტაცია, ასევე ელექტრონული პროგრამა „ორისი“. წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საწარმოს სამეურნეო ოპერაციების შესწავლით, ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში ასახულია სალაროს ანგარიშიდან თანხის გატანა პროდუქციის კერვის მომსახურების ვალდებულების დასაფარად. სალაროდან თანხის გასვლა აღრიცხულია მხოლოდ საბუღალტრო გატარებით 4 არაიდენტიფიცირებულ პირზე (ამათგან, პროგრამაში დაფიქსირებულია ერთი პირის სახელი საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე). გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი პროდუქციის კერვის მომსახურების გამწევ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და სალაროდან თანხის გაცემის დოკუმენტები. ოთხივე არაიდენტიფიცირებულ პირთან მიმართებაში შესრულებული გატარებები არის იდენტური (მათ შორის: ოპერაციის თარიღისა და თანხის მოცულობით) ოპერაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვის (გატარების) თარიღი არ ფიქსირდება, თუმცა გატარების ნომრის მიხედვით ჩანს, რომ აღნიშნული გატარებები პროგრამაში ასახულია არა დაფიქსირებული ოპერაციის განხორციელების თანადროულად და არც უახლოეს მიმდინარე პერიოდში, არამედ ერთ-ერთ ბოლო გატარებულ ოპერაციად. სიტყვიერი განმარტებით, მომსახურების გაწევა ხდებოდა დამკვეთის ნედლეულით, მომსახურების გამწევი პირის საქმიანობის ადგილზე იმ პერიოდებში, როცა დაქირავებულის სამუშაო ძალის გამოყენებით შეუძლებელი იყო დამკვეთებისგან მიღებული შეკვეთების უზრუნველყოფა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მოანაცემების მიხედვით, შესწავლილ იქნა შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რის საფუძველზეც არ იდენტიფიცირდება საწარმოს ნედლეულის გადაზიდვა კომპანიის საქმიანობის ადგილიდან სხვა ლოკაციაზე და პირიქით, საწარმოში საქონლის დაბრუნება. აღნიშნული ინფორმაციებისა და დოკუმენტების დამუშავების შედეგად, შემოწმების მიერ სალაროდან კერვის მომსახურებისთვის არაიდენტიფიცირებული პირებისათვის გაცემული თანხები შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად (ჯამურად 291 669 ლარი), რაზეც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელს 2022 წლის ნოემბრიდან უფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 97 094 ლარს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მიხედვით („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“) პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ. შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს ისეთ საქმინობებს, რომელზეც აქვს დღგის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ისეთ ოპერაციებს, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, აგრეთვე შეძენილი აქვს ისეთი საქონელი/მომსახურება, რომელიც ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია. შესაბამისად, ახორციელებს დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლას, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება. 2022 წლის დეკემბრისა და 2023 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია სამშენებლო მასალები, რომლებზეც მას არ აქვს გამოყენებული შესაბამისი ჩათვლის პროპორციები და სრულად აქვს ჩათვლილი აღნიშნულ საქონელზე მიღებული დღგ-ის თანხები. შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნული პერიოდების ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე და 177-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა კუთვნილი დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად (პროგრამა „ორისი“) ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი საწარმოში პერიოდულად ატარებს შიდა ინვენტარიზაციას. ინვენტარიზაციისას გამოვლენილია სხვადასხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. საქონლის დანაკლისი პირს ჩამოწერილი აქვს ბუღალტრულად, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით ანგარიშგება არ განუხორციელებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 , 160-ე და 163- ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დანაკლისი ჩაირთო მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში, ხოლო იმ საქონლის დანაკლისი, რომელიც იბეგრება 18%-იანი განაკვეთით, აისახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. პირს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში ასახულია სალაროს ანგარიშიდან თანხის გატანა პროდუქციის კერვის მომსახურების ვალდებულების დასაფარად. სალაროდან თანხის გასვლა აღრიცხულია მხოლოდ საბუღალტრო გატარებით 4 არაიდენტიფიცირებულ პირზე (ამათგან, პროგრამაში დაფიქსირებულია ერთი პირის სახელი საიდენტიფიკაციო კოდის გარეშე). გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი პროდუქციის კერვის მომსახურების გამწევ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და სალაროდან თანხის გაცემის დოკუმენტები. შემოწმების მიერ სალაროდან კერვის მომსახურებისთვის არაიდენტიფიცირებული პირებისათვის გაცემული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად (ჯამურად 291 669 ლარი), რაზეც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ ერთი ფიზიკური პირის შესახებ არსებობს მაიდენტიფიცირებელი გარემოებები, შესაბამისად, დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული ხელფასი, ჯამური თანხით 291 660 ლარი, უნდა შემცირდეს და ნაცვლად ოთხი არაიდენტიფიცირებული პირისა (ჯამში 72 917.32 ლარი) უნდა განისაზღვროს 3 არაიდენტიფიცირებული პირის ხელფასი 54 687,99 ლარი. შედეგად, შემცირებას ექვემდებარება თანხა სხვაობით 18 229.33 ლარი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს 2022 წლის ნოემბრიდან უფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 97 094 ლარს. შემოწმებით, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, კერძოდ, გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის (2023 წლის 1 აპრილამდე) სალაროში ნაღდი ფულის სახით ნაშთი შეადგენს 98 991.20 ლარს, ხოლო აპრილის თვეში სალაროში თანხა მცირდება 78 345 ლარამდე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- - ის” (ს/ნ "------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება არაიდენტიფიცირებულ პირებზე განხორციელებული განაცემების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელი ითხოვს ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების საფუძველზე დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
4. გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესწავლილ იქნა შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რის საფუძველზეც არ იდენტიფიცირდება საწარმოს ნედლეულის გადაზიდვა კომპანიის საქმიანობის ადგილიდან სხვა ლოკაციაზე და პირიქით, საწარმოში საქონლის დაბრუნება. აღნიშნული ინფორმაციებისა და დოკუმენტების დამუშავების შედეგად, შემოწმების მიერ სალაროდან კერვის მომსახურებისთვის არაიდენტიფიცირებული პირებისათვის გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად,რაზეც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2. გადამხდელს 2022 წლის ნოემბრიდან უფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი.შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
3. გადამხდელს შეძენილი აქვს ისეთი საქონელი/მომსახურება, რომელიც ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია. შესაბამისად, ახორციელებს დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლას, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება. 2022 წლის დეკემბრისა და 2023 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია სამშენებლო მასალები, რომლებზეც მას არ აქვს გამოყენებული შესაბამისი ჩათვლის პროპორციები და სრულად აქვს ჩათვლილი აღნიშნულ საქონელზე მიღებული დღგ-ის თანხები. შემოწმების მიერ დაკორექტირდა აღნიშნული პერიოდების ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და პირს დაერიცხა კუთვნილი დღგ, ასევე ჯარიმა.
4.საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა,გადამხდელი საწარმოში პერიოდულად ატარებს შიდა ინვენტარიზაციას. ინვენტარიზაციისას გამოვლენილია სხვადასხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.შემოწმებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დანაკლისი ჩაირთო მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში, ხოლო იმ საქონლის დანაკლისი, რომელიც იბეგრება 18%-იანი განაკვეთით, აისახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. პირს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154,269(7).