გადაწყვეტილება №21147/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.02.2024
№ დოკუმენტი 21147/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21147/2/2023

22 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 24.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21147/2/2023).

 

დავის საგანი:

1. გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონლის რეალიზებულად ჩათვლა;

2. შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2023 წლის №001-75 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24554 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 7 281 593 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 4 624 019

დღგ - 2 117 943

საშემოსავლო გადასახადი - 2 506 076

ჯარიმა - 2 312 010

საურავი - 345 564

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილისა და ბოსტნეულის შეძენა (ძირითადად იმპორტი) და შემდგომ რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 6.04.2021 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 მაისის №9882 ბრძანება და 5 მაისის №001-75 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24554 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონლის რეალიზებულად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში, საქონლის რეალიზაცია ხორციელდება როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტების გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული პროგრამა, რომელშიც დაფიქსირებულია 5 883 205.17 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის ჩამოწერა, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს გაფუჭებულ პროდუქციას. აღნიშნულ ფაქტზე განადგურების აქტები არაა შედგენილი. აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული პროგრამა შედგენილია შემოწმების მიმდინარეობისას. საწყის ეტაპზე გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და ინფორმაციის წარუდგენლობის გამო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული უზუსტობებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონელი დაკვალიფიცირდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონლად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ, საქონლის რაოდენობრივი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავალი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შედგენილია პროდუქციის შეფასების აქტები (წარმოადგენს დანართის სახით), რომელთა მიხედვით, გაფუჭების ზღვარზე არსებული საქონელი გაყიდულია შესაძლო სარეალიზაციო ფასად.

ამასთან გაუგებარია ის გარემოება, რომ 2021 წელზე კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემები სრულად შესაბამისობაში აღმოჩნდა შემოწმებით დადგენილ რეალიზაციებთან და ამ პერიოდში, თუ იმსჯელებს სავაჭრო ფასდარიცხვებზე, იგი შეადგენს დაახლოებით 14%-ს, ხოლო შემდგომ პერიოდზე შემოწმების მიერ გავრცელდა 80-100%-იანი ფასდარიცხვები, რაც აღნიშნულ საქმიანობაში არარეალურია, ხოლო ის რომ სარეალიზაციოდ არსებული საქონელი ხშირ შემთხვევაში მალფუჭებადია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელებული დარიცხვა არ არის შესაბამისი რეალობასთან.

 

2. შემოწმების მიერ განსაზღვრული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

გაფუჭების მოტივით, კომპანიის მიერ ჩამოწერილი პროდუქცია დაკვალიფიცირდა, როგორც დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი. შესაბამისად, დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საბაჟოდან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, განისაზღვრა განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ ჰქონდა კვალიფიკაცია.

შესაბამისად, პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული მეთოდური მითითების თანახმად, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ გაფუჭების მოტივით კი არ ჩამოწერა საქონელი, არამედ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მოხდა გაფუჭების ზღვარზე არსებული პროდუქციის შესაძლო სარეალიზაციო ფასად (რიგ შემთხვევაში თვითღირებულებაზე დაბალ ფასად) რეალიზაცია, რაც ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახულია ცალკე საბუღალტრო ანგარიშზე და რაზედაც კომპანიის მიერ შექმნილ კომპეტენტურ კომისიას აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია (წარმოადგენს დანართის სახით).

კითხვას ბადებს შემოწმების პოზიცია, რომ მიღებულია ე.წ. განკარგვადი თანხა, რაც მიღებული აქვს გადასახადის გადამხდელს. თანხის მიღების არანაირი მტკიცებულება ან რაიმე განმარტება თანხის მიღებასთან დაკავშირებით შემოწმების მასალებს თან არ ერთვის. შემოწმებამ 2022-2023 წლებში გაფუჭებულ საქონლად მიჩნეული 5 883 205.17 ლარის თვითღირებულების საქონელი რეალიზაციაში ჩათვალა და დაბეგრა რა დღგ-ით, 2023 წლის იანვრის თვეში ჩათვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც რეალობასთან ახლოს არ არის, ვინაიდან, დამატებით განმარტავს, რომ საქონელზე (5 883 205.17 ლარის) შედგენილია შეფასების აქტები (რაც ერთვის საჩივარს) და შეტანილია მთლიან რეალიზაციაში.

რაც შეეხება 2023 წლის იანვრის თვეში ხელფასის სახით კომპანიის მიერ 12 712 142 ლარის გაცემას, შემოწმების პოზიცია სრულიად არაარგუმენტირებულია და ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად:

6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება 5 883 205.17 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის ჩამოწერა, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით წარმოადგენდა გაფუჭებულ პროდუქციას. თუმცა, აღნიშნულ ფაქტზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა არ განხორციელებულა დადგენილი წესის შესაბამისად. შემოწმების მიერ დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონელი დაკვალიფიცირდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად და მასზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების მიხედვით, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საბაჟოდან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, გაანგარიშდა განკარგვადი თანხა, რომელიც პერიოდის ბოლოსთვის, განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირის (დირექტორის) მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ თანხებს, მაგრამ არ წარმოადგენს არგუმენტებს რა სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველზე მიიჩნევს დარიცხვას არამართლზომიერად, თუ არა შემოწმებით გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდისა, რა საფუძველზე დაყრდნობით იყო შესაძლებელი გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების დადგენა და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

შემოსავლების სამსახური სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად არ წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიჩნევს,რომ შემოწმების მიერ განხორციელებული დარიცხვა არ არის შესაბამისი რეალობასთან.

2.მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში,საქონლის რეალიზაცია ხორციელდება როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტების გარეშე.გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული პროგრამა, რომელშიც დაფიქსირებულია ხილ-ბოსტნეულის ჩამოწერა,რაც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს გაფუჭებულ პროდუქციას.აღნიშნულ ფაქტზე განადგურების აქტები არაა შედგენილი.აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული პროგრამა შედგენილია შემოწმების მიმდინარეობისას. საწყის ეტაპზე გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და ინფორმაციის წარუდგენლობის გამო დაჯარიმდა.

დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონელი დაკვალიფიცირდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონლად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ, საქონლის რაოდენობრივი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავალი.

გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2.გაფუჭების მოტივით,კომპანიის მიერ ჩამოწერილი პროდუქცია დაკვალიფიცირდა, როგორც დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი. შესაბამისად, დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით.პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული მეთოდური მითითების თანახმად, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),101,159,160,163,164.