გადაწყვეტილება №21411/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21411/2/2023
29 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 24.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21411/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №125-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27450 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 127 172 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 78 204
დღგ - 33 316
საშემოსავლო გადასახადი - 44 888
ჯარიმა - 38 874
საურავი - 10 094
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, გამოიცა 10.08.2023 წლის №19755 ბრძანება და №125-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27450 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთების შეძენა-რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საანგარიშო პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა, ჩამოწერებს ხორციელდება უმეტესად წლის ბოლოს, ჯამური თანხით. წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
2021 წელს დოკუმენტური ფასნამატები ედრებოდა დეკლარირებულ ფასნამატს (30%), შესაბამისად, არ მოხდა დამატებით ბრუნვის გაზრდა. 2022 წელს გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი იყო 17%, ხოლო შემოწმებით განსაზღვრული - 28%. 2023 წელს (იანვრის და თებერვლის საანგარიშო პერიოდი) გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დღგ-ის დეკლარაციები, ბრუნვაში ასახული აქვს 194 222 ლარი, ხოლო ბუღალტრულ პროგრამაში არ განუხორციელებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა საბოლოო სმფ-ების ნაშთის დაკორექტირება (28%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით). 2022 წელს საცალოდ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე (სახეობების მიხედვით, შეძენების წილის პროპორციულად) გავრცელებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები) საფუძველზე დათვლილი ფასნამატი - საშუალოდ 28%. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, რადგან:
შესამოწმებელ პერიოდში, არ ჰქონია ადგილი საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების გვერდის ავლის ფაქტს;
მსჯელობას, რომ „გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია შესამოწმებელ პერიოდში დაბეგვრის ობიექტის დადგენა,“ მიუღებელია და ეს საკითხი მოითხოვს განმარტებას, რადგან თუ 2021 წელს იგივენაირად იყო გაკეთებული ჩამოწერები როგორც 2022 წელს მაშინ რატომ არ გამოიწვია ეჭვი 2021 წლის მონაცემებმა? გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ საგადასახადო ორგანო გადაწყვეტს არაპირდაპირი მეთოდის (ფასნამატის), გამოყენებას, მას აქვს ვალდებულება გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის დაცვით. კერძოდ, რევიზიის აქტი გამოსცეს ისე, რომ შესწავლილი იყოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ფაქტები, მტკიცებულებები. რაც ჩვენს შემთხვევაში არ განხორციელებულა.
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის დაუსაბუთებელი: რევიზიის აქტის დარიცხვა პირველ საკითხში ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ფასნამატს, რომელის გაანგარიშების მეთოდოლოგია - აქტიდან ვერ ირკვევა. გარდა ზემოაღნიშნულისა, საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასნამატი, გაანგარიშებულია ხისტად, საქმისათვის არსებითი გარემოებების გათვალისწინების გარეშე. კერძოდ, ფასდაკლებების საკითხის გათვალისწინების გარეშე. მეწარმე საქონელს ხშირად ყიდის ფასდაკლებებით. ფასდაკლებები ცხადდება რეგულარულად. მათ შორის: - საქონელზე რომელიც აღარ არის აქტუალური - მორალურად მოძველდა, რადგან გამოვიდა უკეთესი პარამეტრების პროდუქტი; - ფასი აკლდება, მაგალითად, სეზონურ საქონელზე, რადგან მეწარმეს ურჩევნია ამოიღოს დაბანდებული თანხა, ვიდრე ელოდოს მთელი ერთი წელი სეზონის დადგომას; - და სხვა, ყველა საფუძვლის ჩამოთვლა შეუძლებელია.
საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყვანილი ფასნამატი ფაქტობრივ მდგომარეობას არ შეესაბამება და სრულიად აცდენილია რეალობას. რადგან: სოფლის მეურნეობაში სასოფლო სამეურნეო საქონელზე მოთხოვნა იზრდება სოფლის მეურნეობისთვის აქტიურ პერიოდში კერძოდ გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, წლის დანარჩენი პერიოდში მსგავსი სახის საქონელზე მოთხოვნა კლებულობს, ამიტომ, საქონელზე მოთხოვნის არსებობიდან, საქონლის სეზონურობიდან გამომდინარე, პროდუქტი იყიდება:
1. მინიმალური ფასნამატით; 2. თვითღირებულებით; 3. თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. საქონელი, მასზე მოთხოვნიდან გამომდინარე - იყიდება იმ ფასად რა ფასადაც შეიძლება მისი რეალიზაცია. აქტუალობას მოკლებული საქონლისათვის, ეს ხშირ შემთხვევაში, არის თვითღირებულებაზე დაბალი ფასი. თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაციის ფაქტები ანუ, საქმისათვის არსებითი ხასიათის ეს გარემოება საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემისას არ შესწავლილა და, ბუნებრივია, ვერც იქნებოდა გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების აქტში.
ამასთან სწორედ სეზონურობიდან აიხსნება 2021 წლის 30% ფასნამატთან შედარებით 2022 წლის ფასნამატის ვარდნა 17%მდე. საწარმომ ოპერირება დაიწყო 2021 მე-6 თვეს ანუ იმ პერიოდში როდესაც სასოფლო-სამეურნეო სეზონი მიმდინარეობდა. შესაბამისად გასაყიდ პროდუქციაზე მოთხოვნა დიდი იყო და რა თქმა უნდა ფასნამატიც შესაბამისი იქნებოდა, ანუ ეგრედ წოდებული მკვდარი სეზონი (იანვარი აპრილი) როდესაც აღნიშნული სახის პროდუქციაზე მოთხოვნა არ არის 2021 წელს საწარმოს ოპერაციები არ განუხორციელებია, განსხვავებით 2022 წლისგან სადაც მთელი წლის განმავლობაში ოპერირებდა საწარმო, როდესაც მას პროდუქციის გაყიდვა უწევდა როგორც დაბალ ისევე მაღალ ფასებში. დამეთანხმებით ალბათ რომ 2022 წლის ჭრილში აღნიშნული სიტუაცია ფასნამატთან მიმართებაში განსხვავებულ სურათს მოგვცემდა, ვიდრე 2021 წლის ნახევარ წელთან მიმართებაში. გამომდინარე აღნიშნულიდან, არ ეთანხმება საწარმოს შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, რადგან საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ დამატებით დარიცხვა არის მცდარი.
დავების განხილვის საბჭო მ
ხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. 2021 წელს დოკუმენტური ფასნამატები ედრებოდა დეკლარირებულ ფასნამატს (30%), შესაბამისად, არ მოხდა დამატებით ბრუნვის გაზრდა. 2022 წელს გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი იყო 17%, ხოლო შემოწმებით განსაზღვრული - 28%. 2023 წელს (იანვრის და თებერვლის საანგარიშო პერიოდი) გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დღგ-ის დეკლარაციები, ბრუნვაში ასახული აქვს 194 222 ლარი, ხოლო ბუღალტრულ პროგრამაში არ განუხორციელებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად მოხდა საბოლოო სმფ-ების ნაშთის დაკორექტირება (28%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით). 2022 წელს საცალოდ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე (სახეობების მიხედვით, შეძენების წილის პროპორციულად) გავრცელებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები) საფუძველზე დათვლილი ფასნამატი - საშუალოდ 28%.
მომჩივანი არ წარმოადგენს საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გაზიარების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება
ფაქტების აღწერა
საწარმო შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის 22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ N9 დანართის შესაბამისად, არაგონივრული ნაშთის დაკვალიფიცირდა როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ მართლზომიერია შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. ამასთან, აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არც აქტში და არც ბრძანებაში არ არის განმარტებული თუ რის საფუძველზე, რა გაანგარიშებებით გამოიყვანეს დამატებით დარიცხული თანხები, არც ის არ არის ახსნილი, რომ გამოწვეულია თუ არა აღნიშნული დარიცხვა არაპირდაპირი მეთოდით (რომელსაც არ ეთანხმება) გამოყვანილ ფასნამატთან, ან არსებობს თუ არა სხვა, უცნობი გარემოებები რომლითაც აღნიშნული დარიცხვა განხორციელდა.
დაგვეთანხმებით ალბათ, რომ სულ მცირე უნდა ვიცოდეთ თუ რატომ და რაში გვდებენ ბრალს ამხელა თანხას რომ არიცხავენ. გაუგებარია თუ რა არაგონივრულ ნაშთზეა საუბარი, რადგან ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებიდან გამომდინარე საწარმოს 2023 წლის 28 თებერვალს სალაროში ნაშთი უფიქსირდება 464.5 ლარი. რასაც ადასტურებს ბუღალტრული პროგრამა ორისიდან სალაროს (1110) ბარათის ამონაწერი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მე-9 დანართის მე-5 მუხლში მითითებულია, რომ: თუ კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად.
შესაბამისად გადასახადის გადამხდელის სალაროში 2023 წლის 28 თებერვალს არსებული ნაშთი 179552 ლარით მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე გონივრული ნაშთი (179552/0,8*0,2=44888). სინამდვილეში საბუღალტრო მონაცემებით, საბუღალტრო ბრუნვითი უწყისით და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი 2023 წლის თებერვლის საშემოსავლო დეკლარაციით დასტურდება, რომ 2023 წლის 28 თებერვლისთვის სალაროს ნაშთი შეადგენდა 464.50 ლარს. ამასთან, 2023 წლის თებერვალში საწარმოს საკასო შემოსავლებმა შეადგინა 58483 ლარი. რაც დასტურდება სალარო აპარატის ფისკალური მაჩვენებლებით, რომლის გადამოწმება სავსებით შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ გვერდზე. რომ აიღოს მხოლოდ ეს მონაცემი, რადგან აღნიშნული მონაცემი ალბათ ყველაზე სარწმუნო უნდა იყოს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისთვის, მაშინ სალაროს გონივრული ნაშთი 2023 წლის 28 თებერვლისთვის არის 5848 ლარი, რაც გაცილებით აღემატება 464.50 ლარს. გამომდინარე აღნიშნულიდან, მომჩივანი არ ეთანხმება 44888 ლარის გადასახადის და 22444 ლარის ჯარიმის საშემოსავლო გადასახადში დამატებით დარიცხვას, როგორც სალაროში არსებულ არაგონივრულ ნაშთს და მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხების დამატებით დარიცხვა არის მცდარი. ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითადაა დარღვეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ზაკ-ის მე - 601 მუხლის თანახმად, ამ აქტის ბათილობის საფუძველია.
ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ აქტის გამოცემის პროცესში არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა. საკითხისათვის არსებითი ხასიათის გარემოებების შესწავლის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. არგუმენტები, რაზეც გადასახადის გადამხდელი საუბრობს, არ არის გათვალისწინებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის 22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ №9 დანართის თანახმად, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10% (მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი და ხარჯი), ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად. პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ. შემოწმებით დადგენილია, რომ მომჩივანი შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებდა, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. უფიქსირდებოდა, როგორც საკასო შემოსავალი, ისე საკასო ხარჯი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის 22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ №9 დანართის შესაბამისად გაანგარიშდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირველი დავის საგნიდან გამომდინარე, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად და არც ფაქტიურად გააჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის 22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ №9 დანართის შესაბამისად, გაანგარიშებული არაგონივრული ფულის ნაშთის საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, გამოიცა 10.08.2023 წლის №19755 ბრძანება და №125-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27450 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154.