გადაწყვეტილება №26446/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26446/2/2026
04 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26446/2/2026).
დავის საგანი:
შემოწმების შედეგად საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული თანხის საწესდებო კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირების უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2025 წლის №041-62 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 88 566.91 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 55 714.47
დღგ - 5 071.67
საშემოსავლო გადასახადი - 50 642.8
ჯარიმა - 26 298.9
საურავი - 6 553.54
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სიმინდის/ხორბლის მარცვლის იმპორტი რუსეთიდან და მათი საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებული შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 2022 წლის 8 აგვისტოს ფიქსირდება რუსეთიდან იმპორტირებული ხორბალი (დეკლ. C114042), რომელის საინვოისო ღირებულებად მითითებულია 250 727.25 ლარი, მაშინ როდესაც მისი საინვოისო ღირებულება რეალურად არის 48 155.69 ლარი, ხოლო მომწოდებლისადმი ვალდებულება დაფარულია ანგარიში 1430-დან (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ). კერძოდ, დამფუძნებელი/დირექტორი ------- მიერ. შემოწმებისას სხვაობა 250 727.25-48 155.69=202 571.55 ლარი, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.10.2025 წლის №23379 ბრძანება და №041-62 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი კაპიტალთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 491 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, კომპანიას 2022 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით უფიქსირდება საწესდებო კაპიტალი, რომლითაც შესაძლებელია შემცირდეს შემოწმების მიერ განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა, ვინაიდან დამფუძნებელს შეუძლია მოახდინოს მისი ფულადი ფორმით სრულად ან ნაწილობრივ გატანა დაბეგვრის გარეშე. გადამხდელი განმარტავს, რომ კაპიტალის შევსების წყარო არის დამფუძნებლის პირადი ფინანსური რესურსი, კერძოდ, მისი პირადი დანაზოგი და საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა. გადამხდელი მიუთითებს საჩივარზე წარმოდგენილ დანართებზე, მათ შორის, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც დამფუძნებელმა ქონება გაყიდა 478,000 ლარად. ასევე, მომწოდებელთან შედარების აქტი და ავანსის გადახდის დადასტურების დოკუმენტი, რაც ცხადყოფს, რომ შესაბამისი გადახდები ნამდვილად განხორციელდა კომპანიის კაპიტალის შევსებით მიღებული ფულადი რესურსით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი კაპიტალთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს, რომ შემოწმებისას დირექტორზე გაცემულ ხელფასად აღიარებული 202,571.56 ლარი დაკვალიფიცირდეს საწესდებო კაპიტალის შემცირებად, რადგან:
1. კომპანიას 2022 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით უფიქსირდება საწესდებო კაპიტალი რომელიც შესაძლებელია შემცირდეს ფაქტობრივ გარემოებაში აღნიშნული 202571,56 ლარით.
2. შემმოწმებელი არ უარყოფს კაპიტალის არსებობას, თუმცა მისი შევსების წყაროს მიიჩნევს საეჭვოდ, რაც გაუგებარია, რას გულისხმობს, რადგან თუ აღიარებს კაპიტალის არსებობას (რომლის უარყოფაც შეუძლებელია, რადგან დოკუმენტალურად და საბუღალტრო ჩანაწერებით ჩანს ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის წყარო სწორედ კაპიტალია) მაშინ დამფუძნებელს შეუძლია მოახდინოს მისი ფულადი ფორმით სრულად ან ნაწილობრივ გატანა, დაბეგვრის გარეშე.
3. შემმოწმებელი კაპიტალის შევსების წყაროს მიიჩნევს საეჭვოდ, თუმცა არ განმარტა რა არის ეჭვის მიზეზი, არ წარმოადგინა არცერთი არგუმენტი, რომელიც კაპიტალის შევსების წყაროს საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს დაასაბუთებდა. განმარტავს, რომ კაპიტალის შევსების წყარო არის დამფუძნებელი ------- პირადი ფინანსური რესურსი, კერძოდ: მისი პირადი დანაზოგი; პირად საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა; წარმოდგენილია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ------- ქონება გაყიდა 478 000 ლარად. შესაბამისად ამ თანხის და პირადი დანაზოგის ინვესტირება მოახდინა საწარმოში. დამატებით წარმოადგენს მომწოდებელთან შედარების აქტს, ავანსის გადახდის დადასტურების დოკუმენტს, რაც ცხადყოფს, რომ შესაბამისი გადახდები ნამდვილად განხორციელდა, კომპანიის კაპიტალის შევსებით მიღებული ფულადი რესურსით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გათვალისწინებით, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით ფიქრობს, რომ ეს მტკიცებულებები ცალსახაა და დამატებით შესწავლას აღარ საჭიროებს, ამიტომ ითხოვს 1 202571.56 ლარი, რომელიც შემმოწმებელმა არასწორად დააკვალიფიცირა „დამფუძნებელზე გაცემულ ხელფასად“, დაკვალიფიცირდეს საწესდებო კაპიტალის შემცირებად. მოითხოვს გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი კაპიტალთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოწმების შედეგად საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული თანხის საწესდებო კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირების უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 2022 წლის 8 აგვისტოს ფიქსირდება რუსეთიდან იმპორტირებული ხორბალი, რომელის საინვოისო ღირებულებად მითითებულია 250 727.25 ლარი, მაშინ როდესაც მისი საინვოისო ღირებულება რეალურად არის 48 155.69 ლარი, შემოწმებისას სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა - დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154