ბრძანება N 32233
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32233
21 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: ------- )
2023 წლის 10 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ ----) 2023 წლის 10 ნოემბრის №84869/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №024-66 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ დამატებით მტკიცებულებებს წარმოადგენს 20 სამუშაო დღის ვადაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №19288 და 28 სექტემბრის №23822 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 2023 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 3 ოქტომბრის №24334 ბრძანება და ამავე თარიღის №024-66 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 018 751 ლარი, მათ შორის, გადასახადი 556 825 ლარი, ჯარიმა 277 073 ლარი, საურავი 184 853 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-----ს“ (ს/ნ ----) შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქონლის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული და სხვა) იმპორტი და მისი საცალო და საბითუმო რეალიზაცია. პირველადი დოკუმენტაციის და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ იმპორტირებული აქვს 1 881 406 ლარის საინვოისო ღირებულების საქონელი, საიდანაც, პირველადი დოკუმენტაციით რეალიზებული აქვს 175 541 ლარის (სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე) საქონელი 22%-იანი ფასნამატით. დეკლარირებული მონაცემებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 671 450 ლარს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საწარმოს ფაქტობრივი ეკონომიკური საქმიანობა (საქონლის იმპორტი და რეალიზაცია) უფიქსირდება მხოლოდ 2021 წლის ივლისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით. გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს N20701 ბრძანებით ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ გადამხდელს ინვენტარიზაციის მომენტისთვის სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნდა და შეადგენდა 0-ს. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითიც მოხდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, ვერ დგინდება, რა საქონელი, რა ოდენობით, რა ფასად და რა პერიოდში იქნა რეალიზებული.
შემოწმებამ გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების გაანგარიშება განახორციელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. როგორც აღნიშნულია, საწარმოს უფიქსირდება საქონლის შეძენა იმპორტის გზით. შემოწმებამ მოახდინა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიებისა და საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა დამატებით დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 1 307 628 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხით საწარმოს დაუკორექტირდა (გაეზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადამხდელს გადახდის წყაროსთან დაბეგრილი აქვს 6 500 ლარი (სახელფასო და სხვა განაცემი), გადასახადის ჩათვლით. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრული შემოსავალი განხილულ იქნა სრულად მიღებულად. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი განკარგვადი შემოსავალი, შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს N20701 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნდა. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რის შესაბამისადაც მოხდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელს არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.
რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს, შემოწმებამ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განსაზღვრა კატეგორიების მიხედვით, დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე. ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე კი გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიებისა და საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, თუმცა საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მომჩივნის პოზიციას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქონლის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული და სხვა) იმპორტი და მისი საცალო და საბითუმო რეალიზაცია. პირველადი დოკუმენტაციის და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ იმპორტირებული აქვს 1 881 406 ლარის საინვოისო ღირებულების საქონელი, საიდანაც, პირველადი დოკუმენტაციით რეალიზებული აქვს 175 541 ლარის (სარეალიზაციო ფასი დღგ-ის გარეშე) საქონელი 22%-იანი ფასნამატით. დეკლარირებული მონაცემებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 671 450 ლარს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საწარმოს ფაქტობრივი ეკონომიკური საქმიანობა (საქონლის იმპორტი და რეალიზაცია) უფიქსირდება მხოლოდ 2021 წლის ივლისიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით. გადამხდელთან ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ გადამხდელს ინვენტარიზაციის მომენტისთვის სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნდა და შეადგენდა 0-ს. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითიც მოხდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების გაანგარიშება განახორციელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა დამატებით დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 1 307 628 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხით საწარმოს დაუკორექტირდა (გაეზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადამხდელს გადახდის წყაროსთან დაბეგრილი აქვს 6 500 ლარი (სახელფასო და სხვა განაცემი), გადასახადის ჩათვლით. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით განსაზღვრული შემოსავალი განხილულ იქნა სრულად მიღებულად. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი განკარგვადი შემოსავალი, შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა"), 160(1), 163(1), 164, 168(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").