გადაწყვეტილება №19930/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.07.2023
№ დოკუმენტი 19930/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19930/2/2023

11 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 11.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19930/2/2023).

 

დავის საგანი:

დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №002-36 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11138 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 27 180.67 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 16 858

დღგ - 1 104

საშემოსავლო გადასახადი - 8 193

მოგების გადასახადი - 7 561

ჯარიმა - 8 232

საურავი - 2 090.67

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 20 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ შესყიდული ხე-ტყის მერქნული რესურსების პირველად 11 ივლისი 2023 N 03/56241 2 საგადასახადო დოკუმენტაციაში (ზედნადებებში) დაფიქსირებული ფირნიშები/წარმოშობის დოკუმენტაცია, ან არ იძებნება (გარემოს ბაზაში) ან/და ფირნიშების მიხედვით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტი მერქნული რესურსის შეძენა უფიქსირდება.

შეძენის დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მონაცემებით ან არ დგინდება ლიცენზიანტის მიერ ხეტყის დამზადების ფაქტი ან/და წარმოშობის დოკუმენტით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტია შესყიდული. შემოწმების შედეგად მინიმალური ფასის გათვალისწინებით, სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 982 მუხლის პირველი ნაწილის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ “ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6409 ბრძანება და ამავე თარიღის №002-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11138 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით და მიიჩნია, რომ საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული საქონლის შესაძენად გადახდილ თანხასა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მინიმალური ფასის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ ხარჯს შორის სხვაობა მართლზომიერად დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ ზედნადებები მიიღო გამყიდველი პირებისგან და არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომლითაც მყიდველი ვალდებულია გამყიდველთან გადაამოწმოს იმ ხის მასალის შეძენის ისტორია (სასაქონლო ზედნადებებში ფირნიშების, სახერხი საამქროს ცნობების, წარმოშობის დოკუმენტების სისწორე და სხვა), რომელსაც ყიდულობს და ამასთან მას არც ჰქონდა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა. შესაბამისად, აცხადებს, რომ შემოწმებით გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშებისას გამოყენებული 75%-იანი ნორმა და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრა დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ითხოვს მოგების გადასახდაში დარიცხული თანხისგან და შესაბამისი ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ “ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხე-ტყე დამზადებულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის/ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ.

მომჩივანი განმარტავს, რომ ზედნადებები მიიღო გამყიდველი პირებისგან და არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომლითაც მყიდველი ვალდებულია გამყიდველთან გადაამოწმოს იმ ხის მასალის შეძენის ისტორია (სასაქონლო ზედნადებებში ფირნიშების, სახერხი საამქროს ცნობების, წარმოშობის დოკუმენტების სისწორე და სხვა), რომელსაც ყიდულობს და ამასთან მას არც ჰქონდა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა. დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ შესყიდული ხე-ტყის მერქნული რესურსების პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაში (ზედნადებებში) დაფიქსირებული ფირნიშები/წარმოშობის დოკუმენტაცია ან არ იძებნება (გარემოს ბაზაში) ან/და გადამხდელს ფირნიშების მიხედვით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტი მერქნული რესურსის შეძენა უფიქსირდება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს მიერ შესყიდული ხე-ტყის მერქნული რესურსების პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაში (ზედნადებებში) დაფიქსირებული ფირნიშები/წარმოშობის დოკუმენტაცია, ან არ იძებნება (გარემოს ბაზაში) ან/და ფირნიშების მიხედვით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტი მერქნული რესურსის შეძენა უფიქსირდება. შეძენის დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მონაცემებით ან არ დგინდება ლიცენზიანტის მიერ ხეტყის დამზადების ფაქტი ან/და წარმოშობის დოკუმენტით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტია შესყიდული. შემოწმების შედეგად მინიმალური ფასის გათვალისწინებით, სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით.აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6409 ბრძანება

გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11138 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

136(3);49(1ე);61(3);73(5,9);97(1ბ);982(1ა)

 

საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი