ბრძანება N 16852

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.07.2023
№ დოკუმენტი 16852
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16852

12 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ის “ (ს/ნ „------ “ )

(მის.: „------ “)

2023 წლის 30 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ „------ “ ) 2023 წლის 30 იანვრის №78706/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №024-89 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმება მოიცავდა 2021 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდს, ხოლო დარიცხვის საფუძვლად გამოყენებულია „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9, რომელიც დაემატა 2021 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით. ამდენად, მომჩივანი განმარტავს, რომ ვინაიდან მეთოდური მითითება დამტკიცებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, მისი მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს მის ძალაში შესვლამდე პერიოდზე, ვინაიდან კანონის უკუქცევითი ძალა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ ჯარიმასაურავებს. მიუთითებს, რომ ვინაიდან საწარმოს მიმართ საგადასახადო შემოწმება დაინიშნა რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყებამდე და ეხება ამ რეჟიმის დაწყებამდე პერიოდს, ხოლო გადამხდელის მიმართ 2021 წლის 20 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გახსნილია რეაბილიტაციის რეჟიმი, მის მიმართ მოქმედებს მორატორიუმი და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ გადასახადებზე ჯარიმა-საურავის დარიცხვა დაუშვებელია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 დეკემბრის №39348 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------- ის “ (ს/ნ „------ “) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 28 დეკემბრის №33312 ბრძანება და ამავე თარიღის №024–89 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 52 898 ლარი, მათ შორის გადასახადი 8 598 ლარი, ჯარიმა 8 598 ლარი და საურავი 35 702 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სპორტული ღონისძიებების ორგანიზება ავტო/მოტოსპორტის დარგში და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობა (სწავლება, ვარჯიშები და ა.შ). შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ შემოსავლის მიღება და ხარჯების გაწევა ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) საფუძველზე, სალაროს არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილების საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. ამასთან, გაცემულ უპროცენტო სესხზე დარიცხული სარგებელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცდა მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9), (ცვლილება შევიდა 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით). ხსენებული ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებები გამოსაყენებლად სავალდებულოა 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მიმართ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე დარიცხული სარგებლის გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე აღნიშნული რეჟიმების დაწყებამდე არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავის დარიცხვა წყდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, რეაბილიტაციის რეჟიმი სრულდება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე. ხოლო, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება რეაბილიტაციის გეგმა, მისი დამტკიცების შემდგომ რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თარიღით ხორციელდება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის საფუძველზე მიმდინარე გადასახადისაგან გამიჯნული დავალიანების თანხების დარიცხვა (აღდგენა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით (საქმე #2/32145-21) დამტკიცდა შპს „------ “ -ის (ს/ნ „------ “ ) რეაბილიტაციის გეგმა, რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში შპს „------ “ -ის (ს/ნ „------ “) პროგრამულად გამოყვანილი იქნა რეაბილიტაციის რეჟიმიდან, ხოლო გადავადებული აღიარებული ვალდებულებები 2022 წლის 16 სექტემბრის თარიღით გადატანილია (აღდგენილია) ძირითად ბარათზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით ჯარიმა-საურავები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------- ის “ (ს/ნ „------ “ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.

ამდენად, მომჩივანი განმარტავს, რომ ვინაიდან მეთოდური მითითება დამტკიცებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, მისი მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს მის ძალაში შესვლამდე პერიოდზე, ვინაიდან კანონის უკუქცევითი ძალა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ ჯარიმა საურავებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სპორტული ღონისძიებების ორგანიზება ავტო/მოტოსპორტის დარგში და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობა (სწავლება, ვარჯიშები და ა.შ). შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, სალაროს არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილების საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ასევე, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

ამასთან, გაცემულ უპროცენტო სესხზე დარიცხული სარგებელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.

გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით ჯარიმა-საურავები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9 „ბ“),97(1,,ბ“) , 982(3 ,,ზ“ ), 101(1) ,154,269,270,275.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტი.