ბრძანება N 22794

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22794
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22794

18 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 15 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №83063/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №007-190 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ გავრცელებული ფასნამატი აღემატება რეალურს და ითხოვს აღნიშნული საკითხის გადახედვას.

2. მომჩივანი აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი კომუნალური ხარჯები არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6614 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 13 ივლისის №17035 ბრძანება და ამავე თარიღის №007-190 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 412 581 ლარი, მათ შორის, გადასახადი 232 489 ლარი, ჯარიმა 116 345 ლარი და საურავი 63 747 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

● შპს „----------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად და ასევე დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 21 იანვარს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული საქონელით უპირატესად საკვები პროდუქტებით, თამბაქოთი და სასმელებით, იჯარით აღებულ ფართებში. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება არადოკუმენტურად (99%). გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული წლიური ფასნამატი ჩამორჩება 2020, 2021 და 2023 წლებში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვით გამოვლენილ ფასნამატებს. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა ნაკლებია შესაბამისი საანგარიშო პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერაზე. ასევე არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა. შ) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ: საკონტროლო შესყიდვები. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის მიღებული/მისაღები შემოსავალი. კერძოდ, შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი (შესაბამისი პროდუქციის ჯგუფების მიხედვით). აღნიშნული ფასნამატი შესაბამისობაშია აუდირებული - მსგავსი საქმიანობის მქონე ობიექტების ფასნამატთან. კერძოდ: შემოწმებით შეძენის წილის პროპორციულად გაანგარიშებულ იქნა რპთ, სმფ-ების ჯგუფებისა და სახეობების მიხედვით, რაზეც გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი. შედეგად გაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები შემოსავალი და განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● შემოწმებით შესწავლილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი ნაკადების მოძრაობა, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებისა და სახვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებისა და შემოსავლების გათვალისწინებით. შედეგად განისაზღვრა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თავისუფალი განკარგვადი თანხა, რაც ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები, მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. პირი მიერ საქონლის უდიდესი ნაწილის (99%) რეალიზაცია ხორციელდება არადოკუმენტურად, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი ჩამორჩება შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებით (კერძოდ: საკონტროლო შესყიდვა) გამოვლენილ ფასნამატს. ასევე საკონტროლო შესყიდვით გამოვლენილი ფასნამატი შესაბამისობაშია აუდირებულ (მსგავსი საქმიანობის მქონე ობიექტების) ფასნამატთან. შემოწმების მიერ შეძენის წილის პროპორციულად გაანგარიშებულ იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჯგუფები, საქონლის სახეობების მიხედვით და გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიმართ ფასნამატი მართლზომიერად იქნა დადგენილი, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის შესაბამისადაც შესამოწმებელ პერიოდის ფულადი ნაკადების მოძრაობის შესწავლისას გათვალისწინებული იქნა როგროც პირის მიერ მიღებული შემოსავლები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის კომუნალური ხარჯებიც.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ გავრცელებული ფასნამატი აღემატება რეალურს და ითხოვს აღნიშნული საკითხის გადახედვას.

2. მომჩივანი აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი კომუნალური ხარჯები არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და საქონლის მოძრაობის მონაცემები, მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. პირი მიერ საქონლის უდიდესი ნაწილის (99%) რეალიზაცია ხორციელდება არადოკუმენტურად, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი ჩამორჩება შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებით (კერძოდ: საკონტროლო შესყიდვა) გამოვლენილ ფასნამატს. ასევე საკონტროლო შესყიდვით გამოვლენილი ფასნამატი შესაბამისობაშია აუდირებულ (მსგავსი საქმიანობის მქონე ობიექტების) ფასნამატთან. შემოწმების მიერ შეძენის წილის პროპორციულად გაანგარიშებულ იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჯგუფები, საქონლის სახეობების მიხედვით და გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი.

2. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის შესაბამისადაც შესამოწმებელ პერიოდის ფულადი ნაკადების მოძრაობის შესწავლისას გათვალისწინებული იქნა როგროც პირის მიერ მიღებული შემოსავლები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის კომუნალური ხარჯებიც.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159;

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)