ბრძანება N 20371
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20371
17 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----- “ (ს/ნ "------" )
(მის.: "------" )
2023 წლის 20 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "-------" ) №82452/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №EL215375 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 30 ივნისს შემოვიდა საქონლის შემოტანამდე დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ქართული ენის არმცოდნე მძღოლი. მძღოლმა საბაჟო კონტროლის ზონის ნაცვლად საქონელი წაიღო კომპანიის საწყობში, სადაც საწყობის თანამშრომლებმა გახსნეს სატრანსპორტო საშუალება ისე რომ დადებული მასზე ლუქისთვის არ მიუქცევიათ ყურადღება და გადმოტვირთეს საქონელი. აღნიშნული ფაქტიდან 24 საათში, საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან კომპანიის საკონტაქტო პირთან შედგა კომუნიკაცია და გაირკვა, რომ ტვირთზე იდო ლუქი, რომელზეც მოქმედებდა შეზღუდვები. ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ შეწყდა ტვირთთან მიმართებით დაგეგმილი ყველა პროცედურა. მომჩივნის განმარტებით, მათი მხრიდან არ მომხდარა საქონლის განკარგვა და უფრო მეტიც, პარტიაში შემავალი საქონლის თითოეული ერთეული დასაწყობებული იყო საწყობის ტერიტორიაზე, თუმცა საქონლის თითოეულ ერთეულს არ აქვს რაიმე უნიკალური მაიდენტიფიცირებელი, რომელიც მას მიაკუთვნებს კონკრეტულ პარტიას. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ გადმოტვირთული საქონელი იყო განკარგული. მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ კომპანიას არ ჰქონია რაიმე სახის განზრახვა დაერღვია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა. სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მძღოლის მხრიდან ენის ბარიერისა და საწყობის თანამშრომლების გამოუცდელობით.
მომჩივანი ასევ მიუთითებს, რომ არსებული პრაქტიკის გათვალისწინებითა და კომპანიის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე სადავო ოქმი ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 30 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით საქართველოში შემოვიდა №"-------" სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებოდა შპს „----- - ის ” კუთვნილი, საქონლის შემოტანამდე №"-------" საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული 42 139.35 ლარის საბაჟო ღირებულების სარეცხი საშუალებები.
სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №"-------" აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით, საქონელი გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“-ის დანიშნულებით.
2023 წლის 4 ივლისს შპს „------ - ის “ წარმომადგენლის №"-------" განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“-ისა გამოცხადდა ქ. "------" -ში , ------ ქ. №14-ში მდებარე შპს „------ - ის “ საწყობში.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ იმავე დღეს განხორციელდა შპს „------ - ის “ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც № ------- საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
ვინაიდან შპს „------ - ის “ მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, "-------"-ის განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 4 ივლისს შედგენილი №EL215375 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „----- -ს “ სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7 585.08 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოიცა №EL69400/206 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცა დღგ – 7 585.08 ლარის ოდენობით, ხოლო №"-------" საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნა ცნობილი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა კომპანიის საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დასკირებული პასუხისმგებლობა მართზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ - ის “ (ს/ნ "-------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი თვლის ,რომ კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე სადავო ოქმი ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ისა გამოცხადდა მომჩივნის საწყობში.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ იმავე დღეს განხორციელდა გადამხდელის საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის,გადამხდელს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,172.