ბრძანება N 32668

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2023
№ დოკუმენტი 32668
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32668

25 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ ------)

(მის.: --------)

2023 წლის პირველი ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ -----) №84553/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №032-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ დღგ-ს და მიუთითებს შემდეგზე:

 ფასნამატის გამოთვლისას კატეგორიებზე სხვადასხვა მეთოდია გამოყენებული. მაგალითად, ეთანხმება შაბიამნის ფასნამატის გამოანგარიშებას, რომელიც წლების მიხედვით არის ჩაშლილი. მიიჩნევს, რომ არასწორად არის დაანგარიშებული ძირითადი სარეალიზაციო პროდუქტი - ბორდო და ბორდოს ნარევი, ისინი ერთმანეთშია არეული და წლების მიხედვით არ არის ჩაშლილი;

 არასწორადაა დაჯგუფებული საქონელი, მაგალითად, ერთად არის დაჯგუფებული დიდი ზომის და პატარა ზომის გადასაბმელი ფიტინგები. ამიტომ მათზე საშუალო ფასის გამოყვანა გაუმართლებელია;

 საშუალო ფასნამატი არის გაანგარიშებული არასწორად, მაგალითად, ელექტრო ხერხებზე გაანგარიშებული ფასნამატი გავრცელებულია კატეგორიაზე „ სხვა ხერხები“. ამ კატეგორიაში კი 340 826 ლარის საქონელია დაჯგუფებული.

 გადამხდელი მიუთითებს, რომ საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშებისას დაშვებულია მთელი რიგი შეცდომები, კერძოდ, საშუალო ფასნამატის გაანგარიშებისას შესწავლილი უნდა ყოფილიყო როგორც მაღალი ფასნამატი ისე დაბალი. ამასთან, თითოეული კატეგორიის საქონელს იმ პროპორციით უნდა მიეღო მონაწილეობა საშუალო ფასნამატის დადგენის ანგარიშში, რა წილითაც არის წარმოდგენილი რეალიზებული სმფ-ების მთლიან ცხრილში;

 საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება არასწორადაა განსაზღვრული. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია 1 189 399 ლარის საქონელი, პერიოდის ბოლოს ნაშთი 34 206 ლარის, რეალიზებულია 1 155 193 ლარის თვითღირებულების საქონელი. აქტის თანახმად, დოკუმენტით რეალიზებულია 69 363 თვითღირებულების საქონელი, საცალოდ რეალიზებულია 1 085 829 ლარის;

 დასაბეგრი საქონლის გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საჭიროებისთვის გაწეული დანახარჯები.( მაგ: შესაფუთი მასალები, ბოთლები, გათბობის რადიატორები);

 იგნორირებულია სხვა რეალიზაციის თვითღირებულებები და ტერმინალით რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე აღარ უნდა მომხდარიყო განმეორებით გადასახადების დარიცხვა;

 გაანგარიშების ცხრილში მოხვედრილი რეალიზაციის ჯგუფში „არ უნდა დაჯგუფდეს“ - შესაბამისი თვითღირებულებები დაკლებული არ არის მთლიან თვითღირებულებაზე, შედეგად ზედმეტად იბეგრება საქონელი, რომელიც შესაბამის რეალიზაციას მიეკუთვნება;

 დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის თვითღირებულებები განსაზღვრულია არასწორად. ასევე, ფასნამატი გავრცელებულია დოკუმენტურად რეალიზებულ საქონელზეც, რაც არასწორია.

2. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არასწორად არის განსაზღვრული განკარგვადი თანხის მოცულობა. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულია ტექნიკური შეცდომები, კერძოდ, ცხრილის მიხედვით, დოკუმენტური შესყიდვები შეადგენს 1 392 984 ლარს, თუმცა ფულადი თანხების გაანგარიშებაში გასავალში მონაწილეობს 1 288 095 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №18068 და 28 სექტემბრის №23811 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“-ის (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის პირველი აგვისტომდე პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24581 ბრძანება და ამავე თარიღის №032-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 307 233 ლარი, მათ შორის, გადასახადი 189 151 ლარი, ჯარიმა 94 664 ლარი, საურავი 23 418 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს -----ის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს ------ს რაიონში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა პროდუქციით (ყვავილებით, მცენარეულით, თესლეულით, სასუქებით, შხამქიმიკატებით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა იარაღებით, ნაწილებით და სხვ) საცალო ვაჭრობა. პირს უფიქსირდება როგორც 18%-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის რეალიზაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, პირი არ სარგებლობს ბუღალტრული აღრიცხვით, შესაბამისად აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მათ შორის, სმფ-ის, ფულისა და სხვა ნაშთები) მოწოდებულია ჯამური მონაცემებით ყოველი წლის ჭრილში. შედეგად, მოწოდებული სმფის ნაშთებისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების ანალიზით, დეკლარირებული ფასნამატი დადგინდა საშუალოდ 6%-ის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, პირის შემოსავლები გამოანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშდა იდენტიფიცირებადი საქონლის ჯგუფების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატები, რაც გავრცელდა შესაბამისი დასახელების საცალოდ რეალიზებული საქონლის ჯგუფის თვითღირებულებაზე. ამასთან, გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა იმ საქონელზე, რომელთა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. ამგვარად გაანგარიშებული საერთო ფასნამატი დღგ-ით დასაბეგრ საქონელზე შეადგენს 42,3%-ს, ხოლო გათავისუფლებულ საქონელზე შეადგენს 41,1%- ს. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა 741 010 ლარის ოდენობით, რომელიც გადანაწილდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების პროპორციულად. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულმა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულმა ოპერაციებმა შეადგინა 890 829 ლარი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შეადგენს 380 ლარს. ამასთან, 2023 წლის 25 ივლისის N18004 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელთან ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურებით, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 400 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირად გამოანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი (საკითხი N1-ის გათვალისწინებით). შედეგად, დადგინდა საწარმოს განკარგვადი თანხები, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის N22708 მეთოდური მითითების შესაბამისად, ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას, ხოლო შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მათ შორის, სმფ-ის, ფულისა და სხვა ნაშთები) წარმოდგენილია ჯამური მონაცემებით ყოველი წლის ჭრილში.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე კონტროლი და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, გაანგარიშდა იდენტიფიცირებადი საქონლის დოკუმენტური ფასნამატები ჯგუფების მიხედვით, რაც გავრცელდა შესაბამისი დასახელების საცალოდ რეალიზებული საქონლის ჯგუფის თვითღირებულებაზე. ამასთან, გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა იმ საქონელზე, რომელთა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. ამგვარად გაანგარიშებული საერთო ფასნამატი დღგ-ით დასაბეგრ საქონელზე შეადგენს 42,3%-ს, ხოლო გათავისუფლებულ საქონელზე შეადგენს 41,1%-ს. შედეგად, დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების პროპორციულად და გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი დღგ. ასევე, შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოანგარიშდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი. შედეგად, დადგინდა საწარმოს განკარგვადი თანხა, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან მიმართებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა:

 ,,ბორდოს“ და ,,ბორდოს ნარევის“ ჯგუფებს - ,,ბორდოს ნარევის“ ჯგუფში გადატანილია ისეთი საქონლის რეალიზაცია, რომლის ერთეულის სარეალიზაციო ფასი იდენტური იყო ,,ბორდოს ნარევის“ დასახელებებთან.

 „დრუჟბა ხერხებისა“ და ,,ბენზო ხერხების“ ჯგუფების შემთხვევაში, შემოწმების მონაცემებით მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა საქონლის შეძენა და რეალიზაცია ,,დრუჟბის“ დასახელებით, იმავე დღეს შეძენილი ბენზოხერხის ერთეულის ფასი კი განსხვავდებოდა დრუჟბის შეძენის ფასისგან, ამიტომ მოხდა ცალკე ჯგუფად გამოყოფა, სხვა შემთხვევაში უნდა მომხდარიყო მისი ან ,,ბენზო ხერხების“ ჯგუფში გაერთიანება ან ,,სხვა საქონლის“ ჯგუფში გაერთიანება.

 „გადასაბმელი ფიტინგების“ ჯგუფებთან დაკავშირებით - გამომდინარე იქიდან, რომ რეალიზაციის დროს ძირითადად არ იდენტიფიცირდებოდა, თუ რომელი ზომის ფიტინგი იყო რეალიზებული დოკუმენტით, მოხდა მათი ერთ ჯგუფში გაერთიანება.

 ხარჯებთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ქონების ნუსხაში მითითებული არ იყო რადიატორები, თაროები და სხვა მსგავსი სამეურნეო დანიშნულების მოწყობილობები, რომელიც შეიძლებოდა რომ გასაყიდად არ მიჩნეულიყო. ამასთან, პირს შეძენილი აქვს 9 ცალი რადიატორი და პანელური რადიატორი , ხოლო შესაბამისი მონტაჟის ან/და სხვა სახის დამატებითი მასალის შეძენა (მაგ; რადიატორის ქვაბი) არ უფიქსირდება. გაანგარიშებაში იღებს მონაწილეობას შესაფუთი პარკები და სხვა მსგავსი საქონელი, თუმცა გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაპირდაპირი ანალიზით ამ საქონლის საერთო საქონლიდან გამიჯვნა არ მომხდარა, ხოლო აღნიშნული საქონლის წილი მთლიან შეძენებში უმნიშვნელოა.

 ტერმინალით რეალიზებული საქონლის თვითღირებულებასთან დაკავშირებით, აღნიშნული წარმოადგენს არა ტერმინალით რეალიზაციას, არამედ დოკუმენტის გარეშე შეძენილ საქონლის დამატებით რეალიზაციას, რომელიც გამოვლინდა საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად, გადამხდელის მიერ სხვადასხვა პირებზე გადარიცხული თანხებიდან. აღნიშნული თემის მიხედვით საქონლის თვითღირებულება არ არის შეძენებში და არც ჩამოწერებში მიუღია მონაწილეობა.

 „არ უნდა დაჯგუფდეს“ სახელწოდებასთან დაკავშირებით რეალიზაციის ამ ჯგუფში შემავალი საქონელი შერჩევით იქნა გადამოწმებული შესაბამის შეძენასთან, შედეგად ისინი ვერ იდენტიფიცირდნენ. ამასთან, აღნიშნულ ჯგუფში შედის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ,,ტრანსპორტირების მომსახურებებიც“. აღნიშნულიდან გამომდინარე მასზე მიკუთვნებული თვითღირებულების გადმოტანა დაუბეგრავ ბრუნვაში არ მომხდარა, როგორც ამაზე გადამხდელი მიუთითებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/ მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ დღგ-ს.

2. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არასწორად არის განსაზღვრული განკარგვადი თანხის მოცულობა. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულია ტექნიკური შეცდომები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, პირი არ სარგებლობს ბუღალტრული აღრიცხვით, შესაბამისად აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მათ შორის, სმფ-ის, ფულისა და სხვა ნაშთები) მოწოდებულია ჯამური მონაცემებით ყოველი წლის ჭრილში. შედეგად, მოწოდებული სმფ-ის ნაშთებისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების ანალიზით, დეკლარირებული ფასნამატი დადგინდა საშუალოდ 6%-ის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, პირის შემოსავლები გამოანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ გაანგარიშდა იდენტიფიცირებადი საქონლის ჯგუფების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატები, რაც გავრცელდა შესაბამისი დასახელების საცალოდ რეალიზებული საქონლის ჯგუფის თვითღირებულებაზე. ამასთან, გაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა იმ საქონელზე, რომელთა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. ამგვარად გაანგარიშებული საერთო ფასნამატი დღგ-ით დასაბეგრ საქონელზე შეადგენს 42,3%-ს, ხოლო გათავისუფლებულ საქონელზე შეადგენს 41,1%- ს. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დადგინდა 741 010 ლარის ოდენობით, რომელიც გადანაწილდა გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების პროპორციულად. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულმა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულმა ოპერაციებმა შეადგინა 890 829 ლარი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შეადგენს 380 ლარს. ამასთან, გადამხდელთან ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურებით, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 400 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირად გამოანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი (საკითხი N1-ის გათვალისწინებით). შედეგად, დადგინდა საწარმოს განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/ მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა"), 163(1), 164(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა""ა.ა").