გადაწყვეტილება №25786/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25786/2/2025
26 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ -------“-ის 3.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25786/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის №086-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17536 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 313 057,15 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 199 705,33
დღგ - 64 159,73
საშემოსავლო გადასახადი - 135 545,60
ჯარიმა - 103 327,30
საურავი - 10 024,52
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 13 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 16 ივნისის №12517 ბრძანება და №086-17 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17536 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის პირველ ნოემბერს. ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს უცხოეთიდან ფეხსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაკერი მასალების იმპორტი, სულ ღირებულებით - 702 049 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი აქვს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები, სადაც საქონლის რეალიზაციით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა დაფიქსირებული აქვს 700 520 ლარის ოდენობით, ასევე, წარმოდგენილია მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით დეკლარირებული და დაბეგრილი აქვს გაცემული ხელფასი სულ 400 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული საქონლის რეალიზაციას ახდენდა სოფელ „ -------“-ში და „ -------“-ში, ტრანსპორტიდან საცალოდ 5-დან 7% მდე ფასნამატით, რეალიზაცია ხდებოდა სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით, მაგრამ არ ჰქონდა რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი. მისივე განმარტებით საქონლის, ძირითადი საშუალებების, დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის საწყისი და საბოლოო ნაშთები 0-ის ტოლია.
რადგან გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას, ვერ იქნა წარდგენილი სმფ-ების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. საწარმოს არ აქვს გამოწერილი რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურა ან/და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატის დადგენა.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, ხოლო იმ საქონელზე რაზეც არ მოიპოვება იდენტური საქონლის ფასნამატი, გამოყენებული იქნა მსგავსი სპეციფიკაციის მქონე სხვა ჯგუფის ფასნამატი.
შედეგად, დეკლარირებულ მონაცემებთან გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
უცხოეთიდან შემოტანილია 702 049 ლარის ღირებულების საქონელი, რომლის რეალიზაცია ხდებოდა ზედნადებების და სალარო აპარატის ქვითრების გარეშე, რაც კომპანიის მხრიდან დარღვევაა, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ უსამართლოდ დიდი გადასახადი იქნა დაკისრებული 199 705 ლარი, გაუგებარია რა მეთოდით იქნა არაპირდაპირი გზით ფასნამატის განსაზღვრა, ბაზარზე არსებული რამდენი მსგავსი საქმიანობის მქონე ორგანიზაცია იქნა მოკვლეული, ან საერთოდ რამდენი პროცენტით განისაზღვრა ფასნამატი. კომპანიას ფაქტიურად არ უნახია მოგება და მხოლოდ 5 პროცენტიანი ფასნამატით ახდენდა რეალიზაციას.
შესაბამისად გამოყენებული უნდა იქნას აღნიშნული ფასნამატი და აქედან გამოანგარიშდეს ყველა სახის გადასახადი, ჯარიმა და საურავი, ბრძანებაში აღნიშნული არ არის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის რომელი ნაწილი იქნა დაჯარიმებული კომპანია. სრულიად უკანონოა და მიუღებელია 542 182 ლარის დირექტორის ხელფასად განსაზღვრა, მაშინ როდესაც 702 049 ლარი წარმოადგენს ორგანიზაციის ხარჯს, რაც რატომღაც არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მიერ.
ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელთან საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატის გამოყენებით, ხოლო იმ საქონელზე რაზეც არ მოიპოვება იდენტური საქონლის ფასნამატი, გამოყენებული იქნა მსგავსი სპეციფიკაციის მქონე სხვა ჯგუფის ფასნამატი.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატი. ამასთან, საინვოისო ღირებულების გათვალისწინებით მოხდა ფასნამატის გაანგარიშება და შესაბამისად რეალიზებულ საქონელზე გაავრცელა აღნიშნული ფასნამატი.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
2. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. გადამხდელის ახსნა- განმარტებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელთან დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, ასევე ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმებით, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთი 542 182 ლარის ოდენობით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და
აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გაანგარიშებული ფულის ნაშთი, 542 182 ლარის ოდენობით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს მის მიერ მითითებული ფასნამატი (5%) და აქედან გამოანგარიშდეს ყველა სახის გადასახადი, ჯარიმა და საურავი. დირექტორის ხელფასად განისაზღვრა 542 182 ლარი, მაშინ როდესაც 702 049 ლარი წარმოადგენს ორგანიზაციის ხარჯს, რაც არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მიერ.
მომჩივნის არგუმენტი, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ხელფასად განხილული თანხის ხარჯად განსაზღვრასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულია საქონლის საინვოისო ღირებულება ხარჯებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი მომჩივანს არ ჰქონდა აღრიცხული და შესაბამისად დეკლარირებული, ამასთან არც ფაქტიურად გააჩნდა, მართლზომიერად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივნისის საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის ბრძანება.
2.მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.დეკლარირებულ მონაცემებთან გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2.გადამხდელის ახსნა-განმარტებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელთან დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, ასევე ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმებით, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთი 542 182 ლარის ოდენობით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ასევე შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154.