ბრძანება N 16202

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.07.2026
№ დოკუმენტი 16202
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

15 ივლისი 2026

N 16202

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 22 ივნისის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2026 წლის 22 ივნისის №103012/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 ივნისის №086-25 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საწყისი ნაშთის კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფასნამატის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტონაწილებით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაცია. 2025 წლის 25 მარტს ჩატარდა საწარმოს “ სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 409 433 ლარს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოთვლილი ნაშთები გადამხდელის მიერ დაკავშირდა შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებთან, რის შედეგადაც განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება და ფასნამატი. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. შეძენილ და რეალიზებულ პროდუქციას აქვს განსხვავებული დასახელებები და ვერ ხერხდება დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. ვინაიდან, გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამას, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი. ასევე, გადამხდელს ადგილობრივ მომწოდებელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლისას არ აქვს გათვალისწინებული კორექტირებები და ავანსის განაშთვები. შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის/მომსახურების და სმფ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრები, გათვალისწინებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები და გადამხდელის მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ნაშთად დარჩენილი თანხა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, შპს „---ს“ დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ და რეალიზებულ პროდუქციას აქვს განსხვავებული დასახელებები, ამდენად, შემოწმებით ვერ განხორციელდა დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი ითხოვს საწყისი ნაშთის განსაზღვრას 2023 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, როლის თანახმად, შემოწმების დაწყებისას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, მოთხოვნილი იყო ცნობა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების შესახებ. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ხელმოწერილი ცნობა, რომლის მიხედვით სმფ-ის ნაშთი 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 184 780 ლარს. შემოწმება ჩატარდა აღნიშნულ ნაშთზე დაყრდნობით, გაანგარიშების ცხრილები გაეზავნა გადამხდელს. გადამხდელმა მოითხოვა მოგების დეკლარაციაში ასახული სმფ-ის ნაშთის მონაცემების მიხედვით მომხდარიყო გაანგარიშება. ანალიზის ჩატარების შედეგად, მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახული ინფორმაცია სმფ-ის ნაშთების შესახებ მიჩნეულ იქნა არასანდოდ, ვინაიდან, სმფ-ის მიზნებისთვის ჩატარდა წინა პერიოდის ანალიზიც, რომლის მიხედვით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება აჭარბებდა დეკლარირებულ ბრუნვას, ამასთან, თუ შესამოწმებელ პერიოდში წლების მიხედვით დავეყრდნობით მოგების გადასახადის დეკლარაციებში ასახულ სმფ-ების ნაშთებს, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ზოგიერთ წელს მინუსდება და დეკლარირებული ფასნამატი გამოდის რეალობასთან შეუსაბამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ შესამოწმებელი პერიოდის საწყის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთად მხედველობაში მიიღო თავად გადამხდელის მიერ შემოწმების დაწყებისას წარმოდგენილ ხელმოწერილ ცნობაში დაფიქსირებული მონაცემი – 184 780 ლარი, როგორც გადამხდელის მიერ ოფიციალურად წარმოდგენილი პირველადი ინფორმაცია.

ყოველივე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საწყის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთად მართლზომიერად იქნა განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში თავდაპირველად წარდგენილი ინფორმაცია. აგრეთვე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა და ინვენტარიზაციის ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საწყისი ნაშთის კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფასნამატის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტონაწილებით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს უფიქსირდება როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო რეალიზაცია. მომჩივნის სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 409 433 ლარს. ინვენტარიზაციის შედეგად გამოთვლილი ნაშთები გადამხდელის მიერ დაკავშირდა შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებთან, რის შედეგადაც განისაზღვრა საქონლის თვითღირებულება და ფასნამატი. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. შეძენილ და რეალიზებულ პროდუქციას აქვს განსხვავებული დასახელებები და ვერ ხერხდება დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. ვინაიდან, გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამას, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი. ასევე, გადამხდელს ადგილობრივ მომწოდებელზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლისას არ აქვს გათვალისწინებული კორექტირებები და ავანსის განაშთვები. შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის/მომსახურების და სმფ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრები, გათვალისწინებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები და გადამხდელის მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ნაშთად დარჩენილი თანხა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1,2).