ბრძანება N 16897
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 16897
12 ივლისი 2023
შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: -------------)
2023 წლის 4 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა
შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------) 2023 წლის 4 მაისის №76750/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №028-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ ---------- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა სარჩელი, ხოლო ----------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავისი განჩინებით უცვლელად დატოვა ------------ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ----------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 6 სექტემბრის №31004 ბრძანება და ამავე თარიღის №028-18 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 დეკემბრის №44462 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 30 სექტემბრის №48310/1/2019 გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებით დაევალა შემოსავლების სამსახურს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად, გამოეცა ახალი აქტი საწარმოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასათან დაკავშირებით. გადამხდელი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა სასამართლოს გადაწყვეტილება და მიაჩნია, რომ შემმოწმებლები ზერელედ მიუდგნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასმული საკითხების გადაწყვეტას. სასამართლომ გაითვალისწინა მოყვანილი არგუმენტები შემოწმების დროს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის დროს არარეალურად მაღალი ფასნამატების გამოყენების შესახებ, რომლის დროსაც საწარმოს სხვადასხვა ობიექტებზე ჩატარებული სასაქონლო12 ივლისი 2023 N 16897 მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი საქონლის ნაშთები შემმოწმებლების მიერ დაყოფილ იქნა სხვადასხვა ჯგუფებად და გამოყვანილ იქნა საქონლის ფასნამატები, რომელიც იყო საშუალოდ 100%, ხოლო ზოგიერთი სახის პროდუქციაზე - 300-400% და 756%-ის ოდენობით. მიუთითებს, რომ შემმოწმებლებმა გადამხდელის გარეშე განიხილეს აღნიშნული საკითხი და არ გაითვალისწინეს წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ვერსია, რომელშიც ფასნამატი გაანგარიშებულია საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი საქონლის სარეალიზაციო ფასების შეპირისპირებით ამავე საქონლის შეძენის დოკუმენტებში მითითებულ ფასებთან.
რაც შეეხება შემცირებული სასესხო ვალდებულებების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლას, შემმოწმებლებმა ჩათვალეს, რომ 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოს დირექტორის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა და 2016 წლის განმავლობაში დირექტორზე სესხის ვალის დასაფარად გაცემული 356 816 ლარი ჩაუთვალეს დირექტორს მიღებულად, შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი და დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება არ მოახდინეს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ----------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.
------------ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა ------------ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „------------“-ის (ს/ნ -----------) სარჩელი და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
------------ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „------------“-ის (ს/ნ -------------) სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით: ,,1. შპს „-----------“-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ----------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „--------------“-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 6 სექტემბრის №31004 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 6 სექტემბრის №028- 18 საგადასახადო მოთხოვნა;
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 დეკემბრის №44462 ბრძანება;
6. ბათილად იქნეს ცნობილი დავების განმხილველი საბჭოს 2020 წლის 30 სექტემბრის №48310/1/2019 გადაწყვეტილება.
7. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „------------“-ის მიმართ საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებით.“
--------------- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად:
პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო ვალდებულების დადგენისას იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
პალატა მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის, ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლების სამსახურმა მხარესთან შეთანხმებით განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გაანგარიშების აუდიტის მიერ არჩეული მეთოდოლოგიის შესაბამისობა რეალურ ფაქტობრივ გარემოებებთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა დადგენილია, რომ შპს „-----------“- საწარმოო დანიშნულებით აწარმოებს არასტანდარტული ქსოვილის ნაჭრების იმპორტს, რომლიდანაც საკმაოდ დიდი ნაწილი არის წუნდებული. წარმოების ფუნქციონირების პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას დაუგროვდა ქსოვილის საწარმოო ნარჩენები პირვანდელი ღირებულებით 297 780 ლარის ოდენობით, რაც სასაქონლო მატერიალური მარაგის საბოლოო ნაშთის დადგენისას შემმოწმებლის მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რამაც გავლენა იქონია რეალიზებული პროდუქციის მოცულობაზე და ხელოვნურად იქნა გაზრდილი დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ქსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.10.2019 წლის №00727619 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სხვადასხვა ზომის და ფაქტურის ქსოვილის ნაჭრების (ტექსტილი) საერთო წონამ შეადგინა 86995 კგ.
აღნიშნულიდან დასტურდება, რომ საზოგადოებას ნამდვილად გააჩნდა საწარმოო ნარჩენები და კანონმდებლობის შესაბამისად თვითღირებულებით აღრიცხული ჰქონდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მარაგებში.
რაც შეეხება შემცირებულ სასესხო ვალდებულების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით საქმეში არსებული მასალიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის გაუგებარია შპს-ს დირექტორის --------------- მიმართ არსებული 456 816 ლარის სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებით აუდიტორის შეფასება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს-ს სალაროს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა. ასევე, გაუგებარია რაზე დაყრდნობით ჩათვალა შემმოწმებელმა, რომ დირექტორის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულება, რომლის არსებობა დადგენილია 2015 წლის 15 სექტემბრის №1 სესხის ხელშეკრულებით შპს-მ 2016 წლის 01 იანვრამდე გაისტუმრა, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული 15.09.2016 წლის შეთანხმებით დადგენილია, რომ ცვლილება მოხდა 15.09.2016 წლის №1 სესხის ხელშეკრულებაში და 3.1 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მომქმედების ვადა გაიზარდა 2 წლით - 2018 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო მხარეებს შორის 2015 წლის 15 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული საკრედიტო ხაზის ოდენობა დარჩა უცვლელი 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.
ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „------------“-სა და ----------- შორის საგადასახადო შემოწმების დროს არსებობდა სასესხო ვალდებულებები.“
------------ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა 15798 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 4 აპრილის №028-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დამატებით სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, შედეგად არ დგინდება შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული სამეურნეო ოპერაციები შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვედებარა შემცირებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული წარმოების ნარჩენები გათვალისწინებულია შემოწმების დროს, ნარჩენის რეალიზაცია არ მომხდარა, რადგან საქონლის წარმოება და შესაბამისი ნედლეულის ჩამოწერა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების შესაბამისად (გადასახადის გადამხდელს თვითონ ჰქონდა აღრიცხული საქონლის წარმოებისას რა რაოდენობის მასალას იყენებდა და რა რჩებოდა ნარჩენების სახით, რაც გათვალისწინებულია შემოწმებისას). ასევე, საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა კონკრეტული სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ჯგუფში გაერთიანდა იდენტური/მსგავსი საქონელი, ხოლო ფასნამატის გავრცელება მხოლოდ დოკუმენტების გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დოკუმენტებით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის გამოყენება არ მომხდარა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაკორექტირდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პალატა დადგენილად მიიჩნევს შპს „------------“-სა და ------------- შორის სასესხო ვალდებულებებების არსებობის ფაქტს. შემოწმების მიმდინარეობისას ჩაითვალა, რომ შპს „------------“-სა და -------------შორის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სასესხო ვალდებულებები არ არსებობდა. მოცემულ შემთხევაში, სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია შესამოწმებელ პერიოდამდე (შესამოწმებელი პერიოდი 01.01.2016 - 01.10.2018) 2013 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისად მხოლოდ სესხის ხელშეკრულების არსებობა ვერ გახდება დარიცხული თანხის შემცირების საფუძველი, რადგან როგორც წინა საგადასახადო შემოწმებით, ასევე ჩვენს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით და გაზრდილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები, რაც გამოწვეული იყო ბუღალტრული აღრიცხვის არასწორად/არასრულად წარმოების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება და სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციას კვალიფიკაციის შეცვლა მართებულია, შესაბამისად შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირებას არ დაექვემდებარა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საწარმოს 2016 წელს შეძენილი აქვს (იმპორტის სასაქონლო რეჟიმით) ფარდა-ჟალუზები, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საბაჟო დეკლარაცია და შესაბამისი ინვოისი წარმოადგენს შემოწმების შედეგად აღურიცხავი საქონლის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად აღნიშნულ საკითხში შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა 15 798 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით
მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლი თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ დამატებით სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოების ნარჩენები გათვალისწინებულია შემოწმების დროს, კერძოდ, ნარჩენის რეალიზაცია არ მომხდარა, რადგან საქონლის წარმოება და შესაბამისი ნედლეულის ჩამოწერა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი კალკულაციების შესაბამისად. ასევე, საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა კონკრეტული სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ჯგუფში გაერთიანდა იდენტური/მსგავსი საქონელი, ხოლო ფასნამატის გავრცელება მხოლოდ დოკუმენტების გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დოკუმენტებით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის გამოყენება არ მომხდარა.
სასესხო ვალდებულების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების დასკვნის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია შესამოწმებელ პერიოდამდე (2013 წლის 15 სექტემბერს), შესაბამისად მხოლოდ სესხის ხელშეკრულების არსებობა ვერ გახდება დარიცხული თანხის შემცირების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება და სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციას კვალიფიკაციის შეცვლა მართებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო აწარმოებს არასტანდარტული ქსოვილის ნაჭრების იმპორტს, რომლიდანაც საკმაოდ დიდი ნაწილი არის წუნდებული.
საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით და გაზრდილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები, რაც გამოწვეული იყო ბუღალტრული აღრიცხვის არასწორად/არასრულად წარმოების გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საწარმოს 2016 წელს შეძენილი აქვს (იმპორტის სასაქონლო რეჟიმით) ფარდა-ჟალუზები, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საბაჟო დეკლარაცია და შესაბამისი ინვოისი წარმოადგენს შემოწმების შედეგად აღურიცხავი საქონლის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად აღნიშნულ საკითხში შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა .
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);61(3);73(5,9);