ბრძანება N 28062
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28062
14 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2023 წლის 2 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) №132035/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №094-49 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ ----- არ წარმოადგენდა საწარმოს თანამშრომელს, 2020 წლის დეკემბერში აღნიშნული პირი დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ და დეკემბრის შედეგებით გადახდილი მომსახურების თანხა საწარმოს მიერ შეცდომით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ანალოგიურად, ----- არ წარმოადგენდა საწარმოს თანამშრომელს, არც მომსახურების თანხა არ გაცემულა აღნიშნულ პირზე. რაც შეეხება ------ს და ----ს, მათზე თავდაპირველად მოხდა ხელფასის სახით თანხის გაცემა, ხოლო შემდგომ დარეგისტრირდენენ ინდივიდუალურ მეწარმეებად და საწარმოს აღარ ევალებოდა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება. გადასახადის გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისი ჯარიმის შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის შესრულებულ სამუშაოზე საწარმოს მიერ გახარჯული მასალების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ აღნიშნულ ობიექტზე მასალები სრულად არის გახარჯული და შემოწმების მიერ შეცდომით არის პროგრამიდან ამოღებული ჩამოწერილი მასალების თვითღირებულება. ამასთან, განმარტავს, რომ ------ს სამხედრო ბაზის მოსაწყობი სამუშაოები არ იქნა ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს დახარვეზების გამო და ხელმეორედ მოხდა უკვე დაგებული ------ დაგება. აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტაციას ადევს საიდუმლოების გრიფი „საიდუმლო“და ვერ მოახდენს მათ წარმოდგენას.
3. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს ქონების გადასახადში საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25328 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“- ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 14 ივლისს №17129 ბრძანება და ამავე თარიღის №094-49 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 629 918 ლარი, მათ შორის, გადასახადი 353 927 ლარი, ჯარიმა 173 149 ლარი, საურავი 102 842 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა ობიექტზე ასრულებს სარემონტო/სამშენებლო მომსახურებას, რისთვისაც იყენებს ქვეკონტრაქტორ საწარმოებს, ფიზიკურ პირებს და ასევე საკუთარი რესურსით (დაქირავებულების მეშვეობით) ასრულებს სამუშაოებს. პირის მიერ დაქირავებული თანამშრომლების ნაწილი (-------, ------, ------, ------), რომელთაც სამუშაოს შესრულებისთვის საწარმოდან ყოველთვიურად ერიცხებოდათ ხელფასი, დარეგისტრირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად. შედეგად, საწარმომ ანაზღაურებული კომპენსაციის თანხა აღარ დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მეწარმე პირებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელი მონაწილეობს ტენდერებში. გამარჯვების შემთხვევაში ასრულებს სხვადასხვა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებს. საწარმოს 2020 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის შესრულებული აქვს სამუშაოები, საიდანაც მიღებული შემოსავალი შეადგენს სულ 735 516 ლარს. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით პირს ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდება 1 166 848 ლარის ღირებულების ხარჯი. საწარმოს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ფორმა N2, შესრულების აქტები) შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა აღნიშნულ კონტრაქტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რისი დამუშავების შედეგადაც აღმოჩნდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულად ჩამოწერილ მასალასთან შედარებით ოფიციალური დოკუმენტებით (ფორმა N2, ფორმა N3) ჩამოსაწერი გახარჯული მასალა შეადგენს 631 010 ლარით ნაკლებს. ბუღალტრულად დაფიქსირებულ ხარჯსა და შემოწმებით გაანგარიშებულ მონაცემს შორის სხვაობა 631 010 ლარი შემოწმების შედეგად შესაბამის პერიოდში ჩაითვალა საქონლის მიწოდებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით, ამასთან მიღებული საკომპენსაციო თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდება მრავალჯერ გამოსაყენებელი ხელსაწყოები, დანადგარები (ხარაჩოები, დგარები, ელექტრო ხელსაწყოები), რომელთაც იყენებს სხვადასხვა ობიექტებზე მშენებლობა/რემონტისთვის და არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით აღნიშნული კატეგორიის ძირითადი საშუალებების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა ობიექტზე ასრულებს სარემონტო/სამშენებლო მომსახურებას. საწარმოს მიერ დაქირავებული თანამშრომლების ნაწილი, რომელთაც სამუშაოს შესრულებისთვის საწარმოდან ყოველთვიურად ერიცხებოდათ ხელფასი, დარეგისტრირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად. შედეგად, საწარმომ ანაზღაურებული კომპესაციის თანხა აღარ დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების მიერ მეწარმე პირებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე მასალები საწარმოს მიერ სრულად არის გახარჯული და შემოწმების მიერ შეცდომით არის პროგრამიდან ამოღებული ჩამოწერილი მასალების თვითღირებულება. ამასთან, განმარტავს, რომ ------ს სამხედრო ბაზის მოსაწყობი სამუშაოები არ იქნა ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს დახარვეზების გამო და ხელმეორედ მოხდა უკვე დაგებული -----ის დაგება.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1.საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების ხელფასად დაკვალიფიცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის შესრულებულ სამუშაოზე საწარმოს მიერ გახარჯული მასალების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრას და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს ქონების გადასახადში საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა ობიექტზე ასრულებს სარემონტო/სამშენებლო მომსახურებას, რისთვისაც იყენებს ქვეკონტრაქტორ საწარმოებს, ფიზიკურ პირებს და ასევე საკუთარი რესურსით (დაქირავებულების მეშვეობით) ასრულებს სამუშაოებს. პირის მიერ დაქირავებული თანამშრომლების ნაწილი, რომელთაც სამუშაოს შესრულებისთვის საწარმოდან ყოველთვიურად ერიცხებოდათ ხელფასი, დარეგისტრირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებად. შედეგად, საწარმომ ანაზღაურებული კომპენსაციის თანხა აღარ დაბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების მიერ მეწარმე პირებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად. დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. საწარმოს 2020 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის შესრულებული აქვს სამუშაოები, საიდანაც მიღებული შემოსავალი შეადგენს სულ 735 516 ლარს. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით პირს ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდება 1 166 848 ლარის ღირებულების ხარჯი. საწარმოს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ფორმა N2, შესრულების აქტები) შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა აღნიშნულ კონტრაქტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რისი დამუშავების შედეგადაც აღმოჩნდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულად ჩამოწერილ მასალასთან შედარებით ოფიციალური დოკუმენტებით (ფორმა N2, ფორმა N3) ჩამოსაწერი გახარჯული მასალა შეადგენს 631 010 ლარით ნაკლებს. ბუღალტრულად დაფიქსირებულ ხარჯსა და შემოწმებით გაანგარიშებულ მონაცემს შორის სხვაობა 631 010 ლარი შემოწმების შედეგად შესაბამის პერიოდში ჩაითვალა საქონლის მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით, ამასთან მიღებული საკომპენსაციო თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა.
3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაში უფიქსირდება მრავალჯერ გამოსაყენებელი ხელსაწყოები, დანადგარები (ხარაჩოები, დგარები, ელექტრო ხელსაწყოები), რომელთაც იყენებს სხვადასხვა ობიექტებზე მშენებლობა/რემონტისთვის და არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შემოწმების მიერ გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით აღნიშნული კატეგორიის ძირითადი საშუალებების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ"), 43(4), 61(3), 105(2), 72(1), 270(1)(2), 274(1)(2), 275, 269(7).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1).