გადაწყვეტილება №25325/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25325/2/2025
14 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 16.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25325/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2025 წლის №001-39 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10729 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 4 808 048,18 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 3 077 370,48
დღგ - 1 727 370,48
საშემოსავლო გადასახადი - 1 350 000
ჯარიმა - 1 556 743,4
საურავი - 173 934,3
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.06.2024 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 11 528 030 ლარს (დღგ-ის გარეშე). საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი განმარტების მიხედვით საწარმოს არ გააჩნია სამეურნეო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, შესაბამისად საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა, საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი/რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ნებართვით ვადაგასული საქონლის ჩამოწერების შესახებ განცხადება არ ფიქსირდება) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 21 453 037 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). დადგენილი სხვაობა 9 925 007 ლარი (დღგ-ის გარეშე) საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის. შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 5 400 000 ლარის ოდენობით (საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით). აღნიშნული თანხის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება აღნიშნული ფულის სალაროში არსებობის ფაქტი.
საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელი 100%-იანი წილით, დაფუძნების დღიდან 2024 წლის 11 აპრილიდან 2024 წლის 26 ნოემბრამდე იყო --- (პ/ნ ---), ხოლო 2024 წლის 26 ნოემბრიდან 2024 წლის 2 დეკემბრამდე ----(ს/ნ ----), 2024 წლის 2 დეკემბრიდან 2024 ელის 16 დეკემბრამდე კვლავ --- (პ/ნ ---), ხოლო 2024 წლის 16 დეკემბრიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე (1.03.2025 წ) --- (პ/ნ ---). შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 101-ე და 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების გათვალისწინებით ფულის ნაშთი 5 400 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად საანგარიშო პერიოდების მიხედვით და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით 20%-იანი განაკვეთით, საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის და საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად განაცემთა ინფორმაციის არასრულად წარმოდგენისთვის შესამოწმებელ პერიოდზე 100 ლარის ოდენობით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2025 წლის №001-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10729 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო მ/წლის 15 მაისს, 14:40 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე. ამასთან, არ ყოფილა წარმოდგენილი განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 11 528 030 ლარს (დღგ-ის გარეშე). გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილ იქნა განმარტება, რომ საწარმოს არ გააჩნია სამეურნეო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა.
ვინაიდან შემოწმებისთვის არ ყოფილა წარდგენილი საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შესაძლებელს გახდიდა დაბეგვრის ობიექტის დადგენას, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა (სახეობების მიხედვით), რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, რის შედეგადაც დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რასაც დაემატა დოკუმენტურად დადგენილი შემოსავალი და განისაზღვრა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ხოლო შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ხარჯების გათვალისწინებით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე შესაბამის პერიოდებში გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილ იქნა ახსნაგანმარტება იმის შესახებ, რომ საწარმოს არ გააჩნია სამეურნეო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის ან რაიმე სახის სააღრიცხვო ჩანაწერები, რაც შესაძლებელს გახდიდა დაბეგვრის ობიექტის დადგენას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე, 291-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ კომპანიას არ გააჩნია სამეურნეო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია რეგისტრაციის მომენტიდან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას პროგრამა ORIS-ში. საბუღალტრო პროგრამის ასლი მიწოდებული იქნა აუდიტორებისთვის, რომლებმაც არ განიხილეს აღნიშნული პროგრამა და დარიცხვა განახორციელეს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. ვინაიდან კომპანიას გააჩნია სრული საბუღალტრო აღრიცხვა, ითხოვს შემოწმდეს საბუღალტრო აღრიცხვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დარიცხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში მოხდეს პირდაპირი მეთოდით. ითხოვს დავების განხილვის საბჭომ გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და კომპანია გაათავისუფლოს აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2025 წლის №001-39 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმებისგან. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დავის გაგრძელებას აპირებს სასამართლოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს არ გააჩნია სამეურნეო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა. შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი/რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ნებართვით ვადაგასული საქონლის ჩამოწერების შესახებ განცხადება არ ფიქსირდება) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით.
შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 5 400 000 ლარის ოდენობით (საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით), აღნიშნული თანხის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია, ასევე არ დასტურდება აღნიშნული ფულის სალაროში არსებობის ფაქტი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართებულია. ამასთან სალაროში ფულის ნაშთის დადგენასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმოს არ გააჩნია სამეურნეო ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა, საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი/რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ნებართვით ვადაგასული საქონლის ჩამოწერების შესახებ განცხადება არ ფიქსირდება) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. დადგენილი სხვაობა 9 925 007 ლარი (დღგ-ის გარეშე) დამატებით დაიბეგრა დღგ-ით.
შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 5 400 000 ლარის ოდენობით (საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10%-ის გათვალისწინებით). აღნიშნული თანხის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება აღნიშნული ფულის სალაროში არსებობის ფაქტი.
შემოწმების შედეგად და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების გათვალისწინებით ფულის ნაშთი 5 400 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად საანგარიშო პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით 20%-იანი განაკვეთით, საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა განაცემთა ინფორმაციის არასრულად წარმოდგენისთვის შესამოწმებელ პერიოდზე 100 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9);101; 154; 269 (7).