გადაწყვეტილება №25185/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2025
№ დოკუმენტი 25185/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25185/2/2025

23 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 16.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25185/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19001 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2025 წლის №006-17 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8579 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 156 802,94 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 53 998

დღგ - 1 600

მოგების გადასახადი - 1 935

საშემოსავლო გადასახადი - 50 463

ჯარიმა - 29 291

საურავი - 73 513,94

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 29.12.2021 წლის შუალედური აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.01.2019 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №006-1100 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.06.2022 წლის №15275 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 20.10.2022 წლის №7036/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.06.2022 წლის №15275 ბრძანება. კაპიტალის საწყისი ნაშთიდან გატანილი თანხის ნაწილის ფიზიკურ პირზე გაცემულად ჩათვლისა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 20.10.2022 წლის №7036/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 10.02.2023 წლის №2501 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ:

- გადასახადის გადამხდელის მიერ კაპიტალში შენატანის ოდენობის, 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის და სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის შესწავლის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2501 ბრძანების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2012-2015 წლების ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია (ექსელის ცხრილი), რომელშიც ნაჩვენებია 2012-2015 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციისგან განსხვავებული მონაცემები, როგორც შემოსავლის, ასევე ხარჯის ნაწილში. გადამხდელს მის მიერ წარმოდგენილ ცხრილში ასახული ხარჯების ნაწილზე არ აქვს წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადაანგარიშების პროცესში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტების ხელახალი შესწავლა. გამოსაქვითი ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად უდოკუმენტო ხარჯის ღირებულების 75%. აღნიშნული ანალიზის შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მძიმდებოდა, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №006-566 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1461 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 10.06.2024 წლის №22291/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1461 ბრძანება (გაუქმდა საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში). საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 10.06.2024 წლის №22291/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 19.08.2024 წლის №19001 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ:

სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში,გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24392 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შედეგად დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი 10) გათვალისწინებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების (მ.შ დივიდენდად განხილვის ნაწილში) კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19001 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგა 20.02.2025 წლის დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19001 ბრძანების თანახმად, შესწავლილია გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესწავლის შედეგად, 2012-2015 წლებში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის საფუძველზე, დადგინდა კაპიტალის შევსების საჭიროება უფრო მეტი ოდენობით ვიდრე შემოწმების აქტით იყო განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაწილობრივ შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები.

აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 12.03.2025 წლის №006-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8579 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19001 ბრძანების თანახმად, გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 2012-2015 წლებში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის საფუძველზე, დადგინდა კაპიტალის შევსების საჭიროება უფრო მეტი ოდენობით ვიდრე შემოწმების აქტით იყო განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაწილობრივ შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხი, რაც თავდაპირველად გადამხდელს სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია დაფუძნებულია 2012 წელს და რეალიზაცია სრულად ხორციელდება დოკუმენტურად. წარდგენილი 2012-2015 წლიური მოგების დეკლარაციების მიხედვით მართლაც განსხვავებული მონაცემები იყო წარდგენილი როგორც შემოსავლების ისე ხარჯის ნაწილში. კომპანიის მიერ აუდიტისთვის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციაში სრულად და ნათლადაა ასახული შპს „-------“-ს (ყოფილი „-------“-ის) საქმიანობის შედეგები შემოსავლის ნაწილში, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და დღგ-ის დეკლარაციის მონაცემებით. ხოლო, ხარჯის ნაწილი სრულად თანხვედრაშია საბანკო ამონაწერებთან,გარდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა, რადგან საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქონლის შეძენა ხდებოდა ნაღდი ფულით.

წარდგენილი მონაცემები სრულად ასახავს კომპანიის საქმიანობას და შესაბამისად შემდგომ პერიოდში 2016 წლიდან ბუღალტრულ პროგრამაში მითითებული საწყისი ნაშთებიდან გამომდინარე სრულყოფილად ხორციელდება ანგარიშგება და დეკლარირება. შესამოწმებელ პერიოდში დებიტორული და კრედიტორული დავალიანების არსებობა/განაშთვა დადასტურებული აქვთ შემმოწმებლებსაც და შემდგომ პერიოდებზეც შემოსავლების სამსახურში წარდგენილ ფინანსური ანგარიშგებებში გათვალისწინებული ბუღალტრული მონაცემები სრულად. წარდგენილი მტკიცებულებების, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე არსებული მონაცემების (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) მიხედვით ნათლად ჩანს კომპანიის განვითარება მზარდი რეალიზაციების ფონზე და შესაბამისად კომპანია საჭიროებდა 2012-2016 წლებში დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვას, რაც განხორციელდა კომპანიის მიერ. გადაანგარიშების შედეგების შესწავლით დადგინდა რიგი ტექნიკური უზუსტობები, რომელებიც საჭიროებს აუდიტორებსა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დამატებით შესწავლას, რათა დადგინდეს სრულად საგადასახადო ვალდებულებების სიზუსტე.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის წარმომდგენლებთან ერთად ტექნიკური უზუსტობების ხელახალი შესწავლა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება.

ასევე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით დამატებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა მომჩივნის მიერ მიზანმიმართულად განხორციელებული, კომპანია უნდა გათავისუფლდეს დამატებით დარიცხული ჯარიმის და საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19001 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24392 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შედეგად დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი 10) გათვალისწინებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების (მ.შ დივიდენდად განხილვის ნაწილში) კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19001 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2025 წლის დასკვნის მიხედვით შემმოწმებლის მიერ, შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19001 ბრძანების თანახმად, შესწავლილია გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შესწავლის შედეგად, 2012-2015 წლებში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის საფუძველზე, დადგინდა კაპიტალის შევსების საჭიროება უფრო მეტი ოდენობით ვიდრე შემოწმების აქტით იყო განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაწილობრივ შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19001 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19001 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის წარმომდგენლებთან ერთად ტექნიკური უზუსტობების ხელახალი შესწავლა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება. ასევე, სსკ-ის 269-ე მუხლის შესაბამისად,კომპანია უნდა გათავისუფლდეს დამატებით დარიცხული ჯარიმის და საურავისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2012-2015 წლების ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია,რომელშიც ნაჩვენებია 2012-2015 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციისგან განსხვავებული მონაცემები, როგორც შემოსავლის, ასევე ხარჯის ნაწილში. გადამხდელს მის მიერ წარმოდგენილ ცხრილში ასახული ხარჯების ნაწილზე არ აქვს წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადაანგარიშების პროცესში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტების ხელახალი შესწავლა. გამოსაქვითი ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად უდოკუმენტო ხარჯის ღირებულების 75%. აღნიშნული ანალიზის შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მძიმდებოდა, შესაბამისად სსკ-ის 298-ე მუხლის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19001 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი. მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 19.08.2024 წლის №19001 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154.