ბრძანება N 28288

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.11.2023
№ დოკუმენტი 28288
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28288

17 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „"------"-ს “ (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------")

2023 წლის 8 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბრის (ოქმი №98) და 26 ოქტომბრის (ოქმი №111) სხდომებზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აგვისტოს №19583/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ "------") №77825/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №081-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით სალაროდან ნაღდი ფულის გაცემის მოგების განაწილებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივნისის №14781 და 30 აგვისტოს № 22509 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ს“ (ს/ნ "------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 25 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 8 დეკემბრის №31014 ბრძანება და ამავე თარიღის №081-251 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 204 803 ლარი, მათ შორის, გადასახადი 108 196 ლარი, ჯარიმა 70 091 ლარი და საურავი 26 516 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 10 აპრილის №7800 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 7 აგვისტოს №19583/2/2023 გადაწყვეტილებით სადავო საკითხის ნაწილში გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აპრილის №7800 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები საჭიროებს შესწავლას, კერძოდ, დამატებით შესწავლას საჭიროებს მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები და მტკიცებულებები. ამ მიზნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნული დავის საგნის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „------ -ს “ საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. 2017 წლამდე პირის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენდა სასურსათო საქონლით ვაჭრობა, ხოლო 2017 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდიდან პირს უფიქსირდება საავანსო შემოსავლების მიღება საცოვრებელი ფართების წინარე ნასყიდობით რეალიზაციის ფარგლებში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით ფიქსირდება საწესდებო კაპიტალი 361 683 ლ., გაუნაწილებელი მოგება – 140 223 ლ. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კი პირი ამცირებს საწესდებო კაპიტალს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე სალაროდან ნაღდი ფულის გაცემის საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელის ფინანსური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების, პირველადი ელექტრონული დოკუმენტაციისა და შემოწმებისთვის წარმოდგენილი სხვა მასალების ანალიზით, გაუნაწილებელი მოგების ოდენობა გაიზარდა წარმოდგენილ საბუღალტრო ნაშთთან შედარებით. ამდენად, შემოწმებით ჩათვლილ იქნა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოეშობა საწესდებო კაპიტალის გაზრდის საფუძველი.

ამასთან, შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა 2019 წლის საწყისი წმინდა მოგების გაანგარიშება, რის მიხედვითაც დადასტურდა შემოწმებით გამოვლენილი რისკების რეალობა (კერძოდ, არადეკლარირებული დივიდენდის სალაროდან გაცემა და არარეზიდენტი მომწოდებლისათვის კრედიტორული დავალიანების დაფარვა დაგვიანებულად საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან - კურსთაშორისი სხვაობის გათვალისწინებით და ა.შ.). შპს „------ -ს “ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ კრების ოქმები და ზოგადი ახსნა-განმარტება.

გარდა ამისა, აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ ვებ-გვერდზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საწესდებო კაპიტალი ნულის ტოლია.

ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერების, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, საწარმოს აქტივების და ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით შპს „------ -ს “ მიერ 2019-2021 წლებში დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემები ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, 130-ე, 154-ე და 981 მუხლების მოთხოვნების შესაბამისად. გადამხდელს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის შეფასება, რომ პირს არ წარმოექმნება საწესდებო კაპიტალის გაზრდის საფუძველი, არასწორია. აცხადებს, რომ შემმოწმებელს უნდა შეესწავლა 01.01.2010-01.01.2019 წლების პერიოდზე გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული ვერსია. შემმოწმებლის მოთხოვნის შესაბამისად, წარდგენილი იქნა დამფუძნებელთა კრების ოქმები დივიდენდის განაწილების შესახებ და ახსნა-განმარტებები. განმარტავს, რომ 2010 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე პერიოდებში მიღებული მოგებიდან გადამხდელს განაწილებული და გაცემული აქვს მოგება სულ 950 117,86 ლარი, რაზეც არსებობს საამისო პირველადი დოკუმენტები. 2019 წლის 1 იანვრისათვის გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 140 223,54 ლარს, მათ შორის 2017 წლამდე მიღებული და გაუნაწილებელი მოგება 27 494 ლარი, რომელიც საგადასახადო შემოწმების მთელი პერიოდისათვის ირიცხებოდა ნაშთად. გადამხდელის მიერ 2017 წლის ნოემბერში მიღებული იქნა მშენებლობის ნებართვა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. მშენებლობა დაწყებული იქნა 2018 წელს. მშენებლობის დაწყების შემდგომ გაიზარდა მოთხოვნა საბრუნავ საშუალებებზე და აღნიშნულიდან გამომდინარე გაზრდილი იქნა საწარმოს კაპიტალი დამფუძნებლის მიერ. არსებობს თანხის შემოტანის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. თანხა შემოტანილი იქნა შესაბამის პერიოდში დამფუძნებელი პარტნიორის გოგუცა ცხადაძის მიერ, ხოლო დირექტორი კი სხვა პირი იყო. მის მიერვე იქნა წაღებული ბინების რეალიზაციიდან შემოსული თანხები. კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორად გოგუცა ცხადაძე აღარ ითვლება 2021 წლის 26 თებერვლიდან.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდაა ეჭვსქვეშ დაყენებული საწესდებო კაპიტალის გაზრდა 2018 წელს-სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების დაწყების პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.

მომჩივანი ასევე ითხოვს, იმის გათვალისინებით, რომ 2021 წლის 26 თებერვლიდან შემდგომ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი ერთი და იგივე პირია და დირექტორს ეძლეოდა ხელფასი, გამომდინარე სალაროს დანაკლისიდან, პირველ რიგში მოხდეს გაუნაწილებელი მოგებიდან დივიდენდების გაწერა 2016 წლის ჩათვლით მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ნაშთის გათვალისწინებით და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით სალაროდან ნაღდი ფულის გაცემის მოგების განაწილებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს უფიქსირდება საავანსო შემოსავლების მიღება საცოვრებელი ფართების წინარე ნასყიდობით რეალიზაციის ფარგლებში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით ფიქსირდება საწესდებო კაპიტალი 361 683 ლ., გაუნაწილებელი მოგება – 140 223 ლ. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კი პირი ამცირებს საწესდებო კაპიტალს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე სალაროდან ნაღდი ფულის გაცემის საფუძველზე.შემოწმებით ჩათვლილ იქნა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოეშობა საწესდებო კაპიტალის გაზრდის საფუძველი. შემოწმებით საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემები ჩაითვალა მოგების განაწილებად.გადამხდელს ასევე განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

8(12),73(9),97,981,130,154