ბრძანება N 4620

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.03.2024
№ დოკუმენტი 4620
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4620

01 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ს“ (ს/ნ -------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------;

იურ. მის.:-------------------------)

2024 წლის 7 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „-----------ს“ (ს/ნ -------------) 2024 წლის 7 თებერვლის №87536/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №005-208 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ გასხვისებული უძრავი ქონება იყო კაპიტალში შენატანი, რომლის კაპიტალიდან გატანა და გასხვისებაც პარტნიორს შეეძლო ყოველგვარი დღგ-ის გადახდის გარეშე, თუმცა ვინაიდან იყო უცხოელი და არ იცოდა ამ დანაწესის შესახებ პირდაპირ კომპანიის სახელით გაასხვისა ქონება. აღნიშნავს, რომ კომპანიამ გაცემულ დივიდენდზე გადაიხადა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, რაც ასევე არ ექნებოდა გადასახდელი თუკი პარტნიორი კაპიტალიდან გაიტანდა კაპიტალში შეტანილ ქონებას. შესაბამისად, პარტნიორის მიერ კანონის არცოდნის გამო მოხდა არასწორი ოპერაციის განხორციელება და სწორედ ამის გამო გადაიხადა გაცემულ დივიდენდთან დაკავშირებული გადასახადები. აცხადებს, რომ შემოწმების აქტის საფუძველზე კომპანიას დამატებით დაერიცხა დღგ, რაც მიაჩნია არასწორად. კომპანიის მიერ უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვით გასხვისება იყო შეცდომა, რის გამოც ბიუჯეტმა უკვე მიიღო ნასყიდობის თანხის 20%. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დღგ-ის ნაწილში საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28620 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------ას“ (ს/ნ -------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 19 დეკემბრის №31912 ბრძანება და ამავე თარიღის №005-208 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 140 173 ლარი, მათ შორის, გადასახადი 77 030 ლარი, ჯარიმა 21 888 ლარი, საურავი 41 255 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-----------ა“ (ს/ნ -------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 14 თებერვალს, არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. რეგისტრაციის მომენტში დირექტორი იყო ------ (-------), დამფუძნებელი 100% წილის მფლობელი -------- (ს/ნ -------------) . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 იანვრის ამონაწერის თანახმად, დირექტორია --------ი, 100% წილის მფლობელი------ი, ხოლო 2020 წლის 7 დეკემბრის ამონაწერით, დირექტორია -----------ი (პ/ნ -------) და ------ -------ი.

შპს „-----------ას“ (ს/ნ -------------) ეკონომიკური საქმიანობა განხორციელებული არ აქვს, საბანკო ანგარიში ფიქსირდება მხოლოდ -- ბანკში, რომელიც გახსნილია 2020 წლის 8 დეკემბერს და დახურილია 2021 წლის 24 დეკემებრს. 2019 წლის 19 მარტის შეთანხმებით, შპს „-----------ას“ (ს/ნ -------------) შპს „----------“-სგან (ს/ნ -------------) გადმოეცა უძრავი ქონება კაპიტალში შეტანის შინაარსით (ქონების ღირებულება უცნობია). აღნიშნული ქონების რეალიზაცია მოახდინა 2020 წლის 4 დეკემბერის ხელშეკრულების საფუძველზე -------ძეზე (პ/ნ ---------) 490 500 ლარის ღირებულებით. ამავე თვეში ფიქსირდება აღნიშნული თანხის გატანა და საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილია მოგებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ან/და დღგ-ის დეკლარაციის წარდგენა არ ფიქსირდება.

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით შპს „------ას“ მიერ განხორციელებულმა ზემოაღნიშნულმა ოპერაციამ გამოიწვია პირის დღგის გადამხდელად რეგისტრაცია, რაც განხორცილებული არ არის. შედეგად, შემოწმებით, შპს „-------ას“ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 4 დეკემბერი, დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 მარტის შეთანხმებით, შპს „-----------ას“ (ს/ნ -------------) შპს „-----“-სგან (ს/ნ --------) გადმოეცა უძრავი ქონება კაპიტალში შეტანის შინაარსით, რომლის რეალიზაცია საწარმომ მოახდინა 2020 წლის 4 დეკემბერის ხელშეკრულების საფუძველზე --------ძეზე (პ/ნ -----------) 490 500 ლარის ღირებულებით, რამაც გამოიწვია 2020 წლის 4 დეკემბრის თარიღით პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და შესაბამისად, დაუდგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დეკლარირების ვალდებულება, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციით პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------ას“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს დღგ-ის ნაწილში საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №28620 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №31912 ბრძანება და №005-208 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 140 173 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით მომჩივანს გადმოეცა უძრავი ქონება კაპიტალში შეტანის შინაარსით (ქონების ღირებულება უცნობია). აღნიშნული ქონების რეალიზაცია მოახდინა 2020 წლის 4 დეკემბერის ხელშეკრულების საფუძველზე . ამავე თვეში ფიქსირდება აღნიშნული თანხის გატანა და საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილია მოგებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციები, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ან/და დღგ-ის დეკლარაციის წარდგენა არ ფიქსირდება.

ზემოაღნიშნულმა ოპერაციამ გამოიწვია პირის დღგის გადამხდელად რეგისტრაცია, რაც განხორცილებული არ არის. შედეგად, შემოწმებით, მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 4 დეკემბერი, დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282;

(2021 წლამდე მოქმედი) 157(1,7); 160( „ა“) ; 161(1,8);