გადაწყვეტილება №28118/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28118/2/2026
10 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- ის 14.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28118/2/2026).
დავის საგანი:
1. საწარმოს დამფუძნებლებისთვის ანაზღაურებული მიწის ღირებულების საწარმოს მიერ განაწილებულ მოგებად განხილვა;
2. უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2026 წლის №094-21 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2026 წლის №19285 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
121 350,99 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 65 860
დღგ - 19 690
მოგების გადასახადი - 35 977
საშემოსავლო გადასახადი - 10 193
ჯარიმა - 32 929
საურავი - 22 561,99
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2023 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2026 წლის №094-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.08.2026 წლის №19285 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საწარმოს დამფუძნებლებისთვის ანაზღაურებული მიწის ღირებულების საწარმოს მიერ განაწილებულ მოგებად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების მიმდინარეობისას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2021 წლის 29 სექტემბერს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ---ის 100% წილი (50 % ---- (პ/ნ ---), 50 % - --- (პ/ნ ---) შეიძინა შპს --- მა (ს/ნ ---). შპს --- ის (ს/ნ ---) კომერციულ ინტერესს წარმოადგენდა ქალაქი --- ში ---ს ქუჩა №--- მდებარე, 2008 წლამდე დაწყებული, სამშენებლო ობიექტის მშენებლობის გაგრძელება, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ნასყიდობის ფასი, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად შპს ---ს საკუთრებაში გააჩნდა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთო ფართი 1 200 კვ.მ (ს/კ ---), რომელიც მდებარეობს ქალაქ ---ში, ---ის დასახლებაში, ხელშეკრულების თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცემოდათ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს ---ს (პ/ნ ---) და ---ს (პ/ნ ---), ხელშეკრულების შესაბამისად უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ წილის მფლობელები იღებენ ვალდებულებას გადაიხადონ ყველა ის გადასახადი, რაც წარმოიშობა შპს --- ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიწოდებიდან. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე დგინდება, რომ 2024 წლის 12 სექტემბერს მიწის ნაკვეთი 1 200 კვ.მ შეიძინა ფიზიკურმა პირმა --- მ (პ/ნ ---), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ღირებულება 193 680 ლარი (72 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) სრულად მიიღეს შპს --- ის (ს/ნ --- ) დამფუძნებლებმა ---მ და ---მა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადახდილი თანხა 193 680 ლარი (გადასახადების გარეშე) ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს ასევე დაკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად მოგების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გადასახდელი თანხის შემცირებისთვის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელიც წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ უძრავი ქონება ახალ მესაკუთრეს გადაეცა ვალის სანაცვლოდ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტმა განმარტა, რომ ვალის არსებობის ფაქტი არ დასტურდება.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ მიწის ნაკვეთის რეალიზაციის შედეგად დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხის განაწილებულ მოგებად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო დაფუძნებულია/რეგისტრირებულია 21.04.1999 წელს, ამ დროიდან დღემდე კომპანია მუშაობს და ესტონურ მოდელზე გადასვლამდე გასულ პერიოდში მოქმედი რეგულაციებიდან გამომდინარე გარკვეული ოდენობით მოგების გადასახადები აქვს გადახდილი (გასული პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციები საჩივარს თან ერთვის), რომელიც არ გამოუყენებია გადასახადის გადამხდელს.
დარიცხვის მართებულობის შემთხვევაშიც (ანუ თუ გავიზიარებთ შემოწმების პოზიციას), ამ შემთხვევაშიც კი შემმოწმებელი ვალდებული იყო გასულ პერიოდში (2011 წელს - 3 599 ლარი, 2012 წელს 33 572 ლარი) გადახდილი მოგების გადასახადი გამოეყენებინა მოცემულ შემთხვევაში და მოეხდინა წინა პერიოდში გადახდილი მოგების გადასახადის გამოყენება/მიმდინარე ეტაპზე ჩაეთვალა გადახდილად ზემოხსენებული სადავო თანხა (35 977 ლარი) და შესაბამისად სადავო შემთხვევაში მოგების გადასახადის სახით დამატებით 35 977 ლარი აღარ უნდა დაერიცხა.
ამ ნაწილში აშკარად კანონშეუსაბამო დარიცხვები მოხდა სადავო აქტებით. ეს საკითხი სათანადოდ არ შეუსწავლია/არ გამოუკვლევია შემოსავლების სამსახურს გასაჩივრებული/სადავო 27.08.2026 წლის №19285 ბრძანების მიღების დროს. თუ რატომ არ იქნა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ამ ნაწილში გაზიარებული შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვის დროს, სადავო ბრძანებაში მითითებული/მოცემული არ არის.
შესაბამისად ამ ნაწილში სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მოცემულ შემთხვევაში არასწორი შეფასება მიეცა საწესდებო კაპიტალში 100%-იანი წილის ნასყიდობის 29.09.2021 წლის ხელშეკრულებას, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. კერძოდ პუნქტი 2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წილის ღირებულება შეადგენს 930 000 (ცხრაას ოცდაათი ათასი) ლარს და უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულებას (შემდგომში „წილის ღირებულება“).
საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებელი მიუთითებს/აღნიშნავს შემდეგს: 2024 წლის 12 სექტემბერს მიწის ნაკვეთი 1 200 კვ.მ შეიძინა ფიზიკურმა პირმა ---მ (პ/ნ ---), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ღირებულება 193 680 ლარი (72 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) სრულად მიიღეს შპს --- ის (ს/ნ ---) დამფუძნებლებმა --- მ და --- მა. აღნიშნულზე მითითებით შემმოწმებელი თვლის, რომ ეს არის საწარმოს მხრიდან პარტნიორებზე დივიდენდის განაწილება და იგი განხილული იქნა დასაბეგრ ოპერაციად დარიცხული იქნა სადავო თანხები, რაც არასწორია. 12.09.2024 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის (გარიგების ღირებულება) თანახმად:
4.1. გარიგების ღირებულების ჯამური ფასია 72 000 აშშ დოლარი;
4.2. მხარეებს შორის ნაღდი ანგარიშსწორება არ მომხდარა, ვინაიდან 2018 წლიდან ყადაღა ედო უძრავ ქონებას და ვერ მოხერხდა გადაფორმება. უძრავი ქონება გადაეცა ახალ მესაკუთრეს ვალის სანაცვლოდ. მოცემულ შემთხვევაში ზემოთ ხსენებული არასწორად იქნა გაგებული/შეფასებული შემოწმების მიერ. ქონების ღირებულება წილის ღირებულების შემადგენელი ნაწილი იყო და როგორც წილის ღირებულების სხვა თანხები აღნიშნულის მსგავსად უნდა განხილულიყო ქონების ღირებულებაც (72 000 აშშ დოლარი) და იგი დივიდენდის გაცემად არ უნდა ჩათვლილიყო. თუკი თავიდანვე წილის ღირებულება იქნებოდა (930 000 ლარი + 193 680 ლარი (72 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი)) = 1 123 680 ლარი, ასეთ შემთხვევაში დივიდენდის განაწილებაზე მაინც იმსჯელებდა საგადასახადო ორგანო? დადებით შემთხვევაში რა იქნებოდა დაბეგვრის ობიექტი და რის მიხედვით/საფუძველზე მოხდებოდა დაბეგვრის ობიექტის გაანგარიშება? ქონების ღირებულება იყო წილის ღირებულების შემადგენელი ნაწილი და ეს არ იყო წილის ღირებულებისაგან ცალკე/დამოუკიდებელი შემთხვევა/ოპერაცია, როგორც ეს შემოწმებით ჩაითვალა.
მოცემულ შემთხვევაში რეალურად წილების ნასყიდობას ჰქონდა ადგილი და არა გადასახადების დამალვას და მოგების „შეფარვით“ განაწილებას. წილის ნასყიდობა კი საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით არის გათავისუფლებული თუ წილის საკუთრებაში ფლობიდან გასულია 2 წელზე მეტი ვადა. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ წილებს ფლობდნენ მეწილეები 2 წელზე მეტი ვადით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა საერთოდ არ უნდა განხორციელებულიყო.
აუდიტორს ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინების შემდგომ არ უნდა შეეცვალა კვალიფიკაცია გარიგებისათვის და უნდა ჩაეთვალა ის რეალურად წილის ნასყიდობად, ხოლო შემდგომ უკვე ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით და ამ ნაწილში დარიცხვა საერთოდ აღარ უნდა განეხორციელებინა. კომპანიაში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის. შემოწმებით ასევე არ დადგენილა ის, რომ წილების ნასყიდობამდე კომპანიაში არსებობდა გასანაწილებელი მოგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რაც თავის თავში გულისხმობს, როგორც ხელშეკრულების დადება/არ დადების უფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლებასა და ფორმის არჩევის თავისუფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მხარეებს შეეძლოთ თავიანთი რეალური ნება აესახათ გარიგებაში და გარიგების სახეც აერჩიათ საკუთარი ნების შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მხარეებს სურდათ წილების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც გაფორმდა კიდეც და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრშიც. ეს იყო მხარეების რეალური ნება და ამ ნების განხორციელების უფლებას მათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აძლევს. თუ მხარეებს ექნებოდათ სხვა მიზნები და მისწრაფებები ისინი სწორედ მათი მიზნის შესაბამის გარიგებას გააფორმებდნენ, ან მიაღწევდნენ თავიანთ მიზანს სხვა შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით.
წილების ნასყიდობის შემდეგ არც ერთი პარტნიორი არ ახორცილებდა შპს --- ის (ს/ნ ---) ან/და შპს --- ის (ს/ნ ---) ფორმალურ ან კიდევ ფაქტიურ მმართველობას (ასეთი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება ბუნებაში მისი არ არსებობის გამო).
საქმის მასალებით არ დასტურდება ის, რომ წილების ღირებულება იყო ხელოვნურად გაზრდილი, წილების ღირებულება იყო არარეალური/შეუსაბამოდ მაღალი და ამ გზით საწარმოს პარტნიორები (ან კიდევ გარიგების მხარეები) ცდილობდნენ დაუბეგრავი თანხები გაეტანათ საწარმოდან - ეს ასე არ ყოფილა. წილების ღირებულება დავის საგანს არ წარმოადგენს. საწარმოს პარტნიორებზე გასანაწილებელი იყო მოგება წილების გასხვისების დროისათვის (არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ წილების ღირებულების გადახდას წინ უსწრებდა მოგების განაწილების შესახებ საწარმოს პარტნიორთა გადაწყვეტილება და რიგითობიდან გამომდინარე უნდა ჩათვლილიყო, რომ საწარმოს პარტნიორებზე წილის ღირებულება კი არ გაცემულა, არამედ მოხდა საწარმოში მოგების განაწილება - ასეთი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება).
შემმოწმებლის მოსაზრებები და ვარაუდები არ შეიძლება სადავო დარიცხვების საფუძვლად იქნეს გამოყენებული. მოცემულ შემთხვევაში წილების ნასყიდობის ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების ფაქტობრივი/სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. კვალიფიკაციის შეცვლა მხარეების მიერ გამოვლენილი რეალური ნების არსებობის პირობებში იყო შეცდომა აუდიტორის მხრიდან, თანაც იმგვარი შეცდომა, რომელსაც აუდიტორმა შემოწმების აქტით ვალიდური გამართლება ვერ მოუძებნა. კვალიფიკაციის ცვლილების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მოშველიებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ შეიძლება შესაბამისი/არგუმენტებით გამყარებული დასაბუთების გარეშე კვალიფიკაცია შეეცვალოს გარიგებას. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს უზენაესი სასამართლო მაღალ სტანდარტს აწესებს კვალიფიკაციის ცვლილებისათვის, რათა ის მარტივი და დასაბუთების გარეშე გამოსაყენებელი მექანიზმი არ გახდეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის. გასაჩივრებული აქტებით არ/ვერ ხდება იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო სამეურნეო ოპერაციის მითითებული ფორმითა და შინაარსით განხორციელება მიზნად ისახავდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახდო ვალდებულების თავის არიდებას (ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტების დასაბუთება მთლიანად უსაფუძვლო მოსაზრებებზე/ვარაუდებზე არის აგებული).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არ აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა ან სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, შესაბამისად, კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტებით არ/ვერ დასტურდება საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების წინაპირობების არსებობა, საქმის მასალებით არ დასტურდება განხორციელებული ოპერაციების ფორმისა და შინაარსის კონფლიქტი, ამ პირობებში სადავო/გასაჩივრებული აქტები კანონშეუსაბამოდ იქნა მიღებული და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, არამედ ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს. რამდენადაც რაიმე ურთიერთობის ფარგლებში ოპერაციის ფორმიდან გამომდინარე შინაარსს ადგენს არა საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო კოდექსი, არამედ ამ ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. როდესაც ოპერაციის საფუძველი კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებაა, მისი რეგულაცია ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით. ამ ნორმატიული აქტების გამოყენებით უნდა მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი კონსტრუქციის ფორმის ნორმატიულად დადგენილი შინაარსისა და მხარეთა ფაქტობრივი ნების შეპირისპირება.
სწორედ ეს ნორმატიული აქტები უნდა იქნეს გამოყენებული საგადასახადო ორგანოს მიერ იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა გარიგების ფორმა მხარეთა ნებას. თუ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში, მხოლოდ მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №ზს-702-695(2კ16) 14 მარტი, 2017 წელი ქ.---). მაშასადამე აშკარაა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი სტანდარტი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ ყოველი კვალიფიკაციის ცვლილებისას იხელმძღვანელოს იმ სამართლებრივი ნორმებით, რომლის მიხედვითაც დაიდო გარიგება და არა საგადასახადო კოდექსით. მაშინ როცა საგადასახადო ორგანო მიუთითებს, რომ წილების ნასყიდობის გარიგება არ იყო რეალურად სახეზე და მოხდა გადასახადების გადახდისგან თავის არიდება და დივიდენდის ფარული განაწილება, მას რეალურად უნდა ემტკიცებინა წილის ნასყიდობა რატომ არ იყო ვალიდური და რატომ უნდა გაბათილებულიყო. მხოლოდ აუდიტორის მიერ ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება არ არის საკმარისი. ეს საკითხი სათანადოდ არ შეუსწავლია/არ გამოუკვლევია შემოსავლების სამსახურს გასაჩივრებული/სადავო 27.08.2026 წლის №19285 ბრძანების მიღების დროს. საქმის მასალებს არასწორი შეფასება მიეცა შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიღების დროს. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები არ არის სწორი და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების თანახმად:
92. თუ რეზიდენტი საწარმო (გარდა ამ მუხლის 142-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
93. ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა;
B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა;
D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 2021 წლის 29 სექტემბერს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს --- ის 100 %-იანი წილი (50 % - --- (პ/ნ --- ), 50 % - --- (პ/ნ ---)) შეიძინა შპს --- მა (ს/ნ --- ). შპს --- ის (ს/ნ --- ) კომერციულ ინტერესს წარმოადგენდა ქალაქი --- ში, --- ს ქუჩა №87/33 მდებარე, 2008 წლამდე დაწყებული, სამშენებლო ობიექტის მშენებლობის გაგრძელება.
წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ნასყიდობის ფასი, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად შპს --- ს საკუთრებაში გააჩნდა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთო ფართი 1 200 კვ.მ (ს/კ --- ), რომელიც მდებარეობს ქალაქ --- ში, --- ის დასახლებაში, ხელშეკრულების თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცემოდათ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს --- ს (პ/ნ --- ) და --- ს (პ/ნ --- ), ხელშეკრულების შესაბამისად უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ წილის მფლობელები იღებენ ვალდებულებას გადაიხადონ ყველა ის გადასახადი, რაც წარმოიშობა შპს --- ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიწოდებიდან.
გადასახადის გადამხდელის ახსნაგანმარტების საფუძველზე დგინდება, რომ 2024 წლის 12 სექტემბერს მიწის ნაკვეთი 1 200 კვ.მ შეიძინა ფიზიკურმა პირმა --- მ (პ/ნ --- ), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ღირებულება 193 680 ლარი (72 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) სრულად მიიღეს შპს --- ის (ს/ნ --- ) დამფუძნებლებმა --- მ და --- მა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მოგების გადასახადის ჩათვლა მიმდინარე შემოწმებით არ იყო შესაძლებელი, ვინაიდან საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა პროგრამულად, ასევე არ აქვს წარმოდგენილი გასული წლის ფინანსური ანგარიშგებები, შესაბამისად შემოწმების დროს არ არსებობდა და არც დავის წარმოების პროცესში მომხდარა გადასახადის გადამხდელის მიერ ინფორმაციის წარმოდგენა ფინანსური აღრიცხვა ანგარიშგების და შესაბამისი ფინანსური მოგების არსებობის შესახებ.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ რეალიზებული მიწის ღირებულება 193 680 ლარი წარმოადგენდა წილის ღირებულების შემადგენელ ნაწილს, რომლის რეალიზაციით მოხდა ვალის გაქვითვა. შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილია შპს ---- ის დამფუძნებლის --- ის განცხადება, სადაც განმარტავს, რომ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა (ს/კ --- ) 29.09.2021 წლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით უსასყიდლოდ იქნა გადაცემული შპს --- ის მიერ შპს --- ის დამფუძნებლებზე --- სა და --- ზე. ვინაიდან შპს --- ს იმ პერიოდისათვის ჰქონდა რეგისტრირებული აკრძალვები მიწის ნაკვეთის გადაფორმება ვერ მოხერხდა. აკრძალვების მოხსნისა და მიწის ფართობის დაზუსტების შემდეგ 12.09.2024 წელს მოხდა აღნიშნული მიწის რეალიზაცია ფიზიკურ პირ --- ზე. --- ძე აღნიშნულ განცხადებაში ადასტურებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა სრულად მიიღო შპს --- ის დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირებმა --- მ და --- მა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შპს ---- ს 100%- იანი წილის ნასყიდობის 29.09.2021 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ნასყიდობის ფასი და ამავე ხელშეკრულების თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცემოდათ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს, ასევე ხელშეკრულების შესაბამისად უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ წილის მფლობელები იღებენ ვალდებულებას გადაიხადონ ყველა ის გადასახადი, რაც წარმოიშობა შპს --- ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიწოდებიდან. ამასთან, 12.09.2024 წელს მიწის ნაკვეთი შეიძინა ფიზიკურმა პირმა --- მ (პ/ნ --- ), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ღირებულება 193 680 ლარი (72 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) სრულად მიიღეს შპს --- ს (ს/ნ --- ) დამფუძნებლებმა --- მ და --- მა.
საქმის გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადახდილი თანხა შემოწმებით განაწილებულ მოგებად ჩაითვალა მართლზომიერად. ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ დგინდება მოგების გადასახადის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესრულება, მომჩივნის მითითება აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების თაობაზე უსაფუძვლოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების მიმდინარეობისას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნაგანმარტებების საფუძველზე დგინდება, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული აქვს უძრავი ქონებები (საკადასტრო კოდი/მისამართი --- ქ ---, ----, --- ქ. ----), საწარმო საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობს მშენებარე ობიექტზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ --- ის ქუჩა №---ში. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ფიზიკური პირების ახსნა-განმარტები, რის საფუძველზეც დგინდება, რომ ნასყიდობის ღირებულებები კომპანიისთვის ანაზღაურებულია 2011-2013 წლებში, აღნიშნული ასევე დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებებითაც (ნასყიდობის ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ თანხა სრულად გადახდილია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს), წინარე ნასყიდობის გაფორმების და თანხის გადახდის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, შესაბამისად თანხის მიღების მომენტი არ წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ხოლო გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია მიღებული თანხის დღგ-ით დაბეგვრის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობის და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად გაანგარიშებული შემოსავალი 109 396 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის გადახდის დროს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, შესაბამისად, თანხის მიღების მომენტი არ წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ხოლო გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია მიღებული თანხის დღგ-ით დაბეგვრის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობისა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად გაანგარიშებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, რეალიზებული უძრავი ქონების შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და განმარტავს, რომ დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ოპერაცია დღგ-ით დაბეგრილი იყო ხანდაზმულ პერიოდში, თუმცა ქონებების გადაფორმება ვერ მოხერხდა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის რიგ შემთხვევებში მყიდველები საქართველოში არ იყვნენ, რის გამოც გასულ პერიოდში შეძენილი ქონებების გადაფორმება მოხდა გვიან - შესამოწმებელ პერიოდში. გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ქონების ღირებულება უნდა შედარებოდა დღგ-ის დეკლარაციების ჯამს და აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით უნდა ემსჯელა შემოწმებას და არა ისე, როგორც ეს სადავო აქტებში არის მოცემული.
შემმოწმებლის მოსაზრება არის ის, რომ რადგან ქონების მიწოდებამდე გასულ პერიოდში ოპერაციის დღგ-ით დაბეგრა არ ხდებოდა, ამიტომ შესამოწმებელ პერიოდში ქონების მიწოდება მის ავტომატურად დასაბეგრ ოპერაციად განხილვას გულისხმობს, თუმცა ქონების ღირებულების სრულად გადახდის გამო საგადასახადო მიზნებისათვის ქონებების მიწოდება იქნა აღიარებული და დაბეგრილი, ახლა უკვე ხანდაზმულ პერიოდში და გასაჩივრებული აქტებით ამ ოპერაციების განმეორებით დაბეგვრა არასწორია.
მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა სადავო საკითხის სათანადოდ გამოკვლევა, ინფორმაციის გამოთხოვა (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი) არ მომხდარა პასუხისმგებელი პირებიდან. შესაბამისი დასაბუთების გარეშე მოხდა სადავო აქტების გამოცემა. ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები არ არის სწორი და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული აქვს უძრავი ქონებები.
საწარმო საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობს მშენებარე ობიექტზე, რომელიც მდებარეობს სხვა მისამართზე.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ხანდაზმული პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდი/მისამართი ----) ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა არ განხორციელებულა არც წინარე ნასყიდობის გაფორმების მომენტში და არც მეპატრონეების მიერ ბინების ფაქტობრივი გამოყენების პერიოდიდან. აღნიშნულ უძრავ ქონებებზე საბოლოო ნასყიდობა შედგა შესამოწმებელ პერიოდში. დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა საბოლოო ნასყიდობის გაფორმების თარიღით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრა წინარე ნასყიდობის გაფორმების თარიღში არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსებით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიქსირდება უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო ფიზიკური პირების ახსნა-განმარტების და ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრული ნასყიდობის ღირებულებების ანაზღაურების პერიოდისთვის, ასევე წინარე ნასყიდობის გაფორმების პერიოდისთვის მოქმედი კანონმდებლობით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების მომენტი და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 32 929 ლარი, აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2026 წლის №094-21 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 22 591,99 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
თუ სანქციის სახით კიდევ დამატებით 55 000 (32 929 + 22 561,99) ლარზე მეტი თანხების გადახდაზე მოვედავებით გადასახადის გადამხდელს, იგი მომავალში ვეღარ შეძლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც კიდევ უფრო მეტ ახალ გაუგებრობას და პრობლემას წარმოშობს მომავალში გასაჩივრებული აქტებით გადასახადის სახით არსებული სადავო დარიცხვები საკმაოდ დიდია და აღნიშნული საქმიანობის პარალიზებას იწვევს კომპანიაში – ყველა თანმდევი შედეგით.
ეს არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს. სანქციის ნაწილში სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა თუ არა პირი – მარტო ამ მიდგომით მსჯელობა არ არის საკმარისი. სანქციის გამოყენების/არგამოყენების თაობაზე მსჯელობისას მიზანშეწონილობის საკითხის უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. რამდენად მოიტანს სიკეთეს სანქციისაგან გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებაზე უარი − ხომ არ მოხდება კომპანიის საქმიანობის პარალიზება, დაიწყება და გაგრძელდება წლების განმავლობაში გაუთავებელი სასამართლო დავები თანხების გადახდის/დაკისრების მოთხოვნით და ამ ნაწილში იქნება დამატებით სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯები, რომ არაფერი არ ვთქვათ დავის პერიოდში ძირითადი თანხების გადახდის შეჩერებაზე – იმის გამო, რომ სახელმწიფომ დამატებით სანქციის სახით მიიღოს თანხები გადასახადის გადამხდელისაგან. ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები საერთოდ დაუსაბუთებელი და არასწორია და მისი მიღების დროს არ არის გათვალისწინებული ის, თუ რა იქნება ასეთი ქმედების შედეგები მომავალში. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისაგან (ჯარიმისაგან და საურავისაგან). გადასახადის გადამხდელის და სახელმწიფოს ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებიდან (ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი),საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ზემოთ აღნიშნული დარღვევების არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. საწარმოს დამფუძნებლებისთვის ანაზღაურებული მიწის ღირებულების საწარმოს მიერ განაწილებულ მოგებად განხილვა;
2. უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2021 წლის 29 სექტემბერს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მომჩივნის 100% წილი შეიძინა შპს „---მა“. წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ნასყიდობის ფასი. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, შპს „---ს“ საკუთრებაში გააჩნია არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაეცემოდათ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს, ხოლო უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ წილის მფლობელები იღებენ ვალდებულებას გადაიხადონ ყველა გადასახადი, რომელიც წარმოიშობა მომჩივნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიწოდებიდან.
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგინდა, რომ 2024 წლის 12 სექტემბერს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინა ფ/პ ---მ, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ღირებულება 193 680 ლარი (72 000 აშშ დოლარი) სრულად მიიღო მომჩივნის დამფუძნებლებმა ფ/პ --- და --- ფ/პ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დამფუძნებლებზე გახადილი თანხა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ უძრავი ქონება ახალ მესაკუთრეს გადაეცა ვალის სანაცვლოდ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტმა განმარტა, რომ ვალის არსებობის ფაქტი არ დასტურდება.
შესაბამისად, შემოწმებით კომპანიის მიერ მიწის ნაკვეთის რეალიზაციის შედეგად დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა განაწილებულ მოგებად.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული აქვს უძრავი ქონებები. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ფიზიკური პირების ახსნა-განმარტები, რომლითაც დადგინდა, რომ ნასყიდობის ღირებულებები კომპანიისთვის ანაზღაურებულია 2011-2013 წლებში. აღნიშნული ასევე დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებებითაც (ნასყიდობის ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ თანხა სრულად გადახდილია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს). წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის გადახდის დროს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, შესაბამისად, თანხის მიღების მომენტი არ წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ხოლო გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია მიღებული თანხის დღგ-ით დაბეგვრის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობისა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად გაანგარიშებული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადახდილი თანხა შემოწმებით განაწილებულ მოგებად ჩაითვალა მართლზომიერად. ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ დგინდება მოგების გადასახადის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესრულება, მომჩივნის მითითება აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების თაობაზე უსაფუძვლოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 130 (1); 154 (1); 159 (1); 163 (1,2,6); 160 (5); 164 (1); 269 (7); 981; 309 (79, 92, 93).