გადაწყვეტილება №21963/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 21963/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21963/2/2024

15 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 13.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21963/2/2024).

 

დავის საგანი:

ბუღალტრულად სესხად გაცემული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №005-173 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31224 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 268 834,11 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 164 950

ჯარიმა - 82 475

საურავი - 21 409,11

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის საქმიანობის წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ავტომობილის კატალიზატორების შეძენა და ექსპორტი იტალიაში.

აუდიტი დეპარტამენტის 20.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 10.06.2021 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი კატალიზატორების შეძენას შესყიდვის აქტებით ახორციელებს ფიზიკური პირებიდან (შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება 26 756 805 ლარის კატალიზატორების შეძენა). საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“. საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით 31.12.2022 წელს უფიქსირდება 659 800 ლარის სესხის გაცემა, თუმცა ბუღალტრული პროგრამით ვერ იდენტიფიცირდებოდა პირი, რომელზეც იყო გაცემული აღნიშნული სესხი. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს "-----"-სთან (ს/ნ "------") გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ 1.02.2023 წელს. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №9-ის მე-4 მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მოხდენის მიზნებისთვის, მხედველობაში მიიღება სალაროდან სესხის გაცემის, კაპიტალის შემცირების, დივიდენდის განაწილების, ხარჯის გაწევის ან/და სხვა ოპერაცი(ებ)ის ამსახველი დოკუმენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ოპერაციები განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით მოცულ (შესამოწმებელ) პერიოდში და ამავე დროს, შესაბამის ოპერაციაზე სათანადო ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია (სესხის ხელშეკრულება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ., რომელსაც სარწმუნოდ მიიჩნევს საგადასახადო ორგანო) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება დადებული იყო შესამოწმებელი პერიოდის დასრულების შემდგომ, ბუღალტრულად სესხად გაცემული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე "------"-ზე (პ/ნ "------") გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №005-173 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31224 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით 2022 წლის 31 დეკემბერს უფიქსირდება 659 800 ლარის სესხის გაცემა, თუმცა პროგრამით ვერ იდენტიფიცირდება პირი, რომელზეც გაცემულია სესხი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც შედგენილია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, 2023 წლის პირველ თებერვალს. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება დადებული იყო შესამოწმებელი პერიოდის დასრულების შემდგომ, შემოწმების მიერ, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი 9-ის გათვალისწინებით, გაცემული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს სალაროდან გაცემული აქვს თანხა, ხოლო საწარმოს მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი სესხის ხელშეკრულების შედგენის თარიღი არ ემთხვევა შესამოწმებელ პერიოდს, შემოწმების მიერ, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №9-ის გათვალისწინებით, საწარმოდან გასული თანხის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება ან/და იმგვარი არგუმენტი, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის დაუსწრებლად, შესაბამისად მოსმენილი იქნა მხოლოდ შემმოწმებლების არგუმენტები, რაზეც საპასუხო არგუმენტების წარდგენის საშუალება არ მიეცა კომპანიას, რითაც აღმოჩნდა არათანასწორ პირობებში და დაირღვა გადასახადის გადამხდელის უფლებები, რომ დაეცვა პოზიცია.

შემოწმების შედეგად საზოგადოებას სალაროს ნაშთი ჩაეთვალა დირექტორზე განაცემ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. არასწორია შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა. აღნიშნული თანხა 659 000 ლარი კომპანიას გაცემული აქვს 1.02.2023 წელს სესხის სახით, რაზედაც არსებობს შპს "------"-სთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც ასევე საბუღალტრო პროგრამაშია ასახული, გასავლის ორდერი და სესხის ხელშეკრულება წარდგენილი იქნა შემოწმების პერიოდში შემმოწმებლებისთვის, რომელიც დღესაც არ არის დაბრუნებული.

შემოწმების აქტში შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ კომპანიას სესხის გაცემა ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდება 2022 წლის დეკემბრის თვეში, სესხი რეალურად კომპანიამ გასცა შპს "------"-ზე უპროცენტოდ 30.12.2022 წელს 1.02.2023 წლამდე, 1.02.2023 წელს სესხის ხელშეკრულება შეიცვალა და ჩაიწერა 20%, რაც ასევე წარდგენილი შემმოწმებლის მოთხოვნის შესაბამისად. აღნიშნული თანხა კომპანიას ჭირდება ბიზნეს საქმიანობის გასაგრძელებლად და დროებით გასცა სესხი სხვა პირზე.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით საჩივრის არ დაკმაყოფილების საფუძველი იყო, შემმოწმებლის არგუმენტი იმის შესახებ, რომ სესხი გაცემული შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, რაც არ არის სწორი რადგან, გასავლის ორდერი და პროგრამულად ბუღალტერიაში გატარებულია გაცემისთანავე, რომელიც შემოწმების დროს ნანახი აქვს აუდიტორებს, ხოლო სესხის ხელშეკრულებაც ასევე დამოწმებულია ორივე მხარის მიერ, თუმცა მისი მოთხოვნა არც ყოფილა შემოწმების მხრიდან, ხოლო 1.02.2023 წლის ხელშეკრულება, რომელიც წარდგენილია შემოწმების პერიოდში შემმოწმებლებისთვის, არც ეს შეიძლება ჩაითვალოს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ გაფორმებულ ხელშეკრულებად, რადგან შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 10.06.2021 წლიდან 1.02.2023 წლამდე. ე.ი შესამოწმებელი პერიოდის ბოლო დღით არის ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა სხვა დოკუმენტებით დგინდება, რომ სესხი გაცემულია 31.12.2022 წელს, რაც შესაბამისობაშია საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად.

აქედან გამომდინარე არამართლზომიერია აღნიშნული თანხის ჩათვლა დირექტორზე განაცემ ხელფასად და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. კომპანიის მიერ სესხის გაცემა დადასტურებულია კანონის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტების საფუძველზე, რაც წარდგენილია და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ისევ ყველა მტკიცებულება და დოკუმენტი იქნას წარმოდგენილი.

შესწავლილი უნდა იქნას აღნიშნული საკითხი შემოწმების მიერ და დაკორექტირდეს დამატებით დარიცხული გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით 31.12.2022 წელს უფიქსირდება 659 800 ლარის სესხის გაცემა. ბუღალტრული პროგრამით ვერ იდენტიფიცირდებოდა პირი, რომელზეც იყო გაცემული აღნიშნული სესხი. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს "------"-სთან (ს/ნ "------") გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ 1.02.2023 წელს.

აუდიტის დეპარტამეტის 5.02.2024 წლის №------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ თითქოს მან 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში შპს "------"-ზე (ს/ნ "------") გასცა უპროცენტო სესხი, თუმცა აღნიშნული კომპანიის საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შპს "------"-ს (ს/ნ "------") მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარმოდგენილ სააღრიცხვო პროგრამაში არ ფიქსირდებოდა მომჩივანისგან აღებული უპროცენტო სესხის თანხა.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვის თაობაზე მომჩივნის ინფორმირების მიზნით, საბჭოს აპარატის მიერ 19.03.2024 წელს 15:03 საათზე განხორციელდა სატელეფონო ზარი საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე "------", თუმცა მომჩივანმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ასევე, აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე 19.03.2024 წელს 15:05 საათზე გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება: „მომჩივანის საჩივრის განხილვა ფინანსთა სამინისტროში იქნება 21.03.2024 წელს 13:40 საათზე. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით აუცილებლად“. მომჩივანი საბჭოს აპარატს არ დაკავშირებია და არ გამოუხატავს საჩივრის განხილვაში მონაწილეობის დაინტერესება. ასევე, არ ჩაერთო საბჭოს მიერ საჩივრის დისტანციურად განხილვის პროცესში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ბუღალტრულად აღრიცხულია სესხის 31.12.2022 წელს გაცემა, ბუღალტრული პროგრამით სესხის მიმღები პირი არ იდენტიფიცირდება, შემოწმებული პერიოდი მოიცავს 1.02.2023 წლამდე პერიოდს, ხოლო მომჩივანი მიუთითებს, რომ სესხი გაიცა 1.02.2023 წელს ურთიერთდამოკიდებულ პირზე.

საქმის გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ არამართლზომიერია აღნიშნული თანხის ჩათვლა დირექტორზე განაცემ ხელფასად და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

გადამხდელი თვლის,რომ დაკორექტირდეს დამატებით დარიცხული გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“. საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით 31.12.2022 წელს უფიქსირდება სესხის გაცემა, თუმცა ბუღალტრული პროგრამით ვერ იდენტიფიცირდებოდა პირი, რომელზეც იყო გაცემული აღნიშნული სესხი. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ.ვინაიდან სესხის ხელშეკრულება დადებული იყო შესამოწმებელი პერიოდის დასრულების შემდგომ, ბუღალტრულად სესხად გაცემული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154.