ბრძანება N 20831

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.09.2024
№ დოკუმენტი 20831
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20831

24 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2024 წლის 5 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ ------) №91232/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივნისის №023-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აცხადებს, რომ კომპანია აწარმოებს ბუღალტერიას, რის შესახებაც საგადასახადო ორგანოს თანამშრომელიც ფლობდა ინფორმაციას. არ ეთანხმება აგრეთვე, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის განულებას და ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3713 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 3 ნოემბრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 11 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 19 ივნისის №14333 ბრძანება და №023-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 1 509 762 ლარი, მათ შორის გადასახადი 936 529 ლარი, ჯარიმა 468 265 ლარი და საურავი 104 968 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სარეცხი და ჰიგიენური საშუალებებით იმპორტირებული -----დან, ლობიო იმპორტირებული -----დან. კომპანიას აქვს ასევე ადგილობრივი შეძენები. 2024 წლის 16 აპრილის N8713 ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, შემოწმებით საქონლის ნაშთი ჩაითვალა ნულად. გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 2 762 820 ლარის სმფ-ები (იმპორტი - 1 436 785 ლარი, ადგილობრივი - 1 326 035 ლარი), დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 1 834 950 ლარს, რომელიც თითქმის საბუთით რეალიზაციის ტოლია (1 784 249 ლარი, სხვაობა 50 700 ლარი). ფასნამატმა შეადგინა 56,67%, რომელიც არსებითად არ განსხვავდება წინა პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ახსნა-განმარტებაში მითითებული ფასნამატისგან - 49,36% (კომპანიას 2023 წლის 20 ივლისს ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 85 000 ლარი).

ფასნამატის გათვალისწინებით დასადეკლარირებელი ბრუნვა არის 4 328 511,52 ლარი. სხვაობა დასადეკლარირებელ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის არის 4 328 511,52 - 1 834 950 = 2 493 561,52 ლარი.

არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, 159-ე და 160-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის უფროსის N19593 ბრძანების შესაბამისად, გადანაწილებული იქნა 2022, 2023 და 2024 წლებზე დეკლარირებული დღგ-ის პროპორციის შესაბამისად და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

. შემოწმებით დაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობის ცხრილი, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებული იქნა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივად შეძენილი საქონლის რეალიზაცია, ხოლო გადახდილ თანხებში - საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულება ტრანსპორტირების გათვალისწინებით, ადგილობრივი შეძენები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, გაცემული ხელფასები, იჯარა და სხვა. განკარგვადი თანხა ჩათვლილი იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა ჩანიშნული იყო გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით 2024 წლის 19 სექტემბერს 11:45 სთ-ზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, შემოწმებით საქონლის ნაშთი ჩაითვალა ნულად. გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 2 762 820 ლარის სმფ-ები (იმპორტი - 1 436 785 ლარი, ადგილობრივი - 1 326 035 ლარი), დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 1 834 950 ლარს, რომელიც თითქმის საბუთით რეალიზაციის ტოლია (1 784 249 ლარი, სხვაობა 50 700 ლარი). ფასნამატმა შეადგინა 56,67%, რომელიც არსებითად არ განსხვავდება წინა პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ახსნა-განმარტებაში მითითებული ფასნამატისგან - 49,36% (კომპანიას 2023 წლის 20 ივლისს ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 85 000 ლარი). ფასნამატის გათვალისწინებით დასადეკლარირებელი ბრუნვა არის 4 328 511,52 ლარი. სხვაობა დასადეკლარირებელ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის არის 4 328 511,52 - 1 834 950 = 2 493 561,52 ლარი. დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შესაბამისად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დაბეგვრის ობიექტისა და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ასევე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მართლზომიერია შემოწმების მიერ საქონლის ნაშთის ნულად ჩათვლა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. არ ეთანხმება აგრეთვე, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის განულებას და ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას გადამხდელის მონაწილეობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სარეცხი და ჰიგიენური საშუალებებით, როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივი შეძენებით. საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილია ფაქტობრივ გარემოებები, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, შემოწმებით საქონლის ნაშთი ჩაითვალა ნულად. დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შესაბამისად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დაბეგვრის ობიექტისა და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ასევე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მართლზომიერია შემოწმების მიერ საქონლის ნაშთის ნულად ჩათვლა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,158,159,163.