ბრძანება N 20076

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.09.2025
№ დოკუმენტი 20076
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20076

12 სექტემბერი 2025

ბრძანება

შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.: „--------“)

2025 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) 2025 წლის პირველი აგვისტოს №97274/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №041-40 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს და აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია რატომ იქნა გამოყენებული აუდირებული ფასნამატი და არ გავრცელდა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. დამატებით მიუთითებს, რომ სხვა მსგავსი საქმიანობის კომპანიების შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტმა გაავრცელა გაცილებით დაბალი ფასნამატი (26%). ასევე, მომჩივანი არ ეთანხმება არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №8139 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 29 ნოემბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 ივლისის №15166 ბრძანება და ამავე თარიღის №041-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 243 052 ლარი, მათ შორის გადასახადი 703 588 ლარი, ჯარიმა 351 794 ლარი და საურავი 187 669 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფოორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“ ) ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს იმპორტირებული საქონლით (ძირითადად ტანსაცმლით) ვაჭრობა ბაზრობის ტერიტორიაზე. შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 29.11.2022 წელი და ამავე თარიღიდან არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული. საგადასახადო მონიტორინგის დეპატამენტის 2025 წლის 28 აპრილის N 7725 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი არანაირი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 136-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ 58% შეადგინა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

● ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმებამ იხელმძღანელა საქართველო საგადასახადო კოდექწსის 49-ე და 61-ე მუხლებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე, გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდლი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 27 აგვისტოს 13:45 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ მონაწილეობდა შემოწმების პროცესში და არ წარუდგენია მოთხოვნილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის N7725 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული პროცედურის, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მასალები, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ 58% შეადგინა. შესაბამისად, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები. ამასთან, გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდლი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება, რომელზეც მოხდა აუდირებული ფასნამატის გავრცელება გაანგარიშდა საინვოისო ღირებულების შესაბამისად (საბაჟოზე წარდგენილი ინვოისების გათვალისიწნებით) და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტური რეალიზაცია მთლიან ბრუნვაში შეადგენდა 3%, ამასთან, დოკუმენტური ფასნმატის გამოსათვლელად შეძენა-რეალიზაციის დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატსასევე, მომჩივანი არ ეთანხმება არასწორად გაანგარიშებული ვირტუალური ფულის ნაშთის აგროსვას და 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 29.11.2022 წელი და ამავე თარიღიდან არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული. საგადასახადო მონიტორინგის დეპატამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს.გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ 58% შეადგინა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 158-ე, 159-ე, 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

ასევე, გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდლი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),101,154,163,164.