გადაწყვეტილება №19018/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.03.2023
№ დოკუმენტი 19018/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19018/2/2023

31.03.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 2.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19018/2/2023).

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.05.2019 წლის №6188/2/2018 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №2368 ბრძანება.

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 25.12.2017 წლის შუალედური აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.04.2014 წლიდან 1.01.2015 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2017 წლის №006-982 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.05.2018 წლის №11894 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 26.07.2018 წლის შუალედური აქტით შემოწმებულია 1.01.2015 წლიდან 1.10.2017 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2018 წლის №006-357 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.10.2018 წლის №29117 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 18.05.2018 წლის №11894 და 15.10.2018 წლის №29117 ბრძანებები, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 29.05.2019 წლის №6188/2/2018 გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში, სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ამ ცვლილებებით სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას შემსუბუქებულია, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 27.12.2018 წლის №4225-რს კანონით განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებულია 25.10.2021 წლის საგადასახადო შეთანხმების აქტი და შეთანხმების აქტით ნაკისრი ვალდებულებები კომპანიის მიერ შესრულებულია, მომჩივანს 27.07.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

აღნიშნულზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №2368 ბრძანება, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

მომჩივნის არგუმენტაცია

9.02.2023 წელს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ბრძანება №2368 გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ, საგადასახადო კოდექსის 61-ე და 268-ე მუხლების თანახმად კომპანიას 27.07.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდეს. საფუძველი: საქართველოს მთავრობის 15.10.2021 წლის №1834 განკარგულება, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, 25.10.2021 წლის საგადასახადო შეთანხმება №ა2990-21, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.05.2019 წლის №6188/2/2018 და №7023/2/2018 გადაწყვეტილება, საგადასახადო შემოწმების №8 სამმართველოს 1.02.2023 წლის დასკვნა.

15.10.2021 წლის №1834 განკარგულების საფუძველზე გაფორმდა „საგადასახადო შეთანხმება“ №ა2990-21 კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება მიზნად ისახავდა კომპანიის საგადასახადო დავალიანების შემცირებას ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში. გადასახდელი დავალიანება განისაზღვრა 176 151,65 ლარით, საგადასახადო დავალიანების ვადა - 31.12.2021 წლამდე. საგადასახადო შეთანხმების პირობები სრულად და ზედმიწევნით, ვადის დაცვით, შეასრულა კომპანიამ.

შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა დავალიანების ჩამოწერა და პირადი აღრიცხვის ბარათებზე დღევანდელი მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება კომპანიას არ აქვს. გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მიერ 9.02.2023 წელს გამოცემული №2368 ბრძანების არსი. 15.10.2021 წლის №1834 განკარგულების საფუძველზე №ა2990-21 საგადასახადო შეთანხმების აქტით ნაკისრი ვალდებულებები კომპანიის მიერ შესრულებულია. აღნიშნული შეთანხმება ავტომატურად აუქმებს 27.07.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით თანხების დარიცხვას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.05.2019 წლის №6188/2/2018 და №7023/2/2018 გადაწყვეტილებას, საგადასახადო შემოწმების №8 სამმართველოს 1.02.2023 წლის დასკვნას.

მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 9.02.2023 წელს გამოგზავნილი №2368 ბრძანება, არ არის მართებული და საჩივრდება საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით.

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭოს 29.05.2019 წლის №6188/2/2018 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 27.12.2018 წლის №4225-რს კანონით განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 25.10.2021 წლის №ა2990-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლის 3.3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 17.05.2021 წლის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 176 151,65 ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად კორექტირებას არ ექვემდებარება საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საბჭოს 29.05.2019 წლის №6188/2/2018 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №2368 ბრძანების გაუქმების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოება

საბჭოს გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 27.12.2018 წლის №4225-რს კანონით განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება. დადგენილია, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად კორექტირებას არ ექვემდებარება საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272; 275; 304.