ბრძანება N 6027

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2024
№ დოკუმენტი 6027
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6027

20 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 6 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 6 თებერვლის №87489/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №056-60 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს, განმარტავს, რომ კომპანიის ბუღალტრულ პროგრამა ფინაში არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. შესაბამისად კომპანიის ბუღალტრის მიერ გადაცემული ნაშთები არის არასწორი. ასევე, არ ჩაბარებია ინვეტარიზაციის აქტი (ოქმი), რათა გაესაჩივრებინა ინვენტარიზაციის შედეგები.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, განმარტავს, რომ ადგილი აქვს დისკომუნიკაციას, კომპანიისთვის უცნობია თუ რა თანხები იქნა დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 აგვისტოს №20841 და 5 დეკემბრის №30370 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 დეკემბრის №32388 ბრძანება და ამავე თარიღის №056-60 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 276 142 ლარი, მათ შორის, გადასახადი 155 408 ლარი, ჯარიმა 76 414 ლარი, საურავი 44 320 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო საქონლის იმპორტი, ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და რეალიზაცია. კომპანია საქმიანობას ეწევა იჯარით აღებულ ფართში, რომელიც მდებარეობს -------, -------. გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაცია განხორციელებულია როგორც დოკუმენტებით, ასევე საკონტროლო სალარო აპარატისა და საბანკო ჩარიცხვების გზით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა (ფინა), რის შესწავლის შედეგადაც ირკვევა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ: არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი დეტალური აღრიცხვა. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით დოკუმენტის გარეშე (სასაქონლო ზედნადები) რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად თვის ბოლოს. თუმცა შემოწმების მონაცემებით, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი შესაბამისობაშია დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატთან. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება ფაქტობრივი ნაშთი გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით ბუღალტრულ ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ (ინვენტარიზაციის მონაცემებით) ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა 324 448 (თვითღირებულებით) ლარის ოდენობით. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და პირის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების სხვაობის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი 21%), რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. აღნიშნული სხვაობები დაიბეგრა დღგ-ით, გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დამატებით განსაზღვრული შემოსავალი შემცირდა შპს „-------“ და დირექტორ/დამფუძნებელს შორის არსებული სასესხო ხელშეკრულების გათვალისწინებით, კერძოდ შპს-ს მიერ სესხი აღებულია ფიზიკურ პირ დამფუძნებლისგან (ამავე დროს დირექტორი) და გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე ჩაითვალა დაბრუნებულად. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, შემოწმებასა და დეკლარირებულ (აღიარებულ) შემოსავალს შორის სხვაობის თანხა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი დეტალური აღრიცხვა. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით დოკუმენტის გარეშე (სასაქონლო ზედნადები) რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად თვის ბოლოს. თუმცა შემოწმების მონაცემებით, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი შესაბამისობაშია დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატთან. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, 2023 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით ბუღალტრულ ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ (ინვენტარიზაციის მონაცემებით) ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების სხვაობის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი (დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი 21%), რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების სხვაობის რეალიზებულად განხილვა და თვითღირებულებაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა მართლზომიერია. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშრებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით მიხედვით, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დამატებით განსაზღვრული შემოსავალი შემცირდა შპს „-------“ და დირექტორ/დამფუძნებელს შორის არსებული სასესხო ხელშეკრულების გათვალისწინებით, კერძოდ შპს-ს მიერ სესხი აღებულია ფიზიკურ პირ დამფუძნებლისგან (ამავე დროს დირექტორი) და გადამხდელის წერილობითი ახსნა- განმარტების საფუძველზე ჩაითვალა დაბრუნებულად. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, შემოწმებასა და დეკლარირებულ (აღიარებულ) შემოსავალს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დადგენილსა და დეკლარირებულ (აღიარებულ) შემოსავალს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის პირის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების სხვაობის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. აღნიშნული სხვაობები დაიბეგრა დღგ-ით.

2. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დამატებით განსაზღვრული შემოსავალი შემცირდა შპს და დირექტორ/დამფუძნებელს შორის არსებული სასესხო ხელშეკრულების გათვალისწინებით, კერძოდ შპს-ს მიერ სესხი აღებულია ფიზიკურ პირ დამფუძნებლისგან (დირექტორი) და გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე ჩაითვალა დაბრუნებულად. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, შემოწმებასა და დეკლარირებულ (აღიარებულ) შემოსავალს შორის სხვაობის თანხა ჩაითვალა საწარმოს მიერ მიღებულად და პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154;