ბრძანება N 1458

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.01.2024
№ დოკუმენტი 1458
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1458

30 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის:---) 2024 წლის 17 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №86837/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-429 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებული საქონლის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას. განმარტავს, რომ მომწოდებელი კომპანიისგან აქვს ნოტარიულად და აპოსტილით დამოწმებული მინდობილობა კომპანიის წარმომადგენელზე, რომელიც უშუალოდ ჩამოდიოდა თბილისში და ხელზე გადასცემდნენ თანხას (აღნიშნული პირის საზღვრის კვეთა შესაბამისობაშია საწარმოს მიერ განხორციელებულ და საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხულ თანხის გადახდის თარიღთან). ასევე აქვთ ირანული კომპანიის მიერ გამოგზავნილი წერილი, მინდობილი პირისათვის თანხის გადაცემის შესახებ და დოკუმენტი რომლითაც დასტურდება, რომ მათ მიმართ კომპანიას დავალიანება არ ერიცხება. მომჩივანი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6474 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33499 ბრძანება და ამავე თარიღის №007-429 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 39 580 ლარი, მათ შორის, გადასახადი 25 281 ლარი, ჯარიმა 12 641 ლარი, საურავი 1 658 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალით, აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრული პროგრამის მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საქონლის იმპორტი ირანიდან, რომელთან დაკავშირებითაც გადამხდელს არ გააჩნდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, შემოწმების მიერ დადასტურებულად მიჩნეულ იქნა ხარჯის 75%, ხოლო დარჩენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ განმარტებაზე, რომ პირი არ ეთანხმება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების არ ქონის მიზეზით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და დარიცხვის შემცირების მიზნით წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) მოთხოვნებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებული საქონლის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33499 ბრძანება და ამავე თარიღის №007-429 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 39 580 ლარი, მათ შორის, გადასახადი 25 281 ლარი, ჯარიმა 12 641 ლარი, საურავი 1 658 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61 (3); 73 (4,9); 101; 154;