გადაწყვეტილება №19667/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.08.2023
№ დოკუმენტი 19667/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19667/2/2023

02 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 12.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19667/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა მიღებული ავანსების გათვალისწინებით;

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამოვლენილი სხვაობა;

3. სესხის დაბრუნების შინაარსით გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

4. აღურიცხველი ოპერაციებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლების ანგარიშვალდებული პირის ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-665 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9093 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 7 859 236,47 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 3 916 893

დღგ - 1 381 192

მოგების გადასახადი - 297 265

საშემოსავლო გადასახადი - 2 238 436

ჯარიმა - 2 609 609

საურავი - 1 332 734,47

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 12.04.2022 წლის ჩათვლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-665 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9093 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა მიღებული ავანსების გათვალისწინებით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს მიღებული აქვს ავანსები შპს N1-სგან და აღნიშნული არ აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შესაბამის პერიოდებში დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ მიღებული ავანსის თანხებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების (ასევე, ბუღალტრის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს მიღებული აქვს ავანსები შპს N1-სგან . შესამოწმებელ პერიოდში ბინების სახელშეკრულებო თანხა არის 4 057 589 ლარი. ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია 2 909 437 ლარზე. ხოლო, მხოლოდ ავანსის თანხები ბანკში ჩარიცხულია ჯამში - 3 710 636 ლარი (ბანკის ანგარიშის ამონაწერში არ არის მითითებული თანხების დანიშნულება). ჩარიცხული თანხა ნაკლებია სახელშეკრულებო თანხებზე. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია შპს N1-ს და მომჩივანს შორის დადებული ხელშეკრულება სესხის შესახებ, ამასთან, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, აღნიშნული კომპანიის მიმართ კრედიტორული დავალიანება არ არის დაფიქსირებული.

რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირ მეთოდის გამოყენებით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულად არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს მხრიდან არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის დარიცხვის წინაპირობებს. უდავო გარემოებაა, რომ ამ შემთხვევაში აღნიშნული დებულების გამოყენებისათვის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და აუდიტის დეპარტამენტს წარმომადგენლების მხრიდან კორექტირებული ადმინისტრაციული აქტი გამოცემული უნდა იქნას ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და არა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხულ გადასახადს, შემოწმების აქტით, შემმოწმებლებმა დღგ-ით დაბეგრეს შპს N1-სგან სესხის სახით მიღებული 678 983 ლარის მიღება, იმ მოტივით რომ შპს N1-თვის გარკვეული პერიოდულობით კომპანიას მიყიდული აქვს მშენებარე ფართები, რომლებიც ამ უკანასკნელის მხრიდან ანაზღაურებულია და მომჩივანის მიერ გამოწერილია შესაბამისი დღგ-ის ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დეკლარირებაც განხორციელებულია, ხოლო რაც შეეხება სესხის თანხას იგი ანაზღაურდება თანხის სახით, შესაბამისად ავანსის კრიტერიუმები აღნიშნულ ეპიზოდში არ დგება და შესამცირებელია დღგ-ში გადასახადის თანხა 122 217 ლარი, მასზე დარიცხულ ჯარიმასთან და საურავთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შემოწმების შედეგად, ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს მიღებული აქვს ავანსები შპს N1-სგან და აღნიშნული არ აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ საჩივრით სადავოდ მითითებულ არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში გამოვლენილი სხვაობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 156-ე, 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით დაკორექტირდა დღგით დასაბეგრი ბრუნვები, რამაც გამოიწვია დღგ-ის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი იყო დარიცხვის თემები და ყველა სამუშაო ცხრილი იყო გაგზავნილი მოჩივანის ოფიციალურ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია შემოწმების აქტით დღგ-ში დამატებით დარიცხული 92 056 ლარი, რამეთუ არანაირი სამართლებრივი საფუძველი შემოწმების აქტით განმარტებული არ არის, შესაბამისად შესამცირებელია დღგ-ში გადასახადი 92 056 ლარი, მასზე დარიცხულ ჯარიმასთან და საურავთან ერთად, როგორც უსაფუძვლო დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულია შემოწმების დროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე და მიიჩნევს, რომ გამოვლენილი სხვაობის მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სესხის დაბრუნების შინაარსით გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს სალაროს ანგარიშიდან (1110) კომპანიის ერთერთ დამფუძნებელსა და ამასთანავე, დირექტორზე გაცემული აქვს თანხები შინაარსით სესხის დაბრუნება. შემოწმებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, საბუღალტრო მონაცემები, გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი ელექტრონული ბაზები და საბანკო ამონაწერები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, შეცვალოს მისი კვალიფიკაცია თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. შემოწმებით, სალაროდან გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას დირექტორზე გაცემული აქვს თანხები შინაარსით სესხის დაბრუნება. შემოწმებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, საბუღალტრო მონაცემები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საბანკო ამონაწერები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარსს, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საჩივრის ზეპირი განხილვისას გაკეთებული განმარტების თანახმად, გადასახადის გადამხდელს სესხის საჭიროება არ ჰქონდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივანის მიერ არც შემოწმების და არც დავის წარმოების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, შემოწმებით სალაროდან დირექტორზე გაცემული თანხების ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, გადასახადის გადამხდელი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის წინა პერიოდებზე დამფუძნებლისგან მიღებული ჰქონდა გარკვეული ფინანსური რესურსი სესხად, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა აღნიშნული თანხის მსესხებელზე დაბრუნება. გაუგებარია შემმოწმებლებმა რა პრინციპით შეცვალეს საზოგადოების სასტარტო საბუღალტრო ნაშთები ისე, რომ აღნიშნულ თანხებს მიანიჭეს ხელფასის კვალიფიკაცია, თითქოსდა დირექტორზე განხორციელდა 350 555 ლარის (დარიცხული ხელფასი) გაცემა ხელფასის სახით. შესაბამისად, შესამცირებელია საშემოსავლო გადასახადში გადასახადის თანხა 70 111 ლარი, მასზე დარიცხულ ჯარიმასთან და საურავთან ერთად, როგორც უსაფუძვლო დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროს ანგარიშიდან დირექტორზე გაცემული აქვს თანხები შინაარსით სესხის დაბრუნება. თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ვინაიდან შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების დროს წარდგენილი დოკუმენტაციის, საბუღალტრო მონაცემების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული ბაზების და საბანკო ანგარიშების ამონაწერების საფუძველზე დადგინდა, რომ თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარსს, საბჭო მიიჩნევს, რომ თანხის გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. აღურიცხველი ოპერაციებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლების ანგარიშვალდებული პირის ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, ბუღალტრული აღრიცხვის, საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მომჩივანის ბუღალტრულ აღრიცხვაში არ აქვს ასახული რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები (მოძრავი ქონების რეალიზაციები და სასაქონლომატერიალური მარაგების რეალიზაციები), ასევე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული ოპერაციები. შემოწმების მიერ, ბუღალტრულად აღურიცხველი ოპერაციებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლები საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მომჩივანს ბუღალტრულ აღრიცხვაში არ აქვს ასახული უძრავი ქონებებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები, ასევე, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული ოპერაციები. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები თანხები საწარმოს არ ჰქონდა ასახული დებიტორულ დავალიანებად.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც შემოწმების აქტის ტექსტური ნაწილიდან ირკვევა აუდიტორების მხრიდან დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირდა რეალიზებული მშენებარე უძრავი ქონებების მიღებული/მისაღები თანხები, ანუ მიუღებელი დებიტორული დავალიანებაც ჩაითვალა დაქირავებულზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, აღნიშნულ ნაწილში, ისევე როგორც კრედიტორებზე ანაზღაურებული ფულადი სახსრების ნაწილში შემოწმების აქტი მოითხოვს ხელახალ გადაანგარიშებას და საშემოსავლო გადასახადში ამ ეპიზოდში დარიცხული გადასახადის თანხა 1 752 393 ლარი, მასზე დარიცხულ ჯარიმასთან და საურავთან ერთად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული აქტი დარიცხვის ნაწილში ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, რამეთუ 96-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში არ აქვს ასახული რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები (მოძრავი ქონების რეალიზაციები და სასაქონლომატერიალური მარაგების რეალიზაციები), ასევე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული ოპერაციები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში აუსახავი შემოსავლები განსაზღვრულია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების დროს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, ბუღალტრული აღრიცხვის, საბანკო ანგარიშების ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ბაზების შესწავლის შედეგად და მიიჩნევს, რომ დადგენილი შემოსავლის ანგარიშვალდებული პირის ხელფასად განხილვა მართლზომიერია და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის დარიცხვის წინაპირობებს.

ასევე,ითხოვს დღგ-ს ნაწილში გადასახადი შემცირებას , მასზე დარიცხულ ჯარიმასთან და საურავთან ერთად.

2.მომჩივანისთვის გაუგებარია შემოწმების აქტით დღგ-ში დამატებით დარიცხული თანხა. გადამხდელი თვლის,რომ შესამცირებელია დღგ-ში გადასახადი მასზე დარიცხულ ჯარიმასთან და საურავთან ერთად.

3.მომჩივანი არ ეთანხმება სესხის დაბრუნების შინაარსით გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას;

4.გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა ოპერაციებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლების ანგარიშვალდებული პირის ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანს მიღებული აქვს ავანსები და აღნიშნული არ აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.მიღებული ავანსის თანხებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან,რამაც გამოიწვია დღგ-ის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება.

3.თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარსს.შემოწმებით, სალაროდან გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

4.მომჩივანის ბუღალტრულ აღრიცხვაში არ აქვს ასახული რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები (მოძრავი ქონების რეალიზაციები და სასაქონლომატერიალური მარაგების რეალიზაციები), ასევე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებული ოპერაციები. , ბუღალტრულად აღურიცხველი ოპერაციებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლები განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან,გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ,მე-2,მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან მიმართებაში საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,136,154,156,159,161,163