გადაწყვეტილება №27704/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27704/2/2026
07 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 2.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27704/2/2026).
დავის საგანი:
1. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე გავრცელებული საბაზრო ფასის ოდენობა და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები; 2. საშემოსავლო და მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების მიზანშეწონილობა დამფუძნებლების და დირექტორების მიმართ კომპანიის ვალდებულებების სრულად გათვალისწინების გზით;
3. ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
4. შეძენილი საქონლის დირექტორის სარგებლად და სხვა პირზე მიწოდებად განხილვა;
5. დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №006-568 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.05.2026 წლის №10269 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 449 103.74 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 256 903.80
დღგ - 119 188.60
მოგების გადასახადი - 85 692.05
საშემოსავლო გადასახადი - 52 023.15
ჯარიმა - 128 141.20
საურავი - 64 058.74
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის №25984 ბრძანებით მოცული საკითხებისა, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 დეკემბრის №28375 ბრძანება და №006-568 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2026 წლის №10269 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებები დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2026 წლის №10269 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე გავრცელებული საბაზრო ფასის ოდენობა და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში აშენებული აქვს 1 საცხოვრებელი 7 სართულიანი კორპუსი, შენობის საერთო ფართია 2419.8 კვ.მ, აქედან საცხოვრებელი ფართები და კომერციული ფართების მოცულობა ჯამურად შეადგენს 2080.5 კვ.მ-ს რეესტრში დაფიქსირებული განშლის მიხედვით. კორპუსი მდებარეობს ქ. ---ში, , მე-- მ/რ-ში (ს.კ ------). მშენებლობა დაიწყო 2020 წელს და დასრულდა 2024 წლის ბოლოს. ბინების რეალიზაცია ხდებოდა უმეტესად წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით. გადასახადის გადამხდელი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ადეკლარირებდა ავანსებს და საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებით დასაბეგრ ბრუნვებს, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში არასრულად ან არასწორად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სარეალიზაციო ფართების ღირებულება და ავანსები. რეალიზებული ფართების (1627.31კვ.მ) ღირებულება არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე შეადგენს 1 886 786 ლარს ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით. დანარჩენი ფართები ჯამურად 428.19 კვ.მ. რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე 439 000 ლარად 2022, 2023 და 2024 წლებში.
ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასების ანალიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფასები არცერთი რეალიზაციის შემთხვევაში არ შეესაბამება საბაზრო ფასს. შემოწმების შედეგად საბაზრო ფასი განისაზღვრა იპოთეკის ხელშეკრულებების, აუდირებული კომპანიების, საჯარო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე. გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ასევე, საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 , 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართებიდან საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა ამ ნაწილში დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო ფართების დირექტორზე რეალიზაცია დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 ნაწილებზე და მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 491 მუხლზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება შემოწმების პროცესშივე გაანალიზდა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მყიდველი და გამყიდველი მხარეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, ხოლო მათ შორის დაფიქსირებული 350 დოლარი არის არასაბაზრო ფასი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან დასკვნა ეწინააღმდეგებოდა მასში გაანალიზებულ მასალას და წყაროებს.
იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ ურთიერთდამოკიდებულ პირს საცხოვრებელი ფართები მიაწოდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საცხოვრებელი ფართების მიწოდების ოპერაციაზე, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა და დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია შემოწმების შედეგად, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გავრცელებული საბაზრო ფასები, ბევრად აღემატება რეალიზებული ბინების საბაზრო ფასს, კერძოდ, კომპანიის მიერ, -----ზე ბინა შავი კარკასის კონდიციით ----- რეალიზებულია 2022 წლის იანვარის თვეში 350 დოლარად. აღნიშნულ ფიზიკურ პირს, 2022 წლის ივლისის თვეში, ბინა რეალიზებული აქვს 600 დოლარად, შემოწმებით, 2022 წლის იანვრის თვეში, გავრცელებული იქნა 950 დოლარი. უცნობია რატომ გავრცელდა აღნიშნული ფასი, როცა 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, არცერთ სამშენებლო კომპანიას -----ის ბაზარზე მსგავსი ფასი არ ქონია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ასევე არ იქნა მხედველობაში მიღებული წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. ითხოვს სწორი ფასის გავრცელებას, შესაბამისად დარიცხული თანხების კორექტირებას. ასევე, არ ეთანხმება სხვა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გავრცელებულ ფასებს, ითხოვს მათ შემცირებას და აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხების კორექტირებას/შემცირებას.
2. საშემოსავლო და მოგების გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების მიზანშეწონილობა დამფუძნებლების და დირექტორების მიმართ კომპანიის ვალდებულებების სრულად გათვალისწინების გზით
ფაქტების აღწერა
დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია პირველ სადავო საკითხის ნაწილში. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაზე, გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტებზე, რომ კომპანიას უფიქსირდება ვალდებულება დამფუძნებლების ----ის და -----ის მიმართ, რომელიც წარმოშობილია მიწის კაპიტალში შეტანით. მიწა შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 517 099 ლარად, აღნიშნული დასკვნა წარდგენილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების პროცესში. შემოწმების მიერ ბინებზე გავრცელებული იქნა საბაზრო ფასები და მიღებული თანხის ნაწილი ჩაითვალა ხელფასად დირექტორზე, ხოლო ნაწილი ჩაითვალა განაწილებულ მოგებად დამფუძნებელზე. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა გაზრდილი თანხებით კომპანიის დამფუძნებლების ვალდებულების შემცირება, თუმცა აღნიშნული გარემოების გათვალისწინება არ მომხდარა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო და მოგების გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომ კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტერიას, შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯაროს რეესტრის ინფორმაციით და გადამხდელთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორებს მიწის ნაკვეთი, სადაც შემდგომ კორპუსის მშენებლობა მოხდა, ჰქონდათ შეტანილი საწარმოს კაპიტალში 2020 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო მიწა შეფასდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 16 მარტის მდგომარეობით, რომლის მიხედვითაც მიწის ღირებულება შეადგენდა 155 978 აშშ დოლარს, შესაბამისი გაცვლითი კურსით 517 909 ლარს. შემოწმების მიერ გაანალიზდა შესამოწმებელი პერიოდის გარდა, წინა პერიოდიც დაფუძნებიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, რის მიხედვითაც გაანგარიშდა შემოსავლები და ხარჯები, ასევე გათვალისწინებულ იქნა მიწის ღირებულება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას დამფუძნებლების, ----ძის და -----ძის, მიმართ უფიქსირდება ვალდებულება, რომელიც წარმოშობილია მიწის კაპიტალში შეტანით, მიწა შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 517 099 ლარად, აღნიშნული დასკვნა წარდგენილი იყო აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების პროცესში, შემოწმების მიერ, ბინებზე გავრცელებული იქნა საბაზრო ფასები და მიღებული თანხის ნაწილი ჩაითვალა ხელფასად დირექტორზე, ნაწილი ჩაითვალა განაწილებულ მოგებად დამფუძნებელზე, შესაბამისად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადი.
შემოწმების პროცესში, ვითხოვეთ გაზრდილი თანხებით კომპანიის დამფუძნებლების ვალდებულების შემცირება და აღნიშნულ საკითხზე საშემოსავლოს და მოგების გადასახადის არ დარიცხვა, მაგრამ შემოწმების მიერ აღნიშნულის გათვალისწინება არ მომხდარა.
არ ეთანხმება აღნიშნულ დარიცხვას და ითხოვს გაზრდილი თანხით დამფუძნებლის და დირექტორების ვალდებულების შემცირებას სრულად, აღნიშნულის მხედველობაში მიღებას და საშემოსავლო და მოგების გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირებას. კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება გაანგარიშების ცხრილი სადაც მკაფიოდ იქნება ასახული, კომპანიის დამფუძნებლების მიმართ ზუსტი ვალდებულება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველ სადავო საკითხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მე-2 სადავო საკითხის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები. კერძოდ აღნიშნა, რომ ძირითადი სადავო საკითხია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე გამოყენებული ფასები. კომპანიას ბინები რეალიზებული აქვს 1 კვ.მ. 350 დოლარად, რომელიც მყიდველის მიერ გაყიდული იქნა 600 დოლარად, ხოლო შემოწმების შედეგად გამოყენებულია 950 დოლარი. საუბარია 2022-2023-2024 წლებზე, როცა სხვა კორპუსის მშენებლობებზე 600 დოლარზე მეტი არსად ფიქსირდება, ამასთან ბინა შავი კარკასის მდგომარეობაშია გაყიდული და ამდენად მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ გამოყენებული ფასი ძალიან მაღალია. ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინეს შემმოწმებელ აუდიტორს, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული, შეუძლიათ დამატებით წარადგინონ ახალი ექსპერტიზის დასკვნა, თუ ამის ნება იქნება.
აუდიტის დეპარტამენტი 14.07.2026 წლის №--21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, სადავო საკითხის ნაწილში, მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ კომპანიას შემოწმების პროცესში აშენებული აქვს 1 საცხოვრებელი 7 სართულიანი კორპუსი, შენობის საერთო ფართია 2419.8 კვ.მ., საცხოვრებელი ფართები და კომერციული ფართების მოცულობა ჯამურად შეადგენს 2080.5 კვ.მ. რეესტრში დაფიქსირებული განშლის მიხედვით. კორპუსი მდებარეობს ქ. ----ში, მე-- მ/რ (ს.კ -----). მშენებლობა დაიწყო 2020 წელს და დასრულდა 2024 წლის ბოლოს. ბინების რეალიზაცია ხდებოდა უმეტესად წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით. გადასახადის გადამხდელი დღგ-ის ბრუნვაში ადეკლარირებდა ავანსებს და საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებით დასაბეგრ ბრუნვებს, თუმცა შესამოწმებელ პერიოდში არასრულად ან არასწორად აქვს დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვებში საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სარეალიზაციო ფართების ღირებულება და ავანსები. რეალიზებული ფართების (1627.31კვ.მ.) ღირებულება არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე შეადგენს 1 886 786 ლარს ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით. დანარჩენი ფართები ჯამურად 428.19 კვ.მ. რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე 439 000 ლარად 2022, 2023 და 2024 წლებში. შემოწმების მიერ გაანალიზდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები და დადგინდა, რომ აღნიშნული ფასები არცერთი რეალიზაციის შემთხვევაში არ შეესაბამება საბაზრო ფასს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან დასკვნა ეწინააღმდეგებოდა მასში გაანალიზებულ მასალას და წყაროებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება შემოწმების პროცესშივე გაანალიზდა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მყიდველი და გამყიდველი მხარეები არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, ხოლო მათ შორის დაფიქსირებული 350 დოლარი არის არასაბაზრო ფასი. შემოწმების მიერ განსაზღვრული იქნა საბაზრო ფასი იპოთეკის ხელშეკრულებების, აუდირებული კომპანიების, საჯარო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ასევე, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართებიდან საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა ამ ნაწილში დაიბეგრა მოგების გადასახადით, დირექტორზე რეალიზებული ფართები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულია ნაწილი ბინების, ნაწილი კომერციული ფართების სახით, შეფასებაში ჩანდა ინტერნეტ ფასები 1100 დოლარი, იპოთეკის ხელშეკრულებებით 1000 დოლარამდეც კი არის, თუმცა გამოყენებული იქნა ბინებზე 2023 წელს 900, ხოლო 2024 წელს 800 დოლარი, ხოლო კომერციულ ფართებზე 2024 წელს 1100 დოლარი. ამასთან დაახლოებით 8 ბინაზეა და 5 კომერციულ ფაქტზეა საუბარი. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა კი არასანდოდ მიიჩნია. ამასთან აღნიშნა, რომ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე ფასები 400 და 500 დოლარი იყო საშუალოდ.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის მიერ რეალიზებული ფართების უმეტესი ნაწილი რეალიზებულია არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე და ბინების რეალიზაცია ხდებოდა უმეტესად წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით, ამასთან როგორც შემმოწმებელი აღნიშნავს ფასები 400 და 500 დოლარი იყო და როგორც ირკვევა, აღნიშნული ფასები შემმოწმებლის მხრიდან სადავო არ გამხდარა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე გაავრცელოს იმავე პერიოდებში, კომპანიის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე არსებული ფასები, რომელიც საგადასახო შემოწმების ფარგლებში სადავო არ გამხდარა და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილია რომ შემოწმების მიერ, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართებიდან საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დირექტორზე რეალიზებული ფართები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად აღნიშნავს, რომ კომპანიას უფიქსირდება ვალდებულება დამფუძნებლების -----ის და -----ის მიმართ, რომელიც წარმოშობილია მიწის კაპიტალში შეტანით. მიწა შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 517 099 ლარად, აღნიშნული დასკვნა წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების პროცესში. შემოწმების მიერ, ბინებზე გავრცელებული იქნა საბაზრო ფასები და მიღებული თანხის ნაწილი ჩაითვალა ხელფასად დირექტორზე, ხოლო ნაწილი ჩაითვალა განაწილებულ მოგებად დამფუძნებელზე. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა გაზრდილი თანხებით კომპანიის დამფუძნებლების ვალდებულების შემცირება, თუმცა აღნიშნულის გათვალისწინება არ მომხდარა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საშემოსავლო და მოგების გადასახადში დარიცხული თანხების შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტი 14.07.2026 წლის №----21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტერიას, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების, საჯაროს რეესტრის ინფორმაციით და გადასახადის გადამხდელთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის დირექტორებს მიწის ნაკვეთი, სადაც შემდგომ კორპუსის მშენებლობა მოხდა, ჰქონდათ შეტანილი კომპანიის კაპიტალში 2020 წლის აგვისტოში, ხოლო მიწა შეაფასეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 16 მარტის მდგომარეობით, რომლის მიხედვითაც, მიწის ღირებულება შეადგენდა 155 978 აშშ დოლარს, შესაბამისი გაცვლითი კურსით 517 909 ლარს. შემოწმების მიერ, გაანალიზდა შესამოწმებელი პერიოდის გარდა, წინა პერიოდიც დაფუძნებიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, რის მიხედვითაც გაანგარიშდა შემოსავლები და ხარჯები. აღნიშნული ანალიზი გავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელ აუდიტორთან, რა დროსაც პრეტენზია არ გამოუთქვამს. გარდა აღნიშნულისა, მთლიანი პერიოდის ანალიზის მიხედვითაც, რომელშიც გათვალისწინებულია შემოწმების მიერ საბაზრო ფასების გავრცელებით მიღებული შემოსავალი, დარჩენილ სხვაობაზე მთლიანი ფულის მოძრაობის ანალიზით არ არის გამოკლებული მიწის ღირებულება. საბაზრო ფასების გავრცელებით მიღებული დამატებითი შემოსავალი ურთიერთდამოკიდებულ პირებზე დაიბეგრა, დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს სადავო საკითხის ნაწილში არგუმენტები არ წარმოუდგენია, ამასთან აღნიშნა, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ კაპიტალში შენატანის ნაწილში.
ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე. ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხულია მომსახურების თანხები სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე ჯამურად 28 910 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი შესაბამის თვეებში. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ აღნიშნული პირებიდან (ფ/პ ----ძე, ფ/პ -----ი, ი/მ -----ძე, ი/მ ----ი, ფ/პ -----ი, ი/მ -------) ზოგიერთი მათგანი ფიზიკური პირია, ხოლო ნაწილი ინდივიდუალური მეწარმე. შემოწმების პროცესში არ არის წარდგენილი არც მიღებაჩაბარების აქტები და არც ხელშეკრულებები, თუმცა მეწარმე პირების ბაზის დამუშავებით დადგინდა, რომ ჩამოთვლილი პირების ნაწილი ფიზიკური პირია, ნაწილი კი, რომელსაც სტატუსი აქვთ, არ ადეკლარირებენ გადასახადებს დაფუძნებიდან დღემდე. რაც შეეხება ი/მ -----ზე გადახდილ თანხებს ბანკიდან, კომპანია ადეკლარირებდა მასზე გადახდილ მომსახურებას 2022 წელს, ხოლო თანხის ნაწილი არ არის დაბეგრილი. აქედან გამომდინარე, შემოწმებით ზემოაღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად დაბეგრილი თანხები ჩარიცხულია მეწარმე ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან ინდივიდუალურ მეწარმედ (-----ძე, -----, ----, -----ი), აღნიშნულ პირებს თანხა ჩარიცხული აქვთ საბანკო გადარიცხვით სადაც დანიშნულებაში მითითებულია გაწეული მომსახურების სახე (გაჯის, რკინის და ტოლის სამუშაოები). საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლი განსაზღვრავს თუ ვის აქვს ვალდებულება აღნიშნულ განაცემზე. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა,ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხვის შემცირებას, ასევე მოითხოვს, 2022 წლის თებერვლის თვეში, ი/მ ----ზე არასწორად დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
4. შეძენილი საქონლის დირექტორის სარგებლად და სხვა პირზე მიწოდებად განხილვა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას შეძენილი აქვს 70 465.76 ლარის სხვადასხვა დასახელების საქონელი: მაცივარი, ტელევიზორი, საწოლი, მაგიდა, გათბობის ქვაბები, ჩასაშენებელი ტექნიკა და სხვა, რომლის უმეტესობა მიტანილია კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში შესაბამის მისამართზე. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული შეძენების უმეტესობა განკუთვნილი იყო დირექტორების და მათი ურთიერთდამოკიდებული პირების ბინების და კომერციულ ფართების მოსაწყობად, ხოლო დანარჩენზე დირექტორს არ წარუდგენია ახსნა-განმარტება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვლა დირექტორის სარგებლად და მიწოდებად სხვა პირებზე. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი საფუძვლები დაფიქსირებულია მე-3 სადავო საკითხის ნაწილში. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გავრცელებული იქნა საბაზრო ფასები, ბინები რეალიზებულად ჩაითვალა რემონტის კონდიციით და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით, აღნიშნული ტექნიკის რეალიზაცია კი მოხდა დამოუკიდებლად, რაც იწვევს აღნიშნული საკითხის დუბლირებას. კერძოდ, კომპანიის საქმიანობის ბოლოს დარჩენილი ბინები გაყიდული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, რომელიც აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია და საბაზრო ფასები გაავრცელა რემონტის კონდიციით, შესაბამისად ცალკეულ შემთხევაში აღარ უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტექნიკის რეალიზაცია. არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს და ითხოვს მის კორექტირება/შემცირებას. როგორც დღგ-ის, ისევე საშემოსავლო გადასახადში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი მე-3 სადავო საკითხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მე-4 სადავო საკითხის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხულია მომსახურების თანხები სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე ჯამურად 28 910 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი შესაბამის თვეებში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას და წარმოადგენს არგუმენტებს/პოზიციებს, რომელიც მანამდე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურია. კერძოდ აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დაბეგრილი თანხები ჩარიცხულია მეწარმე ფიზიკურ პირებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან ინდივიდუალურ მეწარმედ (-----ძე, ----ი, -----, ----ი), აღნიშნულ პირებს თანხა ჩარიცხული აქვთ საბანკო გადარიცხვით, სადაც დანიშნულებაში მითითებულია გაწეული მომსახურების სახე (გაჯის, რკინის და ტოლის სამუშაოები). საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლი განსაზღვრავს თუ ვის აქვს ვალდებულება აღნიშნულ განაცემზე. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხვის შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტი 14.07.2026 წლის №--21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, მე-3 სადავო საკითხის ნაწილში, მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხულია მომსახურების თანხები სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე ჯამურად 28 910 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი შესაბამის თვეებში. საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ფიზიკური პირები მეწარმე სუბიექტები არიან. აღნიშნულზე შემოწმების პროცესში განემარტა, რომ 6 პირზე (ფ/პ ----ძე (პ/ნ----), ფ/პ ----ი (პ/ნ -----), ი/მ ---ძე (პ/ნ ----), ი/მ ----ი (პ/ნ -----), ფ/პ ----ი (პ/ნ -----), ი/მ ---- (პ/ნ -----) აღნიშნული პირებიდან ზოგიერთი მათგანი ფიზიკური პირია, ხოლო ნაწილი ი/მ პირები. შემოწმების პროცესში არ არის წარმოდგენილია არც მიღება-ჩაბარებები და არც ხელშეკრულებები არცერთ პირთან მიმართებაში. თუმცა, მეწარმე პირების ბაზის დამუშავებით დადგინდა, რომ ჩამოთვლილი პირების ნაწილი ფიზიკური პირებია, ნაწილი კი, რომელსაც სტატუსი აქვთ, არ ადეკლარირებენ გადასახადებს დაფუძნებიდან დღემდე. რაც შეეხება ი/მ ----ზე (პ/ნ ------) გადახდილ თანხებს ბანკიდან, კომპანია ადეკლარირებდა მასზე გადახდილ მომსახურებას 2022 წელს, ხოლო ნაწილი თანხები არ დაბეგრა. გარდა აღნიშნული კომპანიისა, სხვა კომპანიებიც ადეკლარირებენ აღიშნულ პირზე ბანკით გადახდილ თანხებს და ბეგრავენ 20%-ით. შესაბამისად აღნიშნული პირი ფორმალურად ფლობს ი/მ სტატუსს. აღნიშნულიდან გამომდინარე,შემოწმებამ იხელმძღვანელა ფორმა-შინაარსიდან გამომდინარე და ზემოაღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა სადავო საკითხის ნაწილში წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური გარემოებები/არგუმენტები და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოდგენილ ინფორმაციაზე დამატებით განმარტა, რომ საუბარია 3 ფიზიკურ პირზე და 2 ინდივიდუალურ მეწარმეზე, რომლებიც არასწორად ახდენდნენ დეკლარირებას, დანიშნულებაში მითითებულია გაწეული მომსახურების სახე, ყველა პირი გადამოწმებულია, მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირები.
საბჭო მიიჩნევს, რომ იმ ფიზიკური პირების მიერ, რომელებიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებულნი არ არიან, გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა კანონშესაბამისია, ხოლო, რაც შეეხება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებს, მომსახურებაზე გადახდილი თანხების დეკლარირება, გადასახადის გადახდის ვალდებულება და შესაბამისად პასუხისმგებლობა, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის დებულებათა თანახმად, ეკისრებათ მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს და სადავო შემთხვევაში არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებზე გადახდილ თანხებზე დარიცხული თანხების გაუქმება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს 70 465.76 ლარის სხვადასხვა დასახელების საქონელი: მაცივარი, ტელევიზორი, საწოლი, მაგიდა, გათბობის ქვაბები, ჩასაშენებელი ტექნიკა და სხვა, რომლის უმეტესობა მიტანილია კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში შესაბამის მისამართზე. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული შეძენების უმეტესობა განკუთვნილი იყო დირექტორების და მათი ურთიერთდამოკიდებული პირების ბინების და კომერციულ ფართების მოსაწყობად. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვლა დირექტორის სარგებლად და მიწოდებად სხვა პირებზე, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გავრცელებული იქნა საბაზრო ფასები, ბინები რეალიზებულად ჩაითვალა რემონტის კონდიციით და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით, აღნიშნული ტექნიკის რეალიზაცია კი მოხდა დამოუკიდებლად, რაც იწვევს აღნიშნული საკითხის დუბლირებას. შესაბამისად მიიჩნევს, რომ ცალკეულ შემთხევაში აღარ უნდა მომხდარიყო აღნიშნული ტექნიკის რეალიზაცია. ითხოვს დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტი 14.07.2026 წლის №---21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, მე-4 სადავო საკითხის ნაწილში, მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს 70 465.76 ლარის სხვადასხვა დასახელების საქონელი: მაცივარი, ტელევიზორი, საწოლი, მაგიდა, გათბობის ქვაბები, ჩასაშენებელი ტექნიკა და სხვა, რომლის უმეტესობა მიტანილია კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში შესაბამის მისამართზე. დირექტორის ზეპირსიტყვიერი გადმოცემით აღნიშნული შეძენების უმეტესობა განკუთვნილი იყო დირექტორების და მათი ურთიერთდამოკიდებული პირების ბინების და კომერციულ ფართების მოსაწყობად, თუმცა დირექტორს არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვლა დირექტორის სარგებლად და მიწოდებად სხვა პირებზე. აღნიშნულ საკითხზე გადასახადის გადამხდელის არგუმენტი არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან რეალიზებული ბინების ხელშეკრულებები მოიცავდა მხოლოდ შავი კარკასის მდგომარეობაში ბინების მიყვანას. რეალიზაციის შემდგომ, კომპანიის შემოსავლით რემონტის ჩატარება სხვა ფიზიკური პირებისთვის, წარმოადგენს მიწოდებას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, კომპანიის საქმიანობიდან დამოუკიდებლად ტექნიკის, ავეჯის, სამზარეულოს, სააბაზანოს ნივთების შეძენა სხვისი კომერციული და არაკომერციული ფართების მოსაწყობად არ წარმოადგენს ეკონომიკურ ხარჯს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული თანხა ჩაითვლა დირექტორის სარგებლად და მიწოდებად სხვა პირებზე, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ხოლო, რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა საბაზრო ფასები და ბინები რეალიზებულად ჩაითვალა რემონტის კონდიციით არ წარმოადგენს იმის არგუმენტს, რომ აღნიშნული ხარჯები უნდა გაწეულიყო კომპანიის მიერ, ვინაიდან სასესხო ხელშეკრულება და რემონტის პირობები უშუალოდ გამყიდველი და მყიდველი ფიზიკური პირების მიერ იქნა განსაზღვრული.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებულზე დამატებითი არგუმენტები, ამასთან აღნიშნა რომ საკითხი გავლილია აუდიტორთან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს მისი პოზიციის დამადასტურებელ ისეთ არგუმენტებს ან/და მტკიცებულებებს, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №006-568 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 128 141.20 ლარი და განესაზღვრა საურავი 64 058.74 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს, სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი) გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.05.2026 წლის №10269 ბრძანება;
3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე, იმავე პერიოდებში, კომპანიის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე არსებული ფასების, რომელიც საგადასახო შემოწმების ფარგლებში სადავო არ გამხდარა, გავრცელება და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებზე გადახდილ თანხებზე დარიცხული თანხების გაუქმება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე გავრცელებული საბაზრო ფასის ოდენობა და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები; 2. საშემოსავლო და მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების მიზანშეწონილობა დამფუძნებლების და დირექტორების მიმართ კომპანიის ვალდებულებების სრულად გათვალისწინების გზით;
3. ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
4. შეძენილი საქონლის დირექტორის სარგებლად და სხვა პირზე მიწოდებად განხილვა;
5. დაკისრებული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის №25984 ბრძანებით მოცული საკითხებისა, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №28375 ბრძანება და №006-568 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №10269 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები კაპიტალზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებები დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №10269 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე გაავრცელოს იმავე პერიოდებში, კომპანიის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ბინებზე არსებული ფასები, რომელიც საგადასახო შემოწმების ფარგლებში სადავო არ გამხდარა და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებზე გადახდილ თანხებზე დარიცხული თანხების გაუქმება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით,წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(2,3,7); 19(1); 73(6.9„ბ“); 981(4 „ა.ა“); 101(1); 154(1 „ა“და „დ“); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(7„ა“); 269(7);