ბრძანება N 16425
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16425
17 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 19 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 ივლისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2026 წლის 19 ივნისის №102973/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის №083-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ საწარმოში ჩატარდა შიდა აუდიტი, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, პირველადი დოკუმენტების, ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების დამატებითი დამუშავება, რითაც დადგინდა, რომ შემმოწმებლების მიერ გავრცელებული სანქციები, დღგ-ით დასაბეგრი თანხების ზრდა და სალაროს ჭარბი თანხები არ შეესაბამება შემმოწმებლების მიერ გამოვლენილ ფაქტებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დამატებით წარუდინოს შემოწმებას ბუღალტრული პროგრამა და პირველადი დოკუმენტები დარიცხული თანხების კორექტირების მიზნით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9478 და 2026 წლის 15 მაისის №10824 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 28 თებერვლიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 17 ივნისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 18 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 22 მაისის №11315 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 688 052 ლარი, მათ შორის გადასახადი 380 753 ლარი, ჯარიმა 188 495 ლარი და საურავი 118 804 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 28 თებერვალს და ამავე პერიოდიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემისა და გამოწერილი/მიღებული ელექტრონული დოკუმენტების მიხედვით, საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმითა და სხვა, კერძოდ, იჯარით აღებულ ფართებში ფლობს ორ მაღაზიას, რომელიც მდებარებოს ---- ქ. №1-----სა და ----- ქ. №-----ში. საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12583 ბრძანებით, გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ფაქტობრივი მდგომარების აღრიცხვის პროცედურა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 1 277 330 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. შემოწმების მიერ განხორციელდა შეძენილი, რეალიზებული და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონლის კატეგორიზაცია (სულ საქონელი დაიყო 61 კატეგორიად). კატეგორიაზიის შემდგომ, ინვენტარიზაციის მასალების შედეგებზე დაყრდნობით განისაზღვრა საქონლის ფასნამატი, რომლითაც ვაჭრობს გადასახადის გადამხდელი თითოეული კატეგორიის მიხედვით. სმფ-ის საწყისი ნაშთის, შეძენებისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ საბოლოო ნაშთზე დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვლა მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად რეალიზებულად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს გაეზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7819 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 3 785 ლარი. შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, გადამხდელს უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი აქვს დაუბეგრავად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12583 ბრძანებით გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ფაქტობრივი მდგომარების აღრიცხვის პროცედურა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 1 277 330 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. სმფ-ის საწყისი ნაშთის, შეძენებისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ საბოლოო ნაშთზე დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვლა მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად რეალიზებულად. ხოლო, შემოწმების მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დამატებით წარუდინოს შემოწმებას ბუღალტრული პროგრამა და პირველადი დოკუმენტები დარიცხული თანხების კორექტირების მიზნით.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო ახორციელებს საცალო ვაჭრობას საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმითა და სხვა საქონლით. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 1 277 330 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ნაშთი, რის საფუძველზეც დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და მასზე გავრცელდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებულად, შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, რის შედეგადაც საწარმოს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად სალაროს ნაშთმა შეადგინა 3 785 ლარი. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში განხორციელებული გადარიცხვების, მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციისა და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების გათვალისწინებით, გადამხდელს გამოუვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაუბეგრავად ჰქონდა გატანილი. აღნიშნული ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);159;163;164;101;154