ბრძანება N 16710

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.07.2023
№ დოკუმენტი 16710
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 16710

11.07.2023

"-----" -ის (პ/ნ "------" )

(მის.: "------" )

2023 წლის 13 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა "-----" (პ/ნ "------" ) №81638/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC12932 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2016-2018 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, რის გამოც ვერ მოახერხა კანონით დადგენილ ვადაში სატრანსპორტო საშუალების განბაჟება. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, მოქალაქე "------" -ის (პ/ნ "------" ) მიერ, განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომრით "------", სატრანზიტო/სარეგისტრაციო ნომრით ----- ) ზოგადი დეკლარირება. რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2018 წლის 14 ნოემბერი.

ვინაიდან, მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, 2021 წლის 31 დეკემბერს, ავტომანქანაზე პასუხისმგებელი პირის, "------"-ის (პ/ნ "------") მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ELC12932. დაუსწრებლად შედგენილი სადავო 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC12932 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა იმავე დღეს, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 13 ივნისს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით “.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "------" -ის (პ/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება.

ვინაიდან, მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, პასუხისმგებელი პირის,მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163,165

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი.