გადაწყვეტილება №25392/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25392/2/2025
24 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 30.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25392/2/2025).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი (ერთი ყუთის რეალიზაციიდან ამონაგების განსაზღვრის ნაწილში);
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3.დღგ-ის ჩათვლის კორექტირების ნაწილში დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2025 წლის №227-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11960 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 352 052.97 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 216 586.04
დღგ - 91 586.04
საშემოსავლო გადასახადი - 125 000
ჯარიმა - 105 478.20
საურავი - 29 988.73
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი იმპორტირებული ხილის (ძირითადად ბანანის) რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 10.03.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2025 წლის 2 აპრილის №6256 ბრძანება და №227-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11960 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებთ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშებაში გაითვალისწინოს ყველა დოკუმენტური რეალიზაცია (მ.შ. თვითღირებულებაზე დაბალ ფასად დოკუმენტით რეალიზებული) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველი სადავო საკითხის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობის კორექტირება და აღნიშნულის შედეგად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) განხორციელება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11960 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი (ერთი ყუთის რეალიზაციიდან ამონაგების განსაზღვრის ნაწილში)
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ აქვს. შესამოწმებელ პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილია 25 662 682 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) იმპორტირებული ხილი. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 22 463 197 ლარს. შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები. წარდგენილია ცნობა ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან, ასევე, წარდგენილია გადასახადის გადამხდელის მიერ გაანგარიშებული ფასნამატის ცხრილები და ინფორმაცია დებიტორული/კრედიტორული დავალიანების ოდენობის თაობაზე.
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, გათვალისწინებული იქნა დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ოდენობა, რომელიც მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით შეადგენს 0 ლარს და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობები, ასევე, განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატი გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზაციის დოკუმენტების შესაბამისად. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რამაც წლების მიხედვით საშუალოდ შეადგინა: 2022 წელს 3.9%, 2023 წელს 6% და 2024 წელს 6.5%, ნაცვლად დეკლარირებული 2.44%, 2.6% და 4.7%-ისა.
აღნიშნულის საფუძველზე, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მთელ შესამოწმებელ პერიოდზე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და არგუმენტებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ შემოწმებით განსაზღვრულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი კომპანიის მიერ რეალიზაციის დოკუმენტების შესაბამისად, ამასთან, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ის დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც პროდუქცია რეალიზებული იყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რამაც წლების მიხედვით საშუალოდ შეადგინა: 2022 წელს 3.9%, 2023 წელს 6% და 2024 წელს 6.5%, ნაცვლად დეკლარირებული 2.44%, 2.6% და 4.7%-ისა და მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშებაში გაითვალისწინოს ყველა დოკუმენტური რეალიზაცია (მ.შ. თვითღირებულებაზე დაბალ ფასად დოკუმენტით რეალიზებული) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხის ნაწილში ყურადღება გამახვილებული იქნა ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომლებიც შემმოწმებლის მიერ კომპანიის მიმართ დაკისრებულ ფინანსურ ვალდებულებას ცვლის არსებითად.
პირველი მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ კომპანია ძირითადად ეწევა „Dole“-ის ფირმის ბანანის შეძენა/რეალიზაციას. „Dole“-ის ფირმის ბანანის ყუთებზე დატანილ სხვა სარეკლამო ინფორმაციასთან ერთად დატანილია ყუთში საქონლის ნეტო სარეალიზაციო წონა 19 კგ. ერთეული ბანანის ნომინალური სიგრძე 20 სმ და ასხმების რაოდენობა ყუთში 42 ერთეული.
აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის მიერ, რასაც ასაჩივრებს შემდეგ გარემოებათა გამო:
მიუხედავად არსებული საინფორმაციო ბაზისა, შემმოწმებლის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სადისტრიბუციო კომპანიიდან ყუთებში წონის შესახებ. რატომღაც, სადისტრიბუციო კომპანიისაგან მიწოდებულ განმარტებაში, ერთ ყუთში ბანანის წონად ფიქსირდება უფრო მეტი, ვიდრე მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ნეტო სარეალიზაციო რაოდენობაა.
შემმოწმებლის მიერ ერთი ყუთის ნეტო სარეალიზაციო რაოდენობა, ნაცვლად მწარმოებლის მიერ განსაზღვრული 19 კგ-ისა, გაანგარიშებაში აღებულია 19.5 კგ, ე.ი. 0.5 კგ-ით მეტი.
საფუძვლად მიიღება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ფასნამატის გაანგარიშების დროს, ერთი ყუთი „Dole-ის ფირმის ბანანის რეალიზაციისას ფასნამატის გაანგარიშების დროს, ამონაგები ერთ ყუთ ბანანზე ნაცვლად 19 კგ ბანანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა, აღებულია 19.5 კგ ბანანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, რამაც არსებითად გაზარდა ფასნამატის მაჩვენებელი.
უცნობია ის ფაქტობრივი გარემოება, თუ რამდენი კილოგრამი ბანანია ყუთში მწარმოებლის საწყობიდან საქონლის მოწოდებისას, თუმცა ყურადსაღებია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რამდენადაც მეტად შედის ბანანი სიმწიფეში, იმდენად კლებულობს წონაში და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მწარმოებლის მიერ, რომელიც საკმაოდ კარგი ავტორიტეტისა და რეიტინგის მქონე ფირმას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს მეწარმეების მომარაგებას და კვალიფიციურობის განხრით, მის მიმართ რაიმე სკეპტიციზმის საფუძველი არ არსებობს. მოწოდებული საქონლის შეფუთვაზე (ყუთი) დატანილია მოწოდებული საქონლის რაოდენობრივი მაჩვენებლები (ყუთში საქონლის ნეტო სარეალიზაციო წონა 19 კგ, ერთეული ბანანის ნომინალური სიგრძე 20 სმ და ასხმების რაოდენობა ყუთში 42 ერთეული) რომელიც ექნება საქონელს მისი სარეალიზაციო ქსელში გაშვებისას და თუ, სადისტრიბუციო კომპანიის მიერ მოწოდებისას საქონელი იყო მწვანე, ე.ი. იყო არასრულ სიმწიფეში, მაშასადამე მას შეიძლებოდა ჰქონოდა უფრო მეტი წონა, ვიდრე 19 კგ თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქონლის წონა მისი რეალიზაციისას უპირობოდ უფრო მეტი იქნებოდა ვიდრე 19 კგ, რაც განსაზღვრულია მწარმოებლის მიერ.
შემმოწმებლის მიერ, რატომღაც ეს ფრიად მნიშვნელოვანი გარემოებები უყურადღებოდ იქნა დატოვებული, რამაც გამოიწვია ფასნამატის უსაფუძვლო ზრდა და შესაბამისად, კუთვნილზე უფრო მეტი დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება გადასახადის გადამხდელზე.
მომჩივანი არ ეთანხმება ამ ნაწილში შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს იმ მოტივით, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას არასწორადაა განსაზღვრული ამონაგები ერთი ყუთის რეალიზაციიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით და მის შესაბამისად, ითხოვს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უკეთ შესწავლას და ზუსტ გაანგარიშებას.
მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ბანანი არის პროდუქტი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ განიცდის გადამწიფებას, ვიზუალურ ცვლილებას უარყოფითი მხრივ, შესაბამისად, მათი მიღებიდან რამდენიმე დღეში ის რადიკალურად განსხვავდება იმ მდგომარეობიდან, რომელიც მას ქონდა თავდაპირველად, რაც რა თქმა უნდა ფასზეც აისახება და მისი ღირებულება დროთა განმავლობაში მცირდება, რისი გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ნებისმიერ სამარკეტო ქსელში. ბანანი როცა იწყებს გადამწიფებას, უკლებლივ ყველა მარკეტში მისი ფასი თავდაპირველი ფასისგან განსხვავდება და ღირებულება კლებულობს. ამავეს ადასტურებს იდენტიფიცირებადი გაყიდვები, სადაც ხშირ შემთხვევაში გაყიდვები ბანანის ნაწილზე, რამდენიმე დღის შემდეგ, შედარებით მცირე ღირებულების ხდება, შესაბამისად შემმოწმებელს ლოგიკურად უნდა განესაზღვრა ის, რომ არაიდენტიფიცირებად გაყიდვებზეც პროდუქციის ნაწილის ღირებულება განესაზღვრა შედარებით იაფად, პროპორციულად იდენტიფიცირებადი გაყიდვების დროს არსებული სხვაობისა.
მეორე მნიშვნელოვანი გარემოების ნაწილში, თვითღირებულებაზე დაბალ ფასში რეალიზებული იდენტიფიცირებული მიწოდების ხვედრითი წილის გათვალისწინებასთან დაკავშირებით არაიდენტიფიცირებულ მიწოდებაზე, შემოსავლების სამსახურის დავებს დეპარტამენტის მიერ დაკმაყოფილებულია და პრეტენზია არ გააჩნია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რამაც წლების მიხედვით საშუალოდ შეადგინა: 2022 წელს 3.9%, 2023 წელს 6% და 2024 წელს 6.5%, ნაცვლად დეკლარირებული 2.44%, 2.6% და 4.7%-ისა. დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მთელ შესამოწმებელ პერიოდზე. ამასთან, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ის დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც პროდუქცია რეალიზებული იყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად.
მომჩივანი არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატის თაობაზე შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ნაწილობრივ, მიჩნევს, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას არასწორადაა განსაზღვრული ამონაგები ერთი ყუთის რეალიზაციიდან. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში არსებული ფაქტობრივი გარემოებების უკეთ შესწავლას და ზუსტ გაანგარიშებას.
მომჩივანი სადავო საკითხის ნაწილში წარმოადგენს შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურ არგუმენტებს/პოზიციას, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ არ დაკმაყოფილდა, ხოლო, თვითღირებულებაზე დაბალ ფასში რეალიზებული იდენტიფიცირებული მიწოდების ხვედრითი წილის გათვალისწინებასთან დაკავშირებით არაიდენტიფიცირებულ მიწოდებაზე, როგორც მომჩივანი თავადაც აღნიშნავს, შემოსავლების სამსახურის მიერ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში პრეტენზია არ გააჩნია.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/პოზიციები და კვლავაც აღნიშნა, რომ სადავოა ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებული ერთი ყუთის რეალიზაციიდან განსაზღვრული ამონაგები, კერძოდ ერთ ყუთ ბანანზე ნაცვლად 19 კგ ბანანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა, აღებულია 19.5 კგ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, რამაც არსებითად გაზარდა ფასნამატის მაჩვენებელი. საქონლის მომწოდებელი გადასახადის გადამხდელს აწვდის ყუთებით, იგი კი შლის და საცალოდ ახდენს რეალიზაციას, ყველა ყუთზე დაფიქსირებულია საქონლის ნეტო სარეალიზაციო წონა 19 კგ, ერთეული ბანანის ნომინალური სიგრძე 20 სმ და ასხმების რაოდენობა ყუთში 42 ერთეული, აღნიშნულზე საჩივარზე დართული აქვს ყუთის სურათები. შემმოწმებელმა იხელმძღვანელა მომწოდებელი კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და გაანგარიშებისას გამოიყენა 19.5 კგ. იმპორტისას, ან თუნდაც მოწოდებისას, თუ საქონელი მწვანეა საქონელი უფრო მძიმეა ვიდრე რეალიზაციისას, რადგან როცა მწიფდება წონა უფრო ნაკლებია, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ წონა 19 კგ-ზე მეტია. მწარმოებელი როცა ამბობს, რომ 19 კგ-ა, ე.ი. მწვანე იყო, როცა მომწოდებელმა მიაწოდა ბანანი მწიფე არ იყო, საწყობში ცოტახანს აყოვნებს, შედეგად ზოგიერთი მწიფდება და წონაში კლებულობს, ხოლო ზოგიერთი პირვანდელ ფორმას კარგავს და შედარებით დაბალ ფასად იყიდება. მიიჩნევს, რომ შემმოწმებელმა უნდა იანგარიშოს 19 კგ-ზე დაყრდნობით, საუბარია ფასნამატის გაანგარიშების მექანიზმზე, ამდენად მათი თხოვნაა მწარმოებლის მიერ ყუთზე დატანილი წონაზე, 19 კგზე დაყრდნობი იქნეს გაანგარიშებული ფასნამატი.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა კომპანიისაგან ვისგანაც ბანანის 98%-ს ყიდულობს გადასახადის გადამხდელი და შეძენებია ყუთებით, რეალიზაციას კი ახდენს კილოგრამობით, ამიტომ მიმართა მას და მომწოდებელმა კომპანიამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყუთში სიმწიფის მიხედვით წონა მერყეობს და არის: 19.9 კგ, 19.6 კგ, 19.5 კგ, 19.2 კგ. აღებულია საშუალო - 19.5 კგ, რათა გაეანგარიშებინა ყუთები, ანუ წონით გაყიდული გადაყვანილი იქნა ყუთებში და აღებული იქნა მოწოდებული ინფორმაციის საშუალო მაჩვენებელი და თუ აღნიშნულს არ ეთანხმება მომჩივანი, მასაც შეეძლო გამოეთხოვა მომწოდებლისგან ინფორმაცია. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ისეთი ფართობი, რომ დასაწყობება მოეხდინა დიდხანს დაყოვნებით, ანუ მწვანე ბანანი მიეწოდა და მომწოდებლის (შპს „--------“ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან მაქსიმალური 19.9 კგ კი არა, საშუალო 19.5 კგ იქნა აღებული.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოების, მხარეთა არგუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა მესამე პირებისაგან და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 500 000 ლარი (625 000 დარიცხული). ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. ზემოაღნიშნულის და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საჩივარში დაფიქსირებულ გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფულის ნაშთს და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, არგუმენტები წარდგენილი აქვს პირველი სადავო საკითხის განხილვისას და მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით დააკორექტიროს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, 601 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, სადავო საკითხის ნაწილში ითხოვს, პირველ სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების კორექტირებიდან გამომდინარე, ცვლილებას დამატებით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში, შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად, არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფულის ნაშთს და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, ითხოვს, პირველი სადავო საკითხის მიმართ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებას.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობის კორექტირება და აღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. დღგ-ის ჩათვლის კორექტირების ნაწილში დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს ჩათვლა 2022 წლის დეკემბერში განხორციელებული ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, ასევე, 2024 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს ჩათვლა 2023 წლის დეკემბერში განხორციელებული ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის გათვალისწინებით გაანგარიშდა და შედეგად, დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის პერიოდი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიდგომა სადავო საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივად სწორია, მაგრამ რადგანაც აღნიშნულით, საგადასახადო ვალდებულების შემცირება, ჩათვლის საფუძველზე, ერთი თვით გვიანაა განხორციელებული, რეალურად ბიუჯეტს არანაირი სახის ფინანსური ზიანი არ მიუღია და ამ ოპერაციით რეალურად ვერც გადასახადის გადამხდელი ნახულობს რაიმე სახის ფინანსურ სარგებელს და არც რაიმე სახის ფინანსურ ვალდებულებაზე თავის არიდების მცდელობას აქვს ადგილი. აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს დაკისრებული საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა დარიცხვის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების გათვალისწინებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს იმ მოტივით, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას არასწორადაა განსაზღვრული ამონაგები ერთი ყუთის რეალიზაციიდან.ითხოვს ფაქტობრივი გარემოებების უკეთ შესწავლას და ზუსტ გაანგარიშებას.
2.მომჩივანი,ითხოვს, პირველ სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების კორექტირებიდან გამომდინარე, ცვლილებას დამატებით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებაში.
3.მოჩივანი ითხოვს დაკისრებული საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილია 25 662 682 ლარის ღირებულების იმპორტირებული ხილი.რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი.დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების წილის პროპორციულად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მთელ შესამოწმებელ პერიოდზე. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2.ინფორმაციის დამუშავების შედეგად გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 500 000 ლარი.ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. ზემოაღნიშნულის და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დასტურდება, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს 2023 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს ჩათვლა 2022 წლის დეკემბერში განხორციელებული ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, ასევე, 2024 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს ჩათვლა 2023 წლის დეკემბერში განხორციელებული ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. სსკ-ის 178-ე მუხლის გათვალისწინებით გაანგარიშდა და შედეგად, დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის პერიოდი. გადამხდელს დაერიცხა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო მიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154,163,164,269(7).