გადაწყვეტილება №26203/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26203/2/2025
08 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 22.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26203/2/2025).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ივლისის №056-44 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22354 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 410 575.44 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 258 639.11
დღგ - 115 158.11
საშემოსავლო გადასახადი - 143 481
ჯარიმა - 129 319.60
საურავი - 22 616.73
ფაქტების აღწერა
საწარმო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 17 იანვარს. მომჩივნის საქმიანობაა ქ. --ში, - ბაზრობის ტერიტორიაზე ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობას. საქონლის იმპორტირებას ახდენს ---დან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8904 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2024 წლის 17 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 25 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შესაბამისად, ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია-შეძენების დამუშავების შედეგად განისაზღვრა საქონლის ჯგუფები, რომლებზეც ჯგუფის მიხედვით განსაზღვრულ იქნა რპთ და მასზე გავრცელდა --- ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული პირის ფასნამატი. დადგინდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.
შემოწმების პროცესში ვერ განხორციელდა საწარმოს უფლებამოსილ პირთან დაკავშირება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის შესახებ ამგვარი მონაცემების დამუშავების შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილმა შემოსავალმა გადააჭარბა დეკლარირებულს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სხვა უწყებების მიერ მიწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით. ჩატარდა 2024 წლის 17 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოსავალი დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში, გაანგარიშდა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა. საგადასახადო ორგანოს მიერ დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი თანხები.
ამასთან, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდი. სალაროს, ბანკის, დებიტორებისა და კრედიტორების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის საწყისსა და ბოლოსთვის, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა 0 ლარად. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10115 ბრძანებით 2 ივნისს ჩატარდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო დეკლარაციის ნაწილ III-ის მიხედვითაც, ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის წარდგენილია 0 ლარი. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ივლისის №15659 ბრძანება და №056-44 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 410 575.44 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 8 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 20 ოქტომბრის №22354 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება, რომელზეც მოხდა აუდირებული ფასნამატის გავრცელება, გაანგარიშდა საინვოისო ღირებულების შესაბამისად და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოს არ გააჩნია არსებითი დოკუმენტური რეალიზაცია. რაც შეეხება აუდირებულ ფასნამატს, საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებულია მსგავსი საქმიანობის მქონე და იგივე ტერიტორიაზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მომჩივნის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ, არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.
მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტალური ფასნამატი. ასევე, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული. მაგალითად, შპს „ა.----“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა, თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლით ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი - ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა" და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22354 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2025 წლის №--21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ საწარმოს საქმიანობაა ქ. --ში, -- ბაზრობის ტერიტორიაზე იმპორტირებული ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა. კომპანია საქონლის იმპორტირებას ახდენს --დან. ბოლო საბაჟო ოპერაცია უფიქსირდება 2024 წლის სექტემბრის თვეში. ანგარიშს ფლობს სს „--“-ში. უფიქსირდება ერთი საკონტროლოსალარო აპარატი. საზოგადოებას არ გააჩნია ქონება. რეპორტალზე არ აქვს წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება. ფულის მოძრაობა გაკეთებულია არაპირდაპირი მეთოდით. დებიტორ-კრედიტორებზე აუდიტის დეპარტამენტს ინფორმაცია არ აქვს. საშემოსავლო და მოგების გადასახადის დეკლარაციები დაფუძნებიდან დღემდე წარდგენილი აქვს ნულოვანი სახით. სმფ-ის და ფულის ნაშთი არ გააჩნია. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით, დაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულება. 2025 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართ №2-ში სმფ-ის ნაშთი 2024 წლის ბოლოსთვის წარდგენილია 0 ლარი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მოძიება ვერ მოხერხდა, ხოლო ბოლო ჩეკი დაფიქსირებულია 2024 წლის 18 სექტემბერს და დღგ-ის ბრუნვა ბოლოს წარდგენილია 2024 წლის სექტემბრის თვეში, შემოწმებით ჩაითვალა, რომ შეძენილი საქონელი მთლიანად რეალიზებულია. გადასახადის გადამხდელთან ვერ მოხდა დაკავშირება. შესაბამისად, ინფორმაციის წარუდგენლობისთვის გამოწერილია სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10115 ბრძანებით კომპანიის სალაროში 2 ივნისს ჩატარდა ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ღონისძიების დროს მოძიებულ იქნა საწარმოს წარმომადგენელი, რომელმაც დააფიქსირა, რომ არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი, რაზეც შედგა ოქმი და ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივნისის №11413 ბრძანების შესაბამისად, 2025 წლის 9 ივნისს ჩატარდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, თუმცა ობიექტი ვერ მოიძებნა. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შესაბამისად, ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია-შეძენები და განისაზღვრა საქონლის ჯგუფები, რომლებზეც ჯგუფის მიხედვით განსაზღვრულ იქნა რპთ და მასზე გავრცელდა -- ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული პირის ფასნამატი. შედეგად კი დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. ხარჯების ნაწილში კი, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის ხარჯები, საბაჟო გეზის ხარჯები და სხვა ხარჯები. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი საბანკო ცნობები და ამონაწერები, ეკონომიკური ოპერაციების ბუღალტრული ჩანაწერები ან ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი საინფორმაციო ბაზის და სხვა უწყებების მიერ მიწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით. შემოწმებით ჩატარდა 17.01.2024-01.04.2025 შესამოწმებელი პერიოდის საზოგადოების ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოსავალი დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღსანიშნავია, რომ შემოწმების დანიშვნისთანავე მოხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება, თუმცა არ ისურვეს ვინაობის გამხელა და საგადასახადო ორგანოს დაემალნენ მიზანმიმართულად. საწარმო დაჯარიმებულია ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის და გამოწერილია სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, მომჩივანი მიუთითებს, რომ ფასნამატი გავრცელდა აფასებულ ღირებულებებზე. აღნიშნული პოზიცია არასწორია, ვინაიდან ფასნამატი გავრცელდა საქონლის თვითღირებულებაზე, რომელიც განისაზღვრა საბაჟო ინვოისების მიხედვით და არა აფასებების მიხედვით. ასევე, გადასახადის გადამხდელი აპროტესტებს, რატომ არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი, მაშინ როცა ორგანიზაციას არ გააჩნია არსებითი დოკუმენტური რეალიზაცია. რაც შეეხება აუდირებულ ფასნამატს, აღებულია მსგავსი საქმიანობის მქონე და იგივე ტერიტორიაზე მყოფ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი. წარმოდგენილი საჩივარი შაბლონური ტიპისაა და მოკლებულია არგუმენტირებულ მსჯელობას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემების მიხედვით, შპს „---“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმელებით (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთებით და ქუდებით ბითუმად ვაჭრობა. იმპორტს ახორციელებს --დან და --დან. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ბუღალტრული პროგრამა ფინა. შემოწმების შედეგად გამოყენებულ იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატი 26%. შპს „---“ და შპს „---“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით. კერძოდ, შპს „---“ ვაჭრობს აქსესუარებით, ბავშვის, ქალის და მამაკაცის ტანსაცმლით, საცვლებით, ჩანთებით და ფეხსაცმლით, ხოლო შპს „---“ - ფეხსაცმლით (საშინაო, რეზინის, სპორტული). გარდა ამისა, შპს „---“-ის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, ხოლო შპს „---“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ეს ორი პირი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო). გამომდინარე აქედან, ორივე კომპანიაზე განხორციელდა განსხვავებული ინდივიდუალური აუდირებული ფასნამატის გავრცელება.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8904 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2024 წლის 17 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შესაბამისად, ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაცია-შეძენების დამუშავების შედეგად განისაზღვრა საქონლის ჯგუფები, რომლებზეც ჯგუფის მიხედვით განსაზღვრულ იქნა რპთ და მასზე გავრცელდა ბაზრობის ტერიტორიაზე მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული პირის ფასნამატი. დადგინდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.
ასევე,შემოწმების პროცესში ვერ განხორციელდა საწარმოს უფლებამოსილ პირთან დაკავშირება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის შესახებ ამგვარი მონაცემების დამუშავების შედეგად, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილმა შემოსავალმა გადააჭარბა დეკლარირებულს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და სხვა უწყებების მიერ მიწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციებით. ჩატარდა 2024 წლის 17 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოსავალი დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში, გაანგარიშდა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა. საგადასახადო ორგანოს მიერ დათვლილ შემოსავალს გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი თანხები.
ამასთან, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გაცემული დივიდენდი. სალაროს, ბანკის, დებიტორებისა და კრედიტორების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის საწყისსა და ბოლოსთვის, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე, მიჩნეულ იქნა 0 ლარად. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №10115 ბრძანებით ჩატარდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო დეკლარაციის ნაწილ III-ის მიხედვითაც, ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის წარდგენილია 0 ლარი. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15659 ბრძანება და №056-44 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 410 575.44 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც ოქტომბრის №22354 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);