ბრძანება N 2223
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2223
07 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 17 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №86836/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №081-322 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ დამფუძნებლის მიერ მოხდა საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის უკან გატანა, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერით და შეადგენს 179 798 ლარს. ითხოვს კაპიტალის თანხის გათვალისწინებას და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 სექტემბრის №21844 და 9 ნოემბრის №27622 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროს ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის 2023 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 19 დეკემბრის №31936 ბრძანება და ამავე თარიღის №081-322 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 89 234 ლარი, მათ შორის, გადასახადი 56 867 ლარი, ჯარიმა 28 384 ლარი, საურავი 3 983 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო მასალების (საღებავების, მისი გამხსნელების, ლაქების, ბეტონოკონტაქტების, ქაფების), ფქვილის, სასუქების იმპორტი და სადისტრიბუციო საქმიანობის გზით მათი რეალიზაცია. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, პირი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის 93%-ზე გამოწერილი აქვს შესაბამისი რეალიზაციის დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშფაქტურა). ამასთან, მიღებული და გამოწერილი დოკუმენტების ანალიზით, სავაჭრო ფასნამატმა შეადგინა საშუალოდ 22%. 2023 წლის 5 აგვისტოს N19536 ბრძანების საფუძველზე, საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა (ინვენტარიზაცია). ინვენტარიზაციის შედეგად, საწარმოს 2023 წლის 9 აგვისტოს მდგომარებით დაუდგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 1000 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი აქვს და არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო მასალების, ფქვილის, სასუქების იმპორტი და სადისტრიბუციო საქმიანობის გზით მათი რეალიზაცია. წარმოდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, პირი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. შედეგად, საწარმოს დაუდგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 1000 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი აქვს და არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადამხდელის არგუმენტთან, საწესდებო კაპიტალის თანხით სალაროს ნაშთის შემცირებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებით საწარმოს საწესდებო კაპიტალად უფიქსირდება ნული ლარი, ხოლო 2022 წლის დამფუძნებლის შენატანთან დაკავშირებით კი მიუთითებს, რომ აღნიშნულ თანხას მონაწილეობა არ მიუღია ფულადი სახსრების ნაშთის ფორმირებაში. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------ს“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ხელფასად განხილული ფულის ნაშთის ოდენობას
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო მასალების, ფქვილის, სასუქების იმპორტი და სადისტრიბუციო საქმიანობის გზით მათი რეალიზაცია. წარმოდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, პირი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. შედეგად, საწარმოს დაუდგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 1000 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოში შემოსული და გასული ფულადი საშუალებების ანალიზი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი აქვს და არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელის არგუმენტთან, საწესდებო კაპიტალის თანხით სალაროს ნაშთის შემცირებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებით საწარმოს საწესდებო კაპიტალად უფიქსირდება ნული ლარი, ხოლო 2022 წლის დამფუძნებლის შენატანთან დაკავშირებით კი მიუთითებს, რომ აღნიშნულ თანხას მონაწილეობა არ მიუღია ფულადი სახსრების ნაშთის ფორმირებაში. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“);