გადაწყვეტილება №26234/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.01.2026
№ დოკუმენტი 26234/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26234/2/2025

13 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----”-ის 30.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26234/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №064-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23117 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 205 802,35 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 119 804,93

დღგ - 61 619,73

საშემოსავლო გადასახადი - 58 185,2

ჯარიმა - 58 851,8

საურავი - 27 145,62

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა სასურსათო ნაწარმით ვაჭრობა (უმეტესად: ფქვილი, ზეთი, შაქარი და ა.შ.) ქალაქ ------ში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.02.2021 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა და მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დარღვეული იყო დაქირავებულ პირთა რეესტრის სისწორე და სალარო აპარატის გამოყენების წესები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

ინვენტარიზაციის შედეგად, 10.02.2025 წლის მდგომარეობით, დადგინდა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით 47 126 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის ფასნამატი განისაზღვრა 10%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატი იყო 7% (დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა მთლიანი ბრუნვის 21%-ს). რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ჩაიშალა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო ისეთ კატეგორიაზე, რომელზეც დოკუმენტური ფასნამატი ვერ დადგინდა, გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის გათვალისწინებით, ჩატარდა ნაღდი ფულის ფულის მოძრაობის ანალიზი. აღნიშნულ შემოსავალს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. ფულის შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლინდა ფულადი დანაკლისი. ფულის შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №064-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.10.2025 წლის №23117 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 145- ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2025 წლის თებერვლის თვეში, ინვენტარიზაციის დანიშვნამდე 2025 წლის იანვრის თვეში განახორციელა სულ 465 254 ლარის (დღგ-ის გარეშე) რეალიზაცია. ასევე 2025 წლის იანვრის თვეშივე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით აღნიშნული შემოსავლიდან გამოწვეული ფულის ნაშთი. მიუხედავად ამისა, აუდიტორებმა იგნორირება გაუკეთეს ამ რეალიზაციას და მეორედ დაბეგრეს.

კომპანიას ინვენტარიზაციამდე ჩვეულებრივ შეეძლო ამოებეჭდა იმდენი ჩეკი რამდენი რეალიზაციაც რეალურად იყო. თუმცა, ჩეკები არ ამობეჭდა, რადგან რეალიზაცია განხორციელდა კონსიგნაციით, შესაბამისად, რეალიზაცია დეკლარირებულ იქნა დღგ-ის ბრუნვაში. შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემდეგ მათთან გაგზავნილია წერილი, სადაც მიუთითებს 1.01.2025 წლისთვის არსებულ ნაშთს, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 446 203,64 ლარს, რაც გათვალისწინებული არ არის. ასევე, 2025 წლის იანვრის თვეშივე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით აღნიშნული შემოსავლიდან გამოწვეული ფულის ნაშთი. თუმცა, როგორც დღგ-ს ნაწილში აქაც ამ დეკლარაციას შემმოწმებლებმა იგნორი გაუკეთეს და იგივე თანხა მეორედ დაბეგრეს.

არასწორადაა გაზრდილი ბრუნვა ფქვილის რეალიზაციისას, გარდა ამისა, მომჩივანი იყენებს მცირე მეწარმეების მომსახურეობას სხვადასხვა საქმიანობაში, საქონლის დატვირთვა გადმოტვირთვა და მძღოლის მომსახურეობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს აცნობა ნაშთების შესახებ. ამასთან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე ჩეკი ამობეჭდილია 50 000 ლარის ღირებულების საქონელზე. ამასთან, კონსიგნაციითაც გაიცა საქონელი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, არც ინვენტარიზაციის თარიღამდე და არც შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკლისზე ჩეკის ამობეჭდვა არ განხორციელებულა. ვინაიდან ინვენტარიზაციის შედეგები დაიდო იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციის სავადო თარიღამდე, შემოწმების მიერ გამოვლენილი დანაკლისი მომჩივანმა დაადეკლარირა 2025 წლის იანვრის თვეში (შესამოწმებელი პერიოდი იყო 1.01.2025 წლამდე), რაც არ იქნა გათვალისწინებული. არაერთხელ იქნა გადამოწმებული საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელთან. როგორც ფქვილის, ასევე, სხვა კატეგორიის პროდუქციის ფასნამატი აღებული იყო გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციიდან. ასევე, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გათვალისწინებულია ფულის მოძრაობაში.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა სასურსათო ნაწარმით ვაჭრობა. ინვენტარიზაციის შედეგად, დადგინდა სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით 47 126 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის ფასნამატი განისაზღვრა 10%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო ფასნამატი იყო 7% (დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა მთლიანი ბრუნვის 21%-ს). რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ჩაიშალა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო ისეთ კატეგორიაზე, რომელზეც დოკუმენტური ფასნამატი ვერ დადგინდა, გავრცელდა ინვენტარიზაციის ფასნამატი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის გათვალისწინებით, ჩატარდა ნაღდი ფულის ფულის მოძრაობის ანალიზი. ფულის შემოსავლისა და გასავლის შეპირისპირების შედეგად გამოვლინდა ფულადი დანაკლისი. აღნიშნული დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);159(1);164(1);101(1):154(1):