ბრძანება N 32978
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32978
26 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 8 ივნისის და 21 დეკემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 და 21 დეკემბრის სხდომებზე (ოქმი №127, ოქმი №132) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №20539/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ „----------“ (ს/ნ 28001021456) №98059/21 საჩივარი და 21 დეკემბრის №217954/21 დაზუსტებული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №056-18 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატი არ შეესაბამება გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აღნიშნავს, რომ სმფ-ების ფაქტიური ინვენტარიზაციის ჩატარების დროს პირი არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო სმფ-ების ფაქტიური ნაშთი, ოქმის შედგენის მომენტისთვის, სავარაუდოდ შეადგენდა 35 000 ლარს, ამასთან, დღეისთვის საქონლის ნაწილი დაყადაღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ. ითხოვს საქმის ხელახალ შესწავლას. საჩივარს თან ურთავს დოკუმენტებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №7737 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 3 ნოემბრის №056-85 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2021 წლის 21 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ,,----------“ (პ/ნ ----------) 2021 წლის 21 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №7737 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 147 407 ლარი, მათ შორის, გადასახადი 98 311 ლარი და ჯარიმა 49 096 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 აპრილის №056-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 23 ივნისის №14538 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 28 ნოემბრის №20539/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №14538 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში, შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, გადამხდელმა ექსელის ფაილის სახით წარმოადგინა დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები. წარმოდგენილ ფასნამატის გაანგარიშებაში მოცემული საქონლის თვითღირებულება არ ედრება საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილ საქონლის თვითღირებულებას. ამასთანავე, გადამხდელის მიერ ასახული თვითღირებულების სისწორის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეიცვალა შემოწმების პროცესში დადგენილი, თითოეული დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამის შეძენებთან გაკეთებული დაკავშირებები, დაზუსტდა საქონლის სახეობებთან დაკავშირებები, შედეგად, შემცირდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი და საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით შესწავლილ იქნა 2019 წლის ტრანსპორტირების დამადასტურებელი ინვოისები, რომლის გათვალისწინებაც მოხდა 2019-2020 წლებში რეალიზებული მეორადი საბურავების თვითღირებულებაში. შესაბამისად, გაიზარდა 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით გასათვალისწინებელი ხარჯი. ამასთანავე, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის შესაბამისად შემოსავლები გადანაწილებული იყო დღგ-ის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად და შემოწმებით განსაზღვრული იყო შესაბამისი წლიური სმფ-ების ნაშთები, გადაანგარიშებით ფასნამატის ცვლილებამ გამოიწვია სმფ-ების ნაშთების ოდენობების ცვლილებაც. გადაანგარიშებით გადამხდელს ჯამურად შეუმცირდა 147 407 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომ 2017-2018 წლებში რეალიზებულ საქონელზე შემოწმებით გამოყენებულია 90%-იანი ფასნამატი, ხოლო მეწარმის ფასნამატი რეალურად შეადგენდა 40%-ს, ზოგიერთ საქონელზე - 10-12%, ხოლო საბითუმოდ რეალიზებული საქონელზე - 20-25%-ს. ამასთან, ფინანსური პრობლემების გამო პირი საქონლის რეალიზაციას ახდენდა დაბალი ფასნამატით და აღნიშნულზე, ბუღალტრის რჩევის გათვალისწინებით, შედგენილი აქვს შესაბამისი ბრძანებები. ასევე, სმფ-ების ფაქტიური ნაშთი ინვენტარიზაციის ოქმის შედგენის მომენტისთვის სავარაუდოდ, შეადგენდა 35 000 ლარს, ხოლო დღეისთვის საქონლის ნაწილი დაყადაღებულია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის და სმფ-ების ნაშთების შესახებ). დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ „----------“ (ს/ნ 28001021456) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის და სმფ-ების ნაშთების შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული დოკუმენტების) გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №7737 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 3 ნოემბრის №056-85 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადამხდელის 2021 წლის 21 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში, შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, გადამხდელმა ექსელის ფაილის სახით წარმოადგინა დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები. წარმოდგენილ ფასნამატის გაანგარიშებაში მოცემული საქონლის თვითღირებულება არ ედრება საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილ საქონლის თვითღირებულებას. ამასთანავე, გადამხდელის მიერ ასახული თვითღირებულების სისწორის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეიცვალა შემოწმების პროცესში დადგენილი, თითოეული დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამის შეძენებთან გაკეთებული დაკავშირებები, დაზუსტდა საქონლის სახეობებთან დაკავშირებები, შედეგად, შემცირდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი და საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით შესწავლილ იქნა 2019 წლის ტრანსპორტირების დამადასტურებელი ინვოისები, რომლის გათვალისწინებაც მოხდა 2019-2020 წლებში რეალიზებული მეორადი საბურავების თვითღირებულებაში. შესაბამისად, გაიზარდა 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით გასათვალისწინებელი ხარჯი. ამასთანავე, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის შესაბამისად შემოსავლები გადანაწილებული იყო დღგ-ის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად და შემოწმებით განსაზღვრული იყო შესაბამისი წლიური სმფ-ების ნაშთები, გადაანგარიშებით ფასნამატის ცვლილებამ გამოიწვია სმფ-ების ნაშთების ოდენობების ცვლილებაც. გადაანგარიშებით გადამხდელს ჯამურად შეუმცირდა 147 407 ლარი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომ 2017-2018 წლებში რეალიზებულ საქონელზე შემოწმებით გამოყენებულია 90%-იანი ფასნამატი, ხოლო მეწარმის ფასნამატი რეალურად შეადგენდა 40%-ს, ზოგიერთ საქონელზე - 10-12%, ხოლო საბითუმოდ რეალიზებული საქონელზე - 20-25%-ს. ამასთან, ფინანსური პრობლემების გამო პირი საქონლის რეალიზაციას ახდენდა დაბალი ფასნამატით და აღნიშნულზე, ბუღალტრის რჩევის გათვალისწინებით, შედგენილი აქვს შესაბამისი ბრძანებები. ასევე, სმფ-ების ფაქტიური ნაშთი ინვენტარიზაციის ოქმის შედგენის მომენტისთვის სავარაუდოდ, შეადგენდა 35 000 ლარს, ხოლო დღეისთვის საქონლის ნაწილი დაყადაღებულია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის და სმფ-ების ნაშთების შესახებ). დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).