ბრძანება № 29570

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.11.2023
№ დოკუმენტი 29570
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 29570

29 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 3 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 3 ნოემბრის №84643/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №007-260 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ შენობის დემონტაჟის მომსახურების თაობაზე დადებული ხელშეკრულების ღირებულების, 9000 ლარის, სრულად დაბეგვრას. აცხადებს, რომ დამკვეთმა, (შპს ,,-----------“), საწყის ეტაპზე აანაზღაურა მომსახურების საფასურის ნაწილი, 4500 ლარის ოდენობით, რაც შპს ,,---------“ მიერ დაბეგრილია კანონმდებლობს შესაბამისად, მაგრამ შემდეგ, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული გაუგებარი პრეტენზიების გამო, დამკვეთმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და დარჩენილი თანხა არ აუნაზღაურებია.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ სმფ-ების რეალიზაციით მიღებული თანხის ოდენობას. განმარტავს, რომ შპს ,,-----------“ ერთ-ერთი სამონტაჟო პროექტის ფარგლებში შეიძინა 35 822 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა და საწარმო იძულებული გახდა, დამატებითი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, აღნიშნული სმფ-ები გაეყიდა ფიზიკურ პირებზე, რომლის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ შეადგინა 24 250 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). გადამხდელი გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს ინფორმაცია რეალიზებული სმფ-ების და მყიდველი ფიზიკური პირების იდენტიფიცირებით.

3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის 11 572 ლარის ოდენობას. მომჩივნის განცხადებით, ვინაიდან შპს ,,------------“ სმფ-ების რეალიზაცია მოახდინა ღირებულებაზე ნაკლებ ფასად 24 250 ლარად, ნაცვლად შემოწმებით დაფიქსირებული 35 822 ლარისა, შესაბამისად, საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა.

მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №007-260 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და ფაქტობრივად არსებული მონაცემების მიხედვით, შემოწმების შედეგად, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას (შემცირებას).

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივლისის №18159 და 2023 წლის 26 სექტემბრის №23500 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 14 სექტემბრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისათვის 2023 წლის 17 აგვისტომდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ოქტომბრის №24520 ბრძანება და ამავე თარიღის №007-260 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 15 133 ლარი, მათ შორის, გადასახადი 9 501 ლარი, ჯარიმა 4 751 ლარი და საურავი 881 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს ,,----------“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სხვა სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება შენობანაგებობების დემონტაჟის მომსახურების გაწევა. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივი ადგილია ქალაქი ------------. გადასახადის გადამხდელს 2022 წლის დეკემბრის თვის შემდგომ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი ოპერაცია არ უფიქსირდება

1. შემოწმებით დადგინდა, რომ შპს ,,---------“ დამკვეთთან (შპს ,,----------“) 2021 წლის 12 ნოემბერს დადებული აქვს ხელშეკრულება, შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებით, დემონტაჟის მომსახურების შესრულებისთვის, განსაზღვრულია ანაზღაურება 9 000 ლარის ოდენობით. მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია დამკვეთისგან. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით: შპს ,,---------“ დამკვეთისათვის (შპს ,,----------“) 2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გაწეული აქვს სამშენებლო ობიექტის დემონტაჟის მომსახურება. შპს ,,---------“ აღნიშნული ოპერაციის მიხედვით, ავანსის სახით, 2021 წლის ნოემბრის თვეში, დაბეგრილი აქვს მხოლოდ წინასწარ მიღებული ანაზღაურება 4 500 ლარის ოდენობით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულების შესაბამისად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი 686 ლარის ოდენობით და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება მიღებული სასაქონლო-ზედნადებებით დადასტურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაზიდვები, რომელთა დასრულების ადგილი არის ქალაქი ------- და ------- რაიონი. 2023 წლის 16 აგვისტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული სმფ-ის ნაშთი არ უფიქსირდება, ამასთან საწარმო არ ფლობდა საწყობს ან სხვა ფართს საქონლის შესანახად. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს შესაბამისი დამატებული ღირებულების გადასახადი. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო-სარემონტო მასალებისგან შემდგარი სმფ რეალიზებულია, თუმცა არ გააჩნიათ რეალიზაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. შემოწმებამ იხელმძღვანელა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვები, შესაბამისი თვეების მიხედვით, შეძენის ღირებულებების მიხედვით, დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმებით, საწარმოს ჩაუტარდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით გამოვლენილი თანხა შეუდარდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ მონაცემს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის შესახებ. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა,11 572 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე, ---------- (პ/ნ ---------) გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, დარიცხულ იქნა კუთვნილი გადასახადი 2 893 ლარის ოდენობით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგდასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგდასახადო კოდექსის 1601 მუხლის თანახმად მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, კერძოდ, შპს ,,--------“ დამკვეთთან (შპს ,,--------“) 2021 წლის 12 ნოემბერს დადებული აქვს ხელშეკრულება, შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება განსაზღვრულია 9000 ლარის ოდენობით. მომსახურების გაწევის ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, შემოწმების მიერ დამკვეთისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის პასუხად ირკვევა, რომ შპს ,,--------“ დამკვეთისათვის 2021 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გაწეული აქვს სამშენებლო ობიექტის დემონტაჟის მომსახურება. აღნიშნული ოპერაციის მიხედვით, ავანსის სახით, 2021 წლის ნოემბრის თვეში, დაბეგრილი აქვს მხოლოდ წინასწარ მიღებული ანაზღაურება 4 500 ლარის ოდენობით. შედეგად, შემოწმებით, პირს, ხელშეკრულების საფუძველზე, გამოუვლინდა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება მიღებული სასაქონლო-ზედნადებებით დადასტურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაზიდვები, რომელთა დასრულების ადგილი არის ქალაქი -------- და ------- რაიონი. იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული სმფ-ის ნაშთი არ უფიქსირდება, საწარმო არ ფლობდა საწყობს ან სხვა ფართს საქონლის შესანახად, ამასთან, გადამდელის განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო-სარემონტო მასალებისგან შემდგარი სმფ რეალიზებულია, თუმცა არ გააჩნიათ რეალიზაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა შეძენის ღირებულებების მიხედვით და შესაბამისად, დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად შემოწმებით გამოვლენილი თანხა შეუდარდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის შესახებ მონაცემს, რომელთა შორის გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის გადამხდელის მიერ მოწოდებულ მონაცემთან შედარებისას გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ შენობის დემონტაჟის მომსახურების თაობაზე დადებული ხელშეკრულების ღირებულების სრულად დაბეგვრას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ სმფ-ების რეალიზაციით მიღებული თანხის ოდენობას.

3.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანის, საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სხვა სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება შენობანაგებობების დემონტაჟის მომსახურების გაწევა. შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 ნოემბერს დადებული აქვს ხელშეკრულება, შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული ოპერაციის მიხედვით, ავანსის სახით, 2021 წლის ნოემბრის თვეში, დაბეგრილი აქვს მხოლოდ წინასწარ მიღებული ანაზღაურება. გადასახადის გადამხდელს დამატებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულების შესაბამისად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

2.შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება მიღებული სასაქონლო-ზედნადებებით დადასტურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაზიდვები. 2023 წლის 16 აგვისტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული სმფ-ის ნაშთი არ უფიქსირდება.შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს შესაბამისი დამატებული ღირებულების გადასახადი. შემოწმებით დამატებით გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვები, შესაბამისი თვეების მიხედვით, შეძენის ღირებულებების მიხედვით, დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

3.შემოწმებით, საწარმოს ჩაუტარდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით გამოვლენილი თანხა შეუდარდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ მონაცემს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობის შესახებ. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა

დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.შედეგად, დარიცხულ იქნა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159(1);1601(1);163(1);164(1);73(9);101(1);154(1);