გადაწყვეტილება №20941/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20941/2/2023
06 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ "-------")
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 29.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20941/2/2023).
დავის საგანი:
1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა;
2. მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების მართლზომიერება და შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №CB1480945
სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023
წლის 31 მარტის №6683 ბრძანება და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების
შესახებ №815428 ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 სექტემბრის №22652 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
2023 წლის 16 ივლისს მომჩივანმა საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების, 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმისა და 2023 წლის 19 ივნისის №CB1480945 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის და 30 აგვისტოს სხდომებზე. შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22652 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო - სალარო აპარატის გამოუყენებლობა
ფაქტების აღწერა
2023 წლის 19 ივნისს მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანებით განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის პროცედურის შედეგად, მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №CB1480945 სამართალდარღვევის ოქმით, საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად შეეფარდა გაფრთხილება საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 273-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ: მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.
დადგენილია, რომ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტზე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22652 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა. ამავე ბრძანებით მომჩივანს განემარტა მიღებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, საბჭოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის საგანი სცილდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს განსჯად საკითხებს, სახეზეა საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2. მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების მართლზომიერება და შედეგები
ფაქტების აღწერა
2023 წლის 16 ივლისს მომჩივანმა საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების პირველი პუნქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ბრძანება მოიცავდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურას. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის (საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების, საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა და სხვა) ფაქტის გამოვლენის მიზნით.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და საჩივრდება დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარზე მიღებული უარის გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან ერთად საჩივრდება ყველა ის ადმინისტრაციული აქტი, რაც წარმოადგენს სადავოს და საჩივრდებოდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურში დავის განხილვაზე არ იყო მიწვეული და ჩატარდა მათი მონაწილეობის გარეშე. ეს ფაქტი აღსანიშნავია იმიტომ, რომ ფაქტობრივად შემოსავლების სამსახურში არ განხილულა მათი არგუმენტები და გადაწყვეტილებაში არ არის მათზე არგუმენტირებული პასუხი.
გადაწყვეტილებაში მხოლოდ ერთი ფრაზითაა აღნიშნული, რომ „მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში ასევე მითითებული აქვს ვრცელი არგუმენტები, თუ რატომ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა არამართლზომიერად და აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას“ (ბრძანების მე-2 გვერდი, 1-ლი აბზაცი).
ამას გარდა 15.09.2023 წლის N22652 ბრძანებაში მოხსენიებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება, რომელიც გადამხდელს არ ჩაბარებია და დღემდე მათთვის ხელმიუწვდომელია. ამდენად სადავო საკითხები და სადავო აქტები განხილული იქნა მათი მონაწილეობის გარეშე, არგუმენტაციის განუხილველად და ისე, რომ თვითონ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტიც არ ჩაბარებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარზე გადაწყვეტილება მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უხეში დარღვევით და შესაბამისად 15.09.2023 წლის N 22652 ბრძანება ექვემდებარება ბათილობას.
გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ ოქმებს არ ეთანხმება და ასაჩივრებს შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს „------- “-მა 2023 წლის 19 ივნისს ელექტრონულად მიიღო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის სერია №CB1480945 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი N 815428.
აღსანიშნავია, რომ ორივე ოქმში საფუძვლად მითითებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის N 6683 ბრძანება, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ოქმების შედგენისას არ ჰქონდათ, გადამხდელისთვის არ წარმოუდგენიათ და დღემდე მათთვის უცნობია მისი რეალური შინაარსი.
ითხოვს აღნიშნული ბრძანების მომჩივნისთვის გადაცემას.
საგადასახადო ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია თითქოსდა მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის და სანქციის სახით შეფარდებულია გაფრთხილება.
ამასთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის N 6683 ბრძანების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმების გაცნობისას მათში ამოკითხვის შედეგად და ისე საჩივრდება, რომ გადასახადის გადამხდელს ფიზიკურად არც ჩაბარებია და არც გაცნობია. საგადასახადო ორგანომ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და არც მატერიალური ფორმით და არც ელექტრონულად (პორტალზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე) აღნიშნული ბრძანება არ ჩაბარებია მეწარმეს.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის №6683 ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული 19.06.2023 წლის სერია №CB1480945 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი N 815428 წარმოადგენს არაკანონიერს და ექვემდებარება ბათილობას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სამართლებრივ-პროცესუალური არაკანონიერება
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ დარღვეულია მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების კერძოდ კი საკონტროლო შესყიდვის პროცედურა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად პირველ რიგში აუცილებელია არსებობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონტროლის განხორციელების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია არსებობდა თუ არა ასეთი აქტი, ბრძანება, რადგანაც საგადასახადო ორგანოს ოფიცრებს ის არ წარმოუდგენიათ.
შედგენილ ოქმებში მითითებულია 31.03.2023 წლის N 6683 ბრძანება, რომელსაც ასაჩივრებს, რადგანაც არ არსებობს ალბათობა იმისა, რომ ეს ბრძანება წარმოადგენდეს ინდივიდუალურს და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გამოცემულს. ამდენად მისი მოქმედება მის მიმართ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის N 994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად:
„კონტროლის განხორციელების თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს: თ) გადასახადის გადამხდელის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, იურიდიულ ან/და ფაქტობრივ მისამართს;“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ გადასახადის გადამხდელთა მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ" ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემთა ნაცვლად, შესაძლებელია მიეთითოს იმ სამოქმედო ტერიტორიის დასახელება (კონკრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი მითითებით), სადაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროცედურა.
როგორც ირკვევა 31.03.2023 წლის N6683 ბრძანება გამოცემულია ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის უხეში დარღვევით, რადგანაც არ არის მითითებული კონკრეტული ქუჩა ან უბანი.
შემოსავლების სამსახურს ამ საკითხზე არ უმსჯელია და შესაბამისად გადაწყვეტილებაც არაკანონიერია.
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონტროლის განხორციელების თაობაზე. ასევე, ამავე ინსტრუქციის მე-12 მუხლის (საკონტროლო შესყიდვის პროცედურა) მე-7 პუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისთანავე გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ.
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს ასეთი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი არ წარუდგენიათ. მათ გადამხდელს წარუდგინეს მხოლოდ ზოგადი ბრძანება - 31.03.2023 წლის N 6682. აღნიშნული ბრძანება კი გამოცემულია სხვა კონტროლის ღონისძიებისათვის, კერძოდ: დათვალიერების ჩატარების შესახებ, ხოლო უდავოა ის ფაქტი, რომ დათვალიერების შესახებ ბრძანების საფუძველზე, საკონტროლო შესყიდვის განხორციელება დაუშვებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა არაკანონიერად, ვინაიდან არ არსებობდა აღნიშნულზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ხოლო თუ არსებობდა დარღვეულია მისი სავალდებულოდ წარმოდგენის წესი.
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შედგენილი, ზემოაღნიშნული გასაჩივრებული ოქმები უპირობოდ ექვემდებარება ბათილობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა.
2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება.
3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას შესაძლებელია გამოვიდეს, როგორც ფსევდომომხმარებელი. საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია ამ მიზნით მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელ პირზე გასცეს ფსევდოდოკუმენტები.
4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.
5. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.
მომჩივანი საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს „------“-მა 2023 წლის 19 ივნისს ელექტრონულად მიიღო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის №CB1480945 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი N 815428.
აღსანიშნავია, რომ ორივე ოქმში საფუძვლად მითითებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის N 6683 ბრძანება, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ოქმების შედგენისას არ ჰქონდათ, გადამხდელისთვის არ წარმოუდგენიათ და დღემდე მათთვის უცნობია მისი რეალური შინაარსი. ითხოვს აღნიშნული ბრძანების მომჩივნისთვის გადაცემას.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმის გასაჩივრების ნაწილში, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი, პირველი დავის საგნის (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №CB1480945 სამართალდარღვევის ოქმი) ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22652 ბრძანება;
3. საჩივარი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმის გასაჩივრების ნაწილში, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.
გადამხდელი მიიჩნევს,რომ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა არაკანონიერად, ვინაიდან არ არსებობდა აღნიშნულზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ხოლო თუ არსებობდა დარღვეულია მისი სავალდებულოდ წარმოდგენის წესი.
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შედგენილი, ზემოაღნიშნული გასაჩივრებული ოქმები უპირობოდ ექვემდებარება ბათილობას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.2023 წლის 19 ივნისს მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანებით განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის პროცედურის შედეგად, მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №CB1480945 სამართალდარღვევის ოქმით, საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად შეეფარდა გაფრთხილება საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
2.2023 წლის 16 ივლისს მომჩივანმა საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმის თაობაზე.
გადაწყვეტილება
1., საბჭოს მიაჩნია, რომ მოთხოვნის საგანი სცილდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს განსჯად საკითხებს, სახეზეა საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმის გასაჩივრების ნაწილში, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
258,259,281(3)